კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ

9 იანვარი, 2007

ckaltub.gif „ჩვენ ერთხელ უკვე გვაქციეს დევნილებად და ეს ტრავმა სამარემდე მიგვყვება. აღარ გვინდა მეორედ  ავიბარგოთ  და ისე წავიდეთ აქედან, რომ არ ვიცოდეთ, ღამეს სად გავათევთ. საკუთარი ჭერი ნატვრად გადაგვექცა,“ დარდობს გაგრიდან დევნილი გიორგი ბერაია. ის 82 წლისაა და 14 წელია მშვიდ და სტაბილურ საცხოვრებელ პირობებზე ოცნებობს. უკვე რამდენიმე წელია ჰპირდებიან, რომ წყალტუბოს სანატორიუმ „ივერიაში“ ბოლო ღამეს გაათევს და მალე ახალმოსახლეობას იზეიმებს, მაგრამ - უშედეგოდ.

წყალტუბოს რაიონში სულ 22  სანატორიუმია, სადაც 6000-მდე დევნილი ცხოვრობს. სანატორიუმების გასხვისებასთან დაკავშირებით ამ რაიონს არაერთხელ წვევიან ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ინვესტორები, მაგრამ დევნილთა  გამოსახლების პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა. „ჩვენი ბედი ინვესტორის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული: იყიდის შენობას, გადაგვიხდის თანხას და წავალთ ჩვენს გზაზე. თუმცა, თანხის რაოდენობა სადაოა. თუ მიზერს მოგვცემენ, ფაქტიურად ხელ-ფეხშეკრული ვიქნებით და წასასვლელიც არსად გვექნება. საუბარია 7-დან 10 ათას ამერიკულ დოლარზე და მგონი, იმასაც გვამადლიან. არადა, ამ ფასად დღეს მხოლოდ ერთ პატარა ოთახს თუ იყიდის კაცი. მგონი მაქვს უფლება, ამ მოხუც კაცს სიკვდილი ჩემს სახლში მეღირსოს და არა სანატორიუმში,“ - ამბობს ბატონი გიორგი (ინვესტორის მიერ დევნილთათვის შეთავაზებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, დევნილთა პირადი საკუთრება ხდება).

სანატორიუმებიდან დევნილთა გასახლების საკითხით დევნილთა და განსახლების სამინისტრო ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში დაინტერესდა. უშუალოდ მინისტრის დავალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ორკაციანი ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ადგილზე სწავლობდნენ დევნილთა საცხოვრებელ პირობებს, რასაც, წესით, შედეგი ახალი წლის  დადგომამდე უნდა მოჰყოლოდა. ამაზე წყალტუბოს გამგებლის მოადგილე დევნილთა საკითხებში თემურ კუხალაშვილიც საუბრობს: „სანატორიუმებიდან გასახლების წინააღმდეგი არც რაიონის გამგეობაა და არც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ შეისწავლა თუ რა ბინები იყიდება ქუთაისსა თუ იმერეთის სხვადასხვა რაიონებში. ასევე, არსებობს დაუსრულებელი ბინების ჩამონათვალი, რომელიც შესაძლოა ინვესტორმა შეიძინოს, დაასრულოს და ერთ-ერთი სანატორიუმის ბინადარნი კომპაქტურად შეასახლოს. არის მეორე ვარიანტიც: შეიძლება მიწის ნაკვეთის შეძენა და ერთი ტიპის სახლების აშენება. შარშან ჩვენ შევისწავლეთ დევნილთა საცხოვრებელი პირობები, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები და გაირკვა, რომ სანატორიუმებიდან გასახლების წინააღმდეგი არც ისინი არიან, ოღონდ, ითხოვენ თანხას, რომლითაც შემდეგ ბინას შეიძენენ.“

„არ გვინდა უმისამართო გასახლება“ - აცხადებენ დევნილები და კვლავ კეთილი ინვესტორის მოლოდინში არიან. ოღონდ, აღარ სურთ კიდევ ერთი მშრალი დაპირების მოსმენა. არადა, წყალტუბოში ჩასული ბიზნესმენები კურორტის ნახვით გამოწვეულ აღტაცებას ვერ ფარავენ და ინვესტიციების ჩადების სურვილიც გულწრფელია, ესაა მხოლოდ, რომ შთაბეჭდილება მალე ქრება  და რჩება გამუდმებული ფიქრი იმაზე, რომ ეკონომიკის სამინისტრომ სანატორიუმები რაც შეიძლება მალე და კარგ ფასად გაყიდოს.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები