კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა შველას ითხოვს

8 იანვარი, 2007

fxovlelebi.gifიქ არც საბავშვო ბაღია, არც სკოლა, არც მაღაზია და აფთიაქი. ვერც ქვით ნაშენ სახლებს ნახავთ. მათ არც გზა აქვთ, რომ რაიონულ ცენტრს დაუკავშირდნენ. იქ ვერც სასწრაფო დახმარების მანქანა მიდის და აუტანელი პირობების გამო სოფელში შემორჩენილ, მატარებლის ვაგონებსა და ქოხებში მცხოვრებ სულ სამ ოჯახს პირველად სამედიცინო დახმარებას 70 წელს მიტანებული ქალბატონი უწევს.

არაშენდის თემში შემავალი სოფელი ფხოველი გურჯაანის რაიონში, ქალაქიდან 12-13 კილომეტრში, მთებში მდებარეობს. ერთი შეხედვით, ვერ იტყვი რომ იქ ხალხი ცხოვრობს, რადგან ხის ტოტებისგან დაწნული ქოხები მთლიანად ხეებსა და ბუჩქებშია ჩაკარგული. სოფელში დიდი ხნის წინ ფხოვიდან ჩამოსახლებული ფხოვლელები ცხოვრობენ.

„ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც რომ არ გვაქვს, თქვენც კარგად ხედავთ. გურჯაანიდან მანქანით ხომ ვერ წამოხვალ. ზაფხულში ერთხელ რომ  მოვიდეს წვიმა, სამანქანო გზაზე იმხელა ორმოებია, რომ მთელი სეზონი წყლით არის სავსე. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში ზამთარში ვართ. სოფელი მაღალმთიანია და დიდი თოვლი და ყინვა იცის. გურჯაანიდან აქამდე ტყე-ტყე რომ ამოხვიდე, 8-9 საათი გჭირდება, თან შეიარაღებული თუ არ იქნები, შეიძლება ნადირმა დაგფლითოს. სოფელში მგლები შემოგვესივნენ და საქონელს აღარ ვჩივით, გვეშინია, ჩვენც არ შეგვჭამონ. ერთი სიტყვით ვყრივართ ძაღლუმადურად“ - ამბობს ზურაბ სადუნაშვილი. მისივე თქმით, ფხოველი მაღალმთიანი სოფელია, თუმცა ამ კატეგორიის სოფლებისათვის დაწესებული შეღავათებით მათ არასოდეს უსარგებლიათ: „ჩვენ არჩევნების დროსაც კი არავის ვახსენდებით, რადგან სამი ოჯახი ალბათ ვერაფერს გადაწყვეტს. რამდენჯერმე განცხადებითაც მივმართეთ რაიონის გამგეობას, მაგრამ ჩვენი გაჭირვებით არავინ დაინტერესებულა“ - აღნიშნავს იგი.

მიუხედავად ასეთი არასასურველი პირობებისა, ფხოვლელები აცხადებენ, რომ მათ სოფლის დატოვებას აიძულებენ: „დიდი ხანია აღარავის ვახსოვართ. ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით, დახმარების ნაცვლად ზოგიერთები პრობლემებს გვიქმნიდნენ, ნაკვეთებს გვართმევდნენ და თვითონ ისაკუთრებდნენ. სოფლის დატოვებას დღესაც გვაიძულებენ“ - აღნიშნავს ვაჟა იაგანაშვილი.

როგორც ფხოვლელებმა გვითხრეს, მათი სოფლით რაიონის ხელმძღვანელობასთან და კახეთის გუბერნატორთან დაახლოებული ბიზნესმენი სერგი კაკალაშვილია დაინტერესებული, რომელიც მეზობელ სოფელში სხვადასხვა სახის სამუშაოებს უკვე ახორციელებს. „გვითხრეს, მთელი ეს ადგილები, მეზობელი სოფლის ზიარის მსგავსად კაკალაშვილს სურს რომ იყიდოს და თქვენ აქ ხელს შეუშლითო. სიტყვაში შემოგვაპარეს მის მიერ მოგზავნილმა ადამიანებმა, ხომ არ ისურვებდით, თქვენი ქოხმახებიდან წასვლასო. არსად წასვლას არ ვაპირებთ და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ინვესტიციის ჩადების გზით ცდილობს ჩვენს დამონებას და აქაურობის წართმევას, ისევე გავუძალიანდებით, როგორც შემოსეულ გარეულ ცხოველებს ვიგერიებთ. არ გვინდა ხელისუფლებას დავუპირისპირდეთ, მაგრამ ავი ზრახვების ნაცვლად ურჩევნიათ მოგვხედონ და შესაძლებლობების ფარგლებში დაგვეხმარნონ“ - ამბობენ სოფლის მაცხოვრებლები და აღშფოთებას ვერ მალავენ.

კომპანია „ფორტე – კახეთის“ ერთ-ერთი მფლობელის ფხოველით დაინტერესებას, ადგილობრივი მოსახლეობა იმ სიმდიდრეს უკავშირებს, რომელიც სოფელშია. სიმდიდრის შესახებ ინფორმაცია 66 წლის დურმიშხან ცუკოშვილს ვთხოვეთ: „ფხოველში მარტო 19 ეკლესია და 3 ციხე-სიმაგრის ნანგრევებია. აქ მიწიდან ამოდის ბორჯომის მსგავსი, სუფთა, მინერალური წყალი. მლაშე წყალიც ამოდის. ნამდვილი ახტალა აქ გვაქვს, სამკურნალო ტალახია. მიწა გვაქვს, რომელიც საპონივით ქაფდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნავთობია, რომელიც დღემდე გამოუყენებელია“.

ფხოვლელების პრეტენზიებსა და ბრალდებებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კატეგორიულად უარყოფენ. რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვალერი ვარდოსანიძე აცხადებს, რომ ამ თანამდებობაზე ახალი დანიშნულია და ყველა პრობლემას არ იცნობს. „მე თელავში ვმუშაობდი. შესაბამისად გურჯაანის პრობლემებს ზედმიწევნით არ ვიცნობ, თუმცა სოფლებში არსებული მდგომარეობით დაინტერესებულია პირადად კახეთის გუბერნატორი გია ნაცვლიშვილი. იგი თავად ეცნობა თითოეული სოფლის პრობლემებს და ვსწავლობთ რა რესურსები გააჩნიათ მათ“ - ამბობს ვარდოსანიძე.

გურჯაანის გამგებელთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩვენი სატელეფონო ზარები მან უპასუხოდ დატოვა. სამუშაო ოთახში კი, როგორც მისაღებში გვითხრეს, „ფრიად მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებით ყოფილა დაკავებული და კომენტარისთვის არ სცალია.“

ჩვენ ბიზნესმენ სერგი კაკალაშვილსაც დავუკავშირდით, რომელმაც მას შემდეგ რაც შეიტყო  თუ რა საკითხზე გვსურდა მისგან კომენტარი, საუბარი აღარ ისურვა.

ფხოვლელები შველას ითხოვენ, მშველელი კი ჯერ არ ჩანს.


გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები