კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში გარემოს დაცვის ინსპექტორები გლეხებზე ნადირობენ

28 დეკემბერი, 2006

shesha.gifუფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლები გარემოს დაცვის ინპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. გდი-ის თანამშრომლები გლეხებს ნაყიდ და ნაჩუქარ შეშას თითქმის ყოველდღიურად ართმევენ და სამართალდამრღვევებს სასამართლოს გადასცემენ. რეგიონის მასშტაბით, ამ მდგომარეობაში მყოფი ასობით გაჭირვებული მოქალაქე, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ყინვას შიშველი ხელებით ებრძვის.

პენსიონერი გუგული ტორიაშვილი შრომისუუნარო მეუღლესთან ერთად გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში ცხოვრობს. იგი პირველი ჯგუფის ინვალიდია და მათი ოჯახის შემოსავალს მხოლოდ პენსია და სიღატაკის დაძლევის პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარება შეადგენს. ტორიაშვილებს საკუთარი სახლი სიძველისგან დაენგრათ და თავს სხვის ბინას აფარებენ: „პურის ფული მოვიკელით, ცოტა შეშა რომ გვეყიდა, მაგრამ ჩემი მეუღლე ავად გახდა და შენახული 20 ლარით წამალი შევიძინეთ. სოფელ ჩუმლაყში ჩემი ძმისშვილი ცხოვრობს. გაიგო, რომ სიცივეში ვიყინებოდით და მითხრა, მეზობელს, რომელიც ტყიდან შეშას ეზიდება, ჩემი ვალი აქვს, ფულის სანაცვლოდ შეშას გამოვართმევ და გაჩუქებთო. შეშის წასაღებად 18 დეკემბერს დაგვიბარა. ჭანდრის ღვინის ქარხნის დირექტორს შევეხვეწეთ, შეშის გადმოსატანად ტრაქტორით დაგვხმარებოდა. ჩუმლაყიდან შეშა რომ მოგვქონდა, პატრულმა გაგვაჩერა. მერე გარემოს დაცვის ინსპექცია გამოიძახეს, მათ კი ოქმი შეადგინეს და ნაჩუქარი შეშა წაგვართვეს. მეუღლეს ოქმზე ხელის მოწერა დაავალეს. ჩემმა მეუღლემ წერა-კითხვა არ იცის, ამიტომ დოკუმენტს ხელი ვერ მოაწერა. შეშა გურჯაანის სატყეო განყოფილების ეზოში დაყარეს. ჩვენს მიერ თითქოსდა გარემოსთვის მიყენებული ზიანი 600 ლარით შეაფასეს და სასამართლოს გადაგვცეს“ - გვიამბობს ელიკო ტორიაშვილი და იქვე დასძენს, რომ მიუხედავად არაერთი თხოვნისა, გარემოს დაცვის ინსპექციის წარმომადგენლებმა მათ შეშის მოჭრის კანონიერების დოკუმენტის წარდგენისათვის დრო არ მისცეს.

„ღრუბელაშვილი აბუჩად მიგდებდა და მიყვიროდა, აბა შენ რა უნდა მოგკითხო, წერა – კითხვაც კი არ იციო. ნაჩუქარი შეშა რომ მომქონდა ერთი სოფლიდან მეორეში, რაიმე საბუთი თუ იყო საჭირო არ ვიცოდი. როცა მოითხოვეს, ვუთხარი მოგიტან მეთქი, მაგრამ გამოგვიცხადა, ვერ დაგიცდითო“ - აღნიშნავს გუგული ტორიაშვილი.

გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს სწრაფი რეაგირების განყოფილების მთავარი სპეციალისტი იაგო ღრუბელაშვილი მოქალაქის ბრალდებებს უარყოფს. იგი ტელეფონით მას შემდეგ დაგვიკავშირდა, რაც მის ხელმძღვანელს დავით უთმელიძეს სამართალდარღვევის ოქმის ქსეროასლი ვთხოვეთ. ღრუბელაშვილმა კატეგორიულად მოგვთხოვა, განგვემარტა, რატომ დავინტერესდით აღნიშნული საკითხით: „რაში გაინტერესებთ გუგული ტორიაშვილის საქმე. თქვენი ნათესავია? არა?... მაშ რატომ იწუხებთ თავს? ჩვენი ქმედება კანონიერია და გირჩევთ, ნურაფერს დაწერთ. ტორიაშვილებს ვერაფრით უშველით. მაგ წერა-კითხვის უცოდინარებს საიდან გადაეყარეთ?“ - გვიყვირა გარემოს დაცვის ინსპექტორმა ღრუბელაშვილმა და ტელეფონი გათიშა.

გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, ბოლო 7 დღის განმავლობაში 10-მდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი აქვს გადაგზავნილი. ოქმს თან ზიანის გაანგარიშების დოკუმენტიც ერთვის.

 „გუგული ტორიაშვილი გარემოს ზიანს იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ მიაყენებდა, რომ მას შეშა თავად არ მოუჭრია. სამართალდამრღვევად შერაცხულ ტორიაშვილს შეშა მისმა ნათესავმა აჩუქა, რომელსაც კანონით გათვალისწინებული, საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128 პრიმა მეორე მუხლის მეოთხე პუნქტში ნათქვამია, რომ „ხე-ტყისა და პირველადი გადამუშავების პროდუქტების ტრანპორტირება ან რეალიზაცია საშეშე მექრნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი ლარიდან სამას ლარამდე, ხე ტყის კონფისკაციით, ან უამისოდ“ - აცხადებს ადვოკატი ლია ხუროშვილი. მისივე თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მითითებულ მუხლში ცვლილება მიმდინარე წლის ზაფხულში შევიდა: „მართალია კანონის არცოდნა დამრღვევს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, მაგრამ ძნელია ინვალიდ ადამიანს, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, მოსთხოვო შეასრულოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. ამიტომ გარემოს დაცვის ინსპექციას ოქმების წერის ნაცვლად ურჩევნია, კონკრეტული ცვლილების შესახებ მედიის საშუალებით ხალხს ინფორმაცია მიაწოდოს. ტორიაშვილი თუ ვერ გაიგებდა, დანარჩენები გაიგებდნენ“ - აღნიშნავს იურისტი.

ოფიციალური ინფორმაციით, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს ჯერ არცერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ განუხილავს. მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის თანაშემწე ნინო ქაჩლიშვილი განმარტავს, რომ მოსამართლეს 2006 წელს დარჩენილ ყველა სამუშაო დღეს პროცესები აქვს ჩანიშნული და გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ შედგენილ ოქმებს 2007 წელს განიხილავს. აქედან გამომდინარე, კახეთის მასშტაბით ასობით გაჭირვებული მოქალაქე ახალ წელს არა მარტო მშიერი, არამედ გათბობის გარეშე შეხვდება და ზამთრის სუსხთან გამკლავება გათოშილი ხელებით მოუწევს.

გელა მთივლიშვილი, კახეთიდან

ახალი ამბები