კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში პატრულის უფროსს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ

4 იანვარი, 2007

garemovajre.gifშიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსმა დავით ტაბუცაძემ გორის რაიონის გამგებელთან ვასილ მახარაშვილთან დადებული შეთანხმება დაარღვია. მიუხედავად იმისა, რომ რაიონის გამგებელმა გარემოვაჭრეებს ვაჭრობის ნებართვა 2007 წლის 2 იანვრამდე მისცა, პატრულის უფროსმა გარემოვაჭრეების აყრა ვადაზე ადრე, 25 დეკემბრიდან დაიწყო.

დავით ტაბუცაძე დანიშვნის დღიდან გორის ბაზრის გარემოვაჭრეებს ებრძვის. პატრულის თანამშრომლებსა და გარემოვაჭრეებს შორის ჩხუბი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, იმ ადგილზე, სადაც გარემოვაჭრეები დგანან, გრანდიოზული მშენებლობა იგეგმება. ამ სამუშაოებს კი სავარაუდოდ ჩინელები განახორციელებენ.

გორში მცხოვრები თამარ შევარდენიძე კისრის მიდამოში ტკივილებს დღემდე უჩივის. მას ჯერაც არ დავიწყებია რამდენიმე ხნის წინ პატრულის თანამშრომლების მიერ გარემოვაჭრეების დარბევა. უფრო მეტიც, გორის საავადმყოფოში ნაცემი ქალბატონი მაშინ სამკურნალოდ არავინ მიიღო.

რამდენიმე დღეში თამარ შევარდენიძეს კისრის არეში ტკივილები უფრო და უფრო მოემატა. ახლობლები იძულებულნი გახდნენ დაზარალებული საავადმყოფოში გადაეყვანათ. აღმოჩნდა, რომ ქალბატონს კისრის ძარღვის მწვავე დაჟეჟილობა აქვს.

პატრულის თანამშრომლებისა და გარემოვაჭრეების ჩხუბი დღესაც გრძელდება. ერთ-ერთი გარემოვაჭრე ლეილა სამხარაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ახალი საპატრულო პოლიციის უფროსი, დავით ტაბუცაძე, უკანონოდ მოქმედებს: ,,თუკი სკვერში ვაჭრობა არ შეიძლება, მაშინ გადაშალოს პატრულის უფროსმა 1998 წლის პარლამენტის დადგენილება, სადაც წერია, რომ სკვერებსა და გაზონებში არც კაპიტალური შენობების აგება შეიძლება. თუკი ტაბუცაძე ჩვენს ფარდულებს მოერია, რატომ არ ანგრევს სასადილოებს, აფთიაქებს და პურის საცხობებს, რომლებიც სკვერში უკანონოდ არის განთავსებული?” – აცხადებს ლეილა სამხარაძე.

ჩვენ საპატრულო პოლიციის უფროსს დავით ტაბუცაძეს დავუკავშირდით. ზუსტად ერთი თვის წინ მან განგვიცხადა, რომ სწორედ პარლამენტის დადგენილებით მოქმედებდა. თუმცა, დღეს ტაბუცაძე სულ სხვა კანონით გველაპარაკება:

„წაიკითხე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე მუხლი და იქ გაიგებ, თუ რის საფუძველზე ვყრი გარემოვაჭრეებს” – ცხარობდა ტაბუცაძე. იმ მუხლში რომლითაც გორის პატრულის უფროსი ხელმძღვანელობს, წერია, რომ გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე იკრძალება. არადა ქრისტიანულ მართლმადიდებლური კავშირის თავმჯდომარე ლეილა სამხარაძე ირწმუნება, რომ პარლამენტის დადგენილებით სკვერში  საერთოდ არ შეიძლება შენობა-ნაგებობის აშენება. ,,რატომ იმ ხალხს არ იჭერენ, ვინც სკვერში მშენებლობის ნებართვა გასცა?” – კითხულობს ლეილა სამხარაძე.

გარემოვაჭრეები დახმარებისათვის ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის” გორის წარმომადგენლობასაც დაუკავშირდნენ. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს შიდა ქართლის პატრულის მოქმედების გამო, რომელიც გორის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას ამორჩევის პრინციპით ასუფთავებს.

სხვა გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ბაზრის გარშემო მდებარე სკვერს ხელისუფლება უცხოელებზე, კერძოდ ჩინელებზე ჰყიდის, სადაც კაპიტალური შენობების აგება იგეგმება.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები