კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექიმები ბავშვის გარდაცვალებას მშობლების უყურადღებობას უკავშირებენ

10 იანვარი, 2007

eqimebi.gifგურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრები 14 წლის ვასილ ქოქაშვილის ინფექციური დაავადებით გარდაცვალებას, ადგილობრივი ექიმები მშობლების უყურადღებობას უკავშირებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ეპიდემიის გავრცელებას გამორიცხავს, თუმცა მოსახლეობა მომხდარით გამოწვეულ შეშფოთებას ვერ მალავს.

ვასილ ქოქაშვილი მოსკოვიდან საქართველოში დედასთან ერთად, 29 დეკემბერს ჩამოვიდა. 31 დეკემბერს მას მაღალი ტემპერატურა, ღებინება და თავის ტკივილები დაეწყო. „აღებინებდა და აციებდა. საღამოს უბნის ექიმი მოვიყვანეთ. ბავშვის გასინჯვის შემდეგ ექიმმა ეჭვი ინფექციურ დაავადებაზე აიღო, ანტიბიოტიკი დაუნიშნა და ოჯახის წევრებს ურჩია, ბავშვი ნევროპათოლოგს აჩვენეთო“ - აცხადებს ქოქაშვილების მეზობელი ხათუნა ხელაშვილი და დასძენს, რომ ვასილის მდგომარეობა იმდენად მალე გართულდა, რომ მშობლებმა მედიკამენტის ყიდვაც კი ვერ მოასწრეს.

გურჯაანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსის მანანა ბერიკაშვილის ინფორმაციით, „გურჯაანის 03-ში, კარდენახიდან გამოძახება 19 სთ-სა და 31 წთ-ზე დაფიქსირდა. გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ავადმყოფი, ინტოქსიკაცია – უცნობი ეტიოლოგიის დიაგნოზით, 20-სთ.სა და 15 წთ-ზე გადმოვიყვანეთ,“ - აცხადებს გურჯაანის 03-ის ხელმძღვანელი.

„ქოქაშვილს სისხლის საერთო ანალიზი გაუკეთდა. ეჭვი ინფექციის რთულ პათოლოგიაზე ავიღეთ. ავადმყოფის მშობლებმა მისი თბილისში წაყვანა გადაწყვიტეს. გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ავადმყოფს მხოლოდ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს“ - ამბობს საავადმყოფოს დირექტორი გელა ორველაშვილი და ზუსტი ინფორმაციის უქონლობის გამო ვერ ასახელებს რამდენ ხანს იყო მოთავსებული ავადმყოფი ქოქაშვილი სტაციონარში.

14 წლის ბიჭი, რომელიც გურჯაანიდან თბილისში კერძო მანქანით გადაიყვანეს, (გურჯაანის საავადმყოფოს სანიტარული მანქანით ავადმყოფის ტრანსპორტირება ფასიანია) ინფექციური პათოლოგიის ცენტრში 2 იანვარს გარდაიცვალა. „პირველ იანვარს  თბილისში დავრეკეთ და გვითხრეს, მძიმე მდგომარეობა აქვს, თუმცა, გადარჩენის მინიმალური შანსი არსებობსო. 2 იანვარს ისევ დავრეკეთ და გვითხრეს, ბავშვი დაიღუპაო“ - ამბობს ქოქაშვილების მეზობელი სოსო ქიტიაშვილი.

მენინგოკოკცემიით ბავშვის გარდაცვალების შესახებ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გურჯაანის რაიონულ ცენტრს დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს. „ინფორმაცია ინფექციური დაავადებით ბავშვის გარდაცვალების შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ტელეფონოგრამით 3 იანვარს, საღამოს 5 საათზე მოგვაწოდა. ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით უბნის ექიმს და 4 იანვარს ეპიდემიოლოგებთან ერთად დაავადების კერის ადგილზე გავედით. გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი ადამიანები გავაფრთხილეთ, რომ გაეკეთებინათ ანალიზები და მიეღოთ ანტიბიოტიკები. დეზინფექცია არ ჩაგვიტარებია, რადგან საჭიროდ არ ჩავთვალეთ. ჰაერწვეთოვანი მენინგოკოკცემია შეიძლება გავრცელდეს თვითონ დაავადებული ადამიანით, ნაზოფარინგიტით და ჯანმრთელი მატარებლით, მაგრამ დაავადება ვრცელდება დაინფიცირებულთან ხშირი და ხანგრძლივი კონტაქტით, რადგან სხვა შემთხვევაში ის ულტრაისფერი სხივების ზემოქმედების და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენების შედეგად მალე იღუპება“ - აღნიშნავს ექიმი ეპიდემიოლოგი ნანა ჯადუგიშვილი და არ გამორიცხავს, რომ ქოქაშვილი რუსეთიდან საქართველოში მატარებლით ხანგრძლივი მგზავრობისას დაინფიცირებულიყო.

ჩვენთან საუბარში კარდენახის მოსახლეობა საზოგადოებრივი ჯანდავის რაიონული ცენტრის მისამართით პრეტენზიებს არ მალავს. გარდაცვლილის მახლობლად მცხოვრებნი, ამბობენ, რომ პანიკაში არ არიან, თუმცა მსგავსი ინფექციით, საქართველოში ბოლო დღეებში ბავშვების გარდაცვალების გამო, შეშფოთებულები არიან და დაავადების კერის დეზინფექციას მოითხოვენ. „მარტო ის არ კმარა, რომ გაგვაფრთხილონ, ინფექცია საშიშია, წადით და გამოკვლევა ჩაიტარეთო. რით წავიდეთ და სად წავიდეთ. გურჯაანში გამოსაკვლევად საჭირო აპარატურა არ აქვთ, თბილისში წასვლის ფინანსები კი ჩვენ არ გვაქვს. დღეს შეიძლება ბავშვებს ტემპერატურა არ აღენიშნებათ, მაგრამ ექიმებმა გვითხრეს, დაავადების ინკუბაციური პერიოდი 10 დღეაო“ - გვითხრა გულო იაკობიშვილმა.

ადგილობრივი ექიმები ბავშვის გარდაცვალებას მშობლების უყურადღებობასაც უკავშირებენ. „როგორც ჩანს ბავშვს სათანადო ყურადღება ვერ მიაქციეს. უბნის ექიმის მიერ მიცემული დანიშნულება დროულად არ მისცეს. მოგვიანებით ავადმყოფი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ანალიზი ჩაუტარდა და 2 საათის დაგვიანებით ბავშვი კერძო მანქანით თბილისში გადაიყვანეს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, იყო თუ არა ექიმი ვალდებული, რომ საკუთარი ეჭვის შესახებ ინფექციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისთვის ეცნობებინა, 31 დეკემბერი იყო და რადგან ბავშვი სტაციონარში წაიყვანეს, ჯანდაცვის ცენტრიც არ მუშაობდა, მერე დასვენება იყო და რა უნდა გვექნა? 2 იანვარს სამსახურში რომ გამოვედით გარდაცვალების ამბავი გავიგეთ“ - ამბობს  კარდენახის ამბულატორიის ექიმი-ლაბორანტი და იმასაც დასძენს, რომ ექიმმა ნინო ტორიაშვილმა, ბავშვისთვის ანტიბიოტიკის დანიშვნისას მშობლები საშიშროების შესახებ გააფრთხილა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები კომენტარს არ აკეთებენ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები