კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უმისამართო ციხეში უმისამართოდ წვიმს

28 დეკემბერი, 2006

gitter.gif„ეს დაწესებულება ერთი წლის განმავლობაში შენდებოდა და აქ მაქსიმალურადაა დაცულია ყველა  პირობა, როგორც პატიმრებისთვის, ასევე  მომსახურე პერსონალისთვის. მსგავსი საყოფაცხოვრებო პირობები, რაც ამ დაწესებულებაშია, მე სახლშიც კი არ მაქვს,“- ეს განცხადება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქუთაისში, ზუსტად ერთი წლის წინ, 24 დეკემბერს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების პრეზენტაციაზე გააკეთა.

ბაჩო ახალაიას განცხადებიდან სულ რამდენიმე თვეში კი აღნიშნულ დაწესებულებაში არსებულ გაუმართავ ტექნიკურ და საყოფაცხოვრებო პირობებზე საზოგადოება ხმამაღლა ალაპარაკდა.

ქუთაისის საპყრობილეში შექმნილი სავალალო მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველმა საპარლამენტო გამოსვლაშიც ისაუბრა: „ახალ საპყრობილეში პატიმართა გადაყვანა ნაჩქარევად მოხდა. არ იყო დამთავრებული სამშენებლო სამუშაოები. შეუმოწმებელი იყო წყალმომარაგებისა და გათბობის სისტემა. ადმინისტრაციამ პატიმრების გადაყვანა იჩქარა,“- განუცხადა სოზარ სუბარმა საკანონმდებლო ხელისუფლებას.

მიუხედავად არსებული შენიშვნებისა, ქუთაისის #2 საპყრობილეში დღესაც სავალალო მდგომარეობაა: მოშლილია ტექნიკური აღჭურვილობა, საკნებში ისევე წვიმს, როგორც გარეთ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიამ, რომელიც აღნიშნული დაწესებულების პრეზენტაციისთანავე შეიქმნა, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არაერთგზის მიმართა იუსტიციის სამინისტროს. თუმცა, როგორც ირკვევა, უშედეგოდ.

„დღესდღეობით შენობის ტექნიკური მდგომარეობა უმთავრეს პრობლემად დგას. ტექნიკურ გაუმართაობაზე ბევრი სხვა საკითხია დამოკიდებული. თუნდაც, საყოფაცხოვრებო მდგომარეობა. აქ უამრავი შეცდომა თვითონ მშენებლობის დროს დაუშვეს. ფაქტიურად, ეს სამუშაოები თავის დროზე უხარისხოდ ჩატარდა. ამ დაწესებულებაში კედელს ვერ ნახავთ, ბზარი რომ არ ჰქონდეს. ის, რომ შენობაში წვიმს და მოშლილია საშხაპეები, პრობლემას უქმნის არა მხოლოდ პატიმრებს, არამედ თვითონ ადმინისტრაციასაც. არამგონია ვინმეს სურდეს ციხეში ხელოვნურად შეიქმნას უარყოფითი მუხტი, რომელმაც მომავალში შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს,“- აცხადებს საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის თავმჯდომარე მანანა მანაგაძე.

საკნებში არსებულ სავალალო მდგომარეობას პატიმრების ახლობლებიც უჩივიან. 14 წლის პატიმრის დედა ამბობს, რომ ურჩევნია მისი შვილი საზღვარგარეთ იხდიდეს სასჯელს და წლობით ვერ ნახულობდეს, ვიდრე აქვე, ქუთაისის ციხეში ჰყავდეს, თავზე აწვიმდეს და ნაგავში იხრჩობოდეს: „ციხეში შესაგზავნ ამანათებს ათასნაირად ამოწმებენ და საათობით გვიწევს რიგში დგომა. გახსნან ციხეში ერთი სასურსათო მაღაზია და იქიდან შეიტანონ პროდუქტი. ეს გაცილებით გააიოლებს საქმეს და კანფეტის და სიგარეტის ფურცელ-ფურცელ დახსნა აღარ დასჭირდებათ,“- ამბობს მარინა ნინიძე.

საპყრობილეში მაღაზიის არსებობაზე, როგორც ირკვევა, ჯერჯერობით ფიქრიც ზედმეტია. ქუთაისის #2 საპყრობილეს დღემდე არ გააჩნია იურიდიული მისამართი, რაც თავისთავად ათასგვარ პრობლემას წარმოშობს. „ეს სერიოზული დარღვევაა, რომლის თაობაზეც ჩვენ არაერთხელ მივწერეთ იუსტიციის სამინისტროს და არცერთხელ პასუხი არ მიგვიღია. დედამიწის ზურგზე არავინ იცის რა ნომერია შენობა, რომელშიც 1500-მდე პატიმარი იმყოფება. ჩვენ ურთიერთთანამშრომლობა გვსურს როგორც საპყრობილის ადმინისტრაციასთან, ასევე იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან“ - აცხადებს საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის წევრი ირაკლი ჯულაყიძე.

როგორც ჩანს, ქუთაისის საპყრობილის პრობლემების დასაბამი შენობის მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობაა. ამ უკანასკნელისთვის თვალიც არავის მოუკრავს. სპეციალისტების განმარტებით, ამ დოკუმენტის გარეშე შენობა, რომლის აგებაც სახელმწიფოს 11 200 000 ლარი დაუჯდა, ექსპლუატაციაში არ უნდა გასულიყო: „მორიგი მონიტორინგის დროს არასრულწლოვანთა განყოფილებაში ვიყავით შესული და ერთ-ერთ საკანში ისე წვიმდა, როგორც გარეთ. პატიმრებს ცალ ხელში ჯამი ეჭირათ, რომლითაც წყალს აკავებდნენ, ცალი ხელით კი ულუფას მიირთმევდნენ. ეს შენობა ფაქტიურად თავიდანაა ასაშენებელი,“- აცხადებს მანანა მანაგაძე.

მიმდინარე წლის ბოლო ანგარიშს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისია იუსტიციის სამინისტროს 29 დეკემბერს წარუდგენს. შენიშვნები და რეკომენდაციები უცვლელია: დახურული ჭერი, წყალი და ელემენტარული, ადამიანური პირობები.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

ახალი ამბები