კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაღაზიიდან გაძევებულები დახმარებას პრეზიდენტს სთხოვენ

29 დეკემბერი, 2006

cignebi.gifრუსთაველის #28-ში მდებარე მაღაზია "საუნჯე"-ს მფლობელებს ფართი იძულების წესით დააცლევინეს. მართალია, მათ საპროტესტო აქციაც კი გამართეს, თუმცა, უშედეგოდ. საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ თანამშრომლები იძულებელები გახდნენ, ეკონომიკის სამინისტროს მითითება ერთ საათში შეესრულებინათ.  

რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროსა და მაღაზიას შორის დაპირისპირებას, ის დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყო. ისტორია კი ასეთია: „საუნჯე“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ „სონი" ცენტრსა და კაფე „რუსთაველში" ფინანსური პოლიცია შევიდა და შენობები დალუქა. მიზეზად „სონი" - ში განუბაჟებელი ინვენტარის არსებობა დაასახელეს, კაფეში კი თანხების დამალვა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ აღნიშნულის მიზეზი არა ფინანსური დარღვევები, არამედ ტერიტორიით დაინტერესება ყოფილა.

ამის დადასტურება ის იყო, რომ ცოტა ხანში როგორც კაფე, ისე „სონი" ცენტრიც გაიხსნა, თუმცა ერთი პირობით - ცენტრს აღნიშნული ფართი უნდა გაეთავისუფლებინა და სხვაგან გადასულიყო. ეკონომიკის სამინიტრომ მას ამ ტერიტორიის სანაცვლოდ კი იქვე მდებარე "საუნჯე" შესთავაზა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მაღაზიის თანამშრომელთა პროტესტი მოყვა.

ისინი შენობის დაცლას არ აპირებდნენ, თუმცა აიძულეს, ეს სასწრაფო წესით გაეკეთებინათ. ათობით წლებია, აღნიშნულ მაღაზიაში  საკანცელარიო ნივთები და წიგნები იყიდებოდა. როგორც "საუნჯეს" დირექტორი შოთა ბერიძე აცხადებს:  „ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები მაღაზიაში არაკანონიერად და ყაჩაღურად შემოცვივდნენ და მომსახურე პერსონალს წყალი გადაუკეტეს. მაღაზია უკვე გაყიდულია. ის „სონი"-სა და კაფე „რუსთაველის" ყოფილმა მფლობელმა, კერძო პირმა მზია კაკაბაძემ იყიდა. თავისი კუთვნილი ტერიტორია კი სახელმწიფოს აჩუქა."

მაღაზიის პერსონალი ინვენტარის დასაცლელად ეკონომიკის სამინისტროსგან ერთთვიან ვადას ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვდა. მათ წერილი საქართველოს პრეზიდენტსაც კი მისწერეს. „ბატონო პრეზიდენტო, უმორჩილესად გთხოვთ. წიგნის მაღაზიას „საუნჯე“ ალტერნატიული ფართი გამოუყოთ“-  ეს არის მათი ერთადერთი მოთხოვნა.   

ეკონომიკის მინისტრის გიორგი არველაძის განცხადებით კი: „მაღაზია „საუნჯე" სახელმწიფოს საკუთრებაა და მას ხელისუფლება ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენებს. ამ ობიექტში დასაქმებულმა ადამიანებმა წლების განმავლობაში საკუთრების დარეგისტრირება ვერ მოახდინეს, რაც იმას ნიშნავს რომ აღნიშნული შენობა მათ არ ეკუთვნით. სახელმწიფოს ინტერესს მათთვის ქონების წართმევა კი არა, ბიზნესის ხელშეწყობა და სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს."  '      

„საუნჯე“-ს თანამშრომლები ეკონომიკის სამინისტროს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. „ეკონომიკის სამინისტროში ტყუილი განაცხადეს იმის შესახებ, რომ ჩვენ თურმე ამ შენობაში 40 წელი უკანონოდ ვიმყოფებოდით. ჩვენი ამ ტერიტორიაზე ყოფნა ლეგალურია და თუ ვინმე დაინტერესდება ამის დამამტკიცებელი ყველა დოკუმენტის ჩვენება შეგვიძლია, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ეს არავის აინტერესებს“ -  ამბობს მერი ჩხეტია.

თანამშრომლების კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ მათ წიგნების  მომწოდებლებს თანხა უნდა გადაუხადონ. არადა, თუ წიგნების გაყიდვის საშუალება არ ექნებათ, თანხასაც ვერ გადაიხდიან. 

მათ საკანცელარიო საქონელი სახლებში წაიღეს. „საუნჯე“-ს ყოფილი დირექტორი შოთა ბერიძე აცხადებს, რომ გასაყიდი პროდუქციის საერთო ღირებალება 350 000 ლარია. ამავე მაღაზიის ყოფილი თანამშრომლის ბექა ღარიბაშვილის თქმით: „სარეალიზაციოდ განკუთვნილი წიგნები მაღაზიაში 3000 დისტრიბუტორს ჰქონდა ჩაბარებული. აღწერის ჩატარებაც კი არ გვაცალეს. რაიმე რომ დაიკარგოს დისტრიბუტორებს პრეტენზია ჩვენთან ექნებათ."    

ეკონომიკის სამინისტოში აცხადებენ რომ „საუნჯეს“ ფართი „სონის“ უნდა გადაეცეს.

ამჟამად დავა „სონისა“ და ეკონომიკის სამინისტროს შორის გრძელდება, რადგან „სონის“ კანონიერი უფლება აქვს, 2015 წლამდე არსებულ ტერიტორიაზე დარჩეს. „სონის“ ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ არსებობს ხეკშეკრულება ცენტრსა და იუსტიციის სამინისტროს შორის (რომლის პირველ სართულზეც ცენტრი მდებარეობდა), რომლის მიხედვითაც ცენტრს აღნიშნული ფართის დაკავება 2015 წლამდე შეუძლია.

ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ილია გოცირიძე კი განმარტავს, რომ მას მსგავსი დოკუმენტი არ უნახავს. „სონი“ ცენტრი კი ტერიტორიის დათმობას არ აპირებს.  
           

ეკა გულუა

ახალი ამბები