კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის საკრებულო საჯარო ინფორმაციას ბლოკავს

5 იანვარი, 2007

              საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას

gela.gifსაქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რაიონულ სასამართლოში უჩივიან. მოსარჩელე ჟურნალისტი, განცხადებით გურჯაანის პროკურატურასაც მიმართავს, რომლითაც პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით საკრებულოს სხდომა ღიაა, გასული წლის 8 დეკემბერს, გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ ხევიაშვილმა, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საკრებულოს სხდომის დატოვება უბრძანა. ხევიაშვილის დირექტივას ჟურნალისტები არ დაემორჩილნენ და მისგან იმ განკარგულების ჩვენება მოითხოვეს, რომლის საფუძველზეც სხდომა დახურულად იყო გამოცხადებული. საკრებულოს თავმჯდომარემ განკარგულების არარსებობის გამო პასუხის გაცემაც არ ისურვა. დარბაზიდან გასვლამდე კი დაიბარა, რომ სხდომა იმ შემთხვევაში გაგრძელდებოდა, თუ ჟურნალისტებს გარეთ გაყრიდნენ.

„ამ სხდომაზე რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი უნდა აერჩიათ, საკრებულოს მუდმივი კომისიების დებულებები დაემტკიცებინათ და საკრებულოს #6 დადგენილებასა და ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შეეტანათ. ამის შესახებ საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე სახელდახელოდ გამოკრული დღის წესრიგი გვამცნობდა. ინტერესი დიდი იყო, რის გამოც დარბაზში ბევრი ხალხი იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ყოფილმა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი სიხარულიძემ მუნიციპალიტეტის გამგებლობიდან საკუთარი კანდიდატურა რამაზ ქერეჭაშვილის სასარგებლოდ მოხსნა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ჟურნალისტების გარეთ გაყრა ბრძანა. ხელი გვკრეს, გვაწვებოდნენ და გარეთ ისე გამოგვყარეს. თან მოგვძახოდნენ „გარეკეთ, გარეკეთ, ეგენი მეტის ღირსნი არიანო“ - აცხადებს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

მოგვიანებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსმა რომან ელიოზაშვილმა თავისი ხელმძღვანელის გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 2006 წლის 8 დეკემბერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დახურულად საკრებულოს   #14 განკარგულებით გამოცხადდა. მითითება საინფორმაციო დაფაზე დღის წესრიგთან ერთად იყო გამოკრული“ - აღნიშნავს რომან ელიოზაშვილი ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისისადმი მიწვდილ წერილში.

გურჯაანის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის სისტემატურად დაბლოკვამ და სხდომის დახურულად გამოცხადებამ, მედია და არასამთავრობო სექტორი სერიოზულად შეაშფოთა. ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მიმართა.

„სასამართლოდან პირველი სარჩელით ვითხოვ დაავალდებულოს გურჯაანის საკრებულო, დაუყოვნებლივ გასცეს ჩემს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელიც საკრებულოს აპარატის სტრუქტურას და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს შეეხება. მეორე სარჩელით, რომელსაც სასამართლოში ამ დღეებში წარვადგენ, საკრებულოს #6 დადგენილების ბათილად ცნობას და ასევე ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემას მოვითხოვ. საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე კი სასამართლოსგან საკრებულოს 8 დეკემბრის სხდომაზე მიღებული განკარგულებების შეჩერებას ვითხოვ. უტყუარი მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, რომელიც ცხადყოფს საკრებულოს მიერ კანონმდებლობის არაერთხელ უხეშ დარღვევას, ვფიქრობ, პრობლემები სასამართლოშიც შემექმნება, რადგან ხსენებულ სხდომაზე რაიონის გამგებელი აირჩიეს, რომელიც ძნელად წარმოსადგენია, სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე სავარძელს შეელიოს. თუმცაღა, საკუთარი უფლებების დასაცავად, თუ დაგვჭირდა საკრებულოს აუცილებლად დავუპირისპირდებით“ - აცხადებს ჟურნალისტი.

მოსამართლის მიერ სასარჩელო განცხადების განხილვამდე კი ჟურნალისტი განცხადებით რაიონულ პროკურატურასაც მიმართავს. „საკრებულოს და მისი თავმჯდომარის უკანონო ქმედებების შედეგად ხელი შემეშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, როგორც სხდომაზე ძალის გამოყენებით, ასევე თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხდომის შემდეგ… მიმაჩნია, რომ ბატონმა ხევიაშვილმა პასუხი უნდა აგოს და შესაბამისად დაისაჯოს“ - აცხადებს გელა მთივლიშვილი.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელის ერთი სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო. მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის თანაშემწის ნინო ქაჩლიშვილის ინფორმაციით, სასამართლო მას არსებითად რამდენიმე დღეში განიხილავს. მეორე სარჩელს კი თანდართული მტკიცებულებებით, მოსარჩელე სასამართლოში ორშაბათს წარადგენს. სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტი გამგებლის გარეშე დარჩეს, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეს კი ინფორმაციის გაცემასთან ერთად, ჟურნალისტებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწიოს.

 

გურჯაანი, კახეთი

ახალი ამბები