კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შესაძლოა, გლეხები საძოვრების გარეშე დარჩნენ

27 დეკემბერი, 2006

smtebi.gifპარლამენტის აგრალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტით, საძოვრების პრივატიზება შესაძლებელი ხდება. გლეხებს აღნიშნული ინიციატივა არ მოსწონთ, რადგან მათ პრივატიზებისთვის საჭირო თანხა არ გააჩნიათ. თუ ისინი საძოვრების გარეშე დარჩნენ, იძულებულები გახდებიან საქონელი გაწყვიტონ და ბარში გადასახლდნენ.

კანონში „სასოფლო სამეურნეო მიწების პრივატიზების შესახებ“ შესატანი ცვლილები უკვე მზადაა. აგრარულ საკითხთა კომიტეტში მის განხილვას უხმაუროდ არ ჩაუვლია. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით უკმაყოფილება პარლამეტის წევრმა ჯუმბერ პატიაშვილმა გამოთქვა. მისი თქმით, კანონპროექტის მიღება მთის დაცლას და პროდუქციის გაძვირებას ნიშნავს: „საძოვრების პრივატიზებასთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია გამაჩნია. ეს გლეხობას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ამ ეტაპისთვის მათ საძოვრებთან დაკავშირებით პრობლემები ისედაც აქვთ, მათი პრივატიზება კი გლეხებს კიდევ უფრო დააზარალებს. საძოვრებს ყველა ვერ შეიძენს. ვინც შეიძენს - საკუთარ წესებს შემოიღებს, ასეთ პირობებში გლეხები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მაშინ, როცა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სოფლებში მოსახლეობის შენარჩუნებაა, მსგავსი ცვლილებების  მიღება ეფექტური არ იქნება.“

საძოვრების პრივატიზაციას არც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მარინა მოლოდინი იწონებს. დეპუტატი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“  საუბრისას აცხადებს, რომ მის რაიონში საძოვრების პრობლემა დღესაც სერიოზულად დგას, მათი პრივატიზების შემთხვევაში კი გლეხებს სოფლად აღარ დაედგომებათ.

მარინა მოლოდინი: „დუშეთის რაონისთვის საძოვრების პრობლემა დიდი ხანია დაიწყო. ჩვენი რაიონისთვის საზამთრო საძოვრები ყიზლარში იყო. რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის შემდეგ კი ეს ტერიტორია რუსეთის ხელში ამოჩნდა. ბარის საძოვრებს რაც შეეხება, ისინი ბობოლა ხალხის ხელშია მოქცეულია. ამიტომ, თითო სული საქონლის საძოვარზე გაყვანისთვის გლეხები გარკვეულ თანხას იხდიან, რაც მთის მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება. თუ მთის შენარჩუნება გვინდა, მაშინ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთიელი კაცისთვის მთავარია მიწა, საძოვრები და საქონელია. თუ მათ ამ არტერიას გადავუჭრით, დამერწმუნეთ, მთა მთლიანად დაგვეცლება და საშინელი მიგრაცია დაიწყება.“

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებას აკეთებს საპარლამენტო ოპოზიციაც. როგორც „მემარჯვენე“ დავით საგანელიძემ გვითხრა, მისთვის გაურკვეველია, უმრავლესობამ აღნიშნული ინიციატივა ასეთი სასწრაფო წესით რატომ „შეაპარა“: „ზოგადად, პრივატიზების მომხრე ვარ. მაგრამ, ყველაფრის პრივატიზება არ შეიძლება. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება საძოვრები, რომელიც საერთო სარგებლობისაა. გლეხის ერთადერთი საშუალება საქონლის სოფლის მიმდებარე საძოვარზე გაყვანაა. ასეთ საძოვრებს საერთო სარგებლობის საძოვრები ჰქვია. როცა საძოვრების პრივატიზებაზე ვსაუბროთ, ეს საერთო სარგებლობის საძოვრებს არ უნდა შეეხოს“.

შემოთავაზებულ ცვლილებებს ლოგიკურსა და დასაბუთებულს უწოდებს რეგიონული მართვისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი. ის ირწმუნება, რომ აღნიშნული ცვლილებებით გლეხებს პრობლემები არ შეექმნებათ: „კანონპროექტში საუბარია, რომ საძოვრების პრივატიზება ისევე მოხდეს, როგორც ყველა სხვა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის. ცვლილება ლოგიკური და დასაბუთებულია იმ შემთხვევაში, როცა საქმე იჯარით გაცემულ საძოვრებს ეხება, ვინაიდან 49 წლიანი იჯარა იგივეა, რაც გასხვისება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ცვლილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.“

კუბლაშვილი ირწმუნება, რომ ცვლილებები საერთო სარგებლობის საძოვრებს არ შეეხება. მისივე თქმით, გარკვეული ფორმულირებები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია და იმედი აქვს, რომ გლეხებს პრობლემები არ ექნებათ.

ფერმერების თქმით, თუ საძოვრები გაიყიდა, ისინი მთაში ვეღარ გაჩერდებიან: „ზუსტად ვერ გავიგე, რა უნდათ. ზოგი ამბობს, პრივატიზება საერთო სარგებლობის მიწებს არ ეხებაო, ზოგი ამბობს, ამასაც ეხებაო. ფაქტია, რომ ფერმერების ერთ-ერთი პრობლემა საძოვრებია. 12 სული საქონელი მყავს. ხომ ვერ მეტყვით, რომელ საძოვარზე წავიყვანო ან როგორ გამოვკვებო. თუ საძოვრების პრივატიზება მოხდა, მას ისევ ის ფულიანები ჩაიგდებენ ხელში, რომლებიც ფულის კეთებას შემდეგ ჩვენზე დაიწყებენ“ – ამბობს ფერმერი ბადრი თუაშვილი.

თბილისი, ეკა გულუა

ახალი ამბები