კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვისია ბორჯომის კომპოზიტორთა სახლი?

10 იანვარი, 2007

Borjomi.gifყველასათვის ცნობილი ბორჯომის კომპოზიტორთა სახლი თურმე კომპოზიტორთა საკუთრება სულაც არ ყოფილა. ხელოვანების საპროტესტო აქციებს შედეგი არ მოჰყოლია. დავა ხელისუფლებასა და ხელოვანებს შორის კომპოზიტორთა სახლის გასხვისებაზე ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყდა. კომპოზიტორთა სახლის სამომავლო ბედი უკვე ეკონომიკის სამინისტროს ხელშია.

კურორტ ბორჯომში კომპოზიტორთა სახლი 1982 წელს, მუსფონდის მიერ აშენდა და მის შემდეგ იქ ქართველი კომპოზიტორები მოღვაწეობდნენ.

ბორჯომის კომპოზიტორთა სახლის გასხვისების  შესახებ ინფორმაცია თავად კომპოზიტორებმა არაოფიციალური წყაროებიდან შეიტყვეს.

კომპოზიტორთა კავშირის წევრებმა მშვიდობიანი აქციები ბორჯომის გამგეობის წინ, დეკემბერში რამდენჯერმე გამართეს. ისინი კომპოზიტორთა სახლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანას აპროტესტებდნენ. ,,კომპოზიტორთა სახლი სახელმწიფო ქონება არასოდეს ყოფილა. გადასახადსაც ყოველ წელს ვიხდით” - აცხადებდა კომპოზიტორთა სახლის თავმჯდომარე, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი. ,,კომპოზიტორთა სახლს ვერავინ ჩამოგვართმევს”, - კატეგორიულია კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძეც.

კომპოზიტორთა კავშირის წევრების განცხადებით, ამ ობიექტით  ნოდარ გრიგალაშვილია დაინტერსებული. თავად პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ  ,,შენობაზე საკუთრების მოწმობა კომპოზიტორებს არა აქვთ. აქედან გამომდინარე, არსებობს კანონი შემოქმედებითი კავშირების შესახებ და ამ კანონის მიხედვით, რას განსაზღვრავს მთავრობა, რას გაყიდის და რას უსასყიდლოდ გადასცემს შემოქმედებით კავშირებს,  მთლიანად ხელისუფლების პრეროგატივაა”.

სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული გოგა ხაჩიძე კი კომპოზიტორთა კავშირის წარმომადგენლების განცხადებას სიცრუეს უწოდებს: ,,ნოდარ გრიგალაშვილის დაინტერესებაზე არფერი მსმენია, ეს აბსოლუტური სიცრუეა”, - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

კომპოზიტორთა კავშირი უკვე ექვსი წელია, საჯარო რეესტრს შენობის პრივატიზებას სთხოვს. რეესტრმა შენობა კი დაარეგისტრირა, თუმცა საკუთრების დამადასტურებელ საბუთს ,,კომპოზიტორთა კავშირს“ დღემდე არ აძლევენ. მიზეზად დაგროვილი ვალები სახელდებოდა.

როგორც საგადასახადო ინსპექციის „საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულებით ირკვევა, შპს ,,მუსიკალურმა ფონდმა“ 249 906 ლარი დავალიანება 2006 წლის მაის-ოქტომბერში დაფარა, თუმცა, შენობა კომპოზიტორებს ვალების გასტუმრების შემდგომაც არ დაურეგისტრირეს.

,,ჩვენ მოვიპოვეთ რეგისტრაციის ნომერი, რომლითაც სახლი  რეესტრის მთავარ წიგნშია გატარებული“ - აცხადებს მუსიკალური ფონდის გენერალური დირექტორი ბარამ ბარამიძე.

ბორჯომის კომპოზიტორთა სახლით ხელისუფლება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კომპოზიტორებმა საჯარო რეესტრში შენობის დარეგისტრირება გადაწყვიტეს.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსის სერგო ფარეიშვილის განცხადებით, კომპოზიტორთა კავშირმა პრეზიდენტის რწმუნებულს წერილობით ორჯერ მიმართა და საპასუხო წერილიც დაიწერა.

კომპოზიტორთა კავშირის წარმომადგენელების პროტესტისა და წარმოდგენილი დოკუმენტების მიუხედავად, ბორჯომის რაიონულმა სასამართლომ კომპოზიტორთა სახლი სახელმწიფო ქონებად სცნო და ეკონომიკის სამინისტროს გადაცა.  

ეკონომიკის სამინისტრომ ბორჯომის კომპოზიტორთა სახლის პრივატიზებისათვის სამზადისი  უკვე დაიწყო. ამის შესახებ კომპოზიტორთა სახლის დირექტორის მოადგილე ნოდარ მურჯიკნელი საუბრობს: ,,ასაზომად მოვიდნენ, რომ ვკითხე, რატომ ზომავთ-მეთქი, მიპასუხეს - ეკონომიკის სამინისტროდან დაგვავალესო. მთავრობა გვართმევს. ეს შენობა კომპოზიტორთა კავშირის საკუთრებაა. მიწა შეიძლება სახელმწიფოს ეკუთვნოდეს, მაგრამ შენობა არა.“
 
კომპოზიტორთა სახლის ყიდვა, არაოფიციალური ინფორმაციით, მეოთხე სამმართველოს მსგავსად, უცხოელ ინვენსტორებსაც სურთ.

გულო კოხოძე, ბორჯომიდან

ახალი ამბები