კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საფრთხის თავიდან ასაცილებლად ორწლიანი ბრძოლა დაჭერებით დასრულდება

15 იანვარი, 2007

msenebloba.gifზურაბ ბაგაშვილი ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩა #6-ში, მისი საცხოვრებელი სახლის წინ, ბენზინგასამართი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით მან სასამართლოს 2006 წლის მარტში მიმართა, მაგრამ მისი სარჩელი ამ დრომდე განხილვის სტადიაშია. ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი კანონდარღვევით აშენდა და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, გურჯაანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურს გადაწყვეტილი აქვს ობიექტი ექსპლუატაციაში მიიღოს.

მშენებარე ობიექტის მშენებლობის პროექტი შპს „ნიკა 96“-ს მიერ არის შედგენილი და გურჯაანის რაიონის მთავარ არქიტექტორთან ლევან მექერიშვილთან არის შეთანხმებული. დოკუმენტებში, რომელიც ჟურნალისტური მოკვლევისას მოვიძიეთ, ჯერ კიდევ მშენებარე ობიექტი ზოგან ბენზინგასამართ კომპლექსად არის მოცემული, ზოგან კი ავტოგასამართ სადგურად. როგორც ზურაბ ბაგაშვილი აცხადებს, ობიექტის მფლობელი ინდ. მეწარმე გიორგი თუნიაშვილი, რომლის უკანაც რესპონდენტის ინფორმაციით, თელავის საგადასახადო ინსპექციის ყოფილი უფროსი დავით ქათამაშვილი დგას, ბევრს ეცადა, პროექტი კანონით განსაზღვრულ ნორმებთან დაეახლოვებინა, მაგრამ რადგან მან ეს ვერ მოახერხა, წესების დაცვაზე საერთოდ აიღო ხელი: „ბენზინი კარცეროგენულ ნივთიერებას წარმოადგენს, რომელიც ჯანმრთელობისათვის მავნებელია. ბენზინგასამართი სადგურის აშენებისას მკაცრად უნდა იყოს დაცული სამშენებლო, სახანძრო და სანიტარული ნორმები, რომელიც მოცემულ შემთხვევაში უხეშად არის დარღვეული. კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 6 ოქტომბრის #234/ნ ბრძანების თანახმად, ავტოგასამართი სადგურის სანიტარული დაცვის ზონის სიდიდე, შესაბამისად საცხოვრებელ შენობამდე დაშორების მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 50 მეტრი. ჩემს ჩემთხვევაში კი დაშორება 5 მეტრია. ინდ. მეწარმე გიორგი თუნიაშვილს პროექტი შეთანხმებული არ აქვს სახანძრო სამსახურთან, არადა ეს სავალდებულოა. დანარჩენი დოკუმენტები თუნიაშვილმა მოიპოვა, მაგრამ მასში მკაცრად განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას უგულებელყოფს“ - აცხადებს ზურაბ ბაგაშვილი.

ადვოკატ ლია ჭუნიაშვილის თქმით, მართალია ზოგ შემთხვევაში, არქიტექტურული სიტუაციის გათვალისწინებით დასაშვებია 50-დან 20 მეტრამდე შემცირდეს იმ ავტოგასამართი სადგურის სანიტარული დაცვის ზონის სიდიდე, რომელიც დღე-ღამეში 500-მდე ავტომობილის გასაწყობადაა განკუთვნილი, მაგრამ თუნიაშვილს ამ შემთხვევაშიც უხეშად აქვს კანონი დარღვეული.

„სასამართლოს ორჯერ მივმართეთ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით. მოსამართლემ ჩვენი განცხადება ორჯერვე დააკმაყოფილა, მაგრამ მოპასუხის კერძო საჩივრებზე დაყრდნობით, საკუთარი განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ორჯერვე გააუქმა,“ - აღნიშნავს ადვოკატი ლია ჭუნიაშვილი.

ამ და სხვა პრობლემების გამო შესაძლოა მშენებლობა შეჩერებულიყო კიდეც, რადგან ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის ნაპირას მშენებარე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის შესახებ, არც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილობითი თანხმობა არსებობდა.

დეპარტამენტმა აღნიშნული დოკუმენტი მას შემდეგ გასცა, რაც თუნიაშვილს მათ წინაშე გურჯაანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი სიხარულიძემ, რაიონის გამგეობის სახელით უშუამდგომლა.

„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ითვალისწინებს რა გურჯაანის რაიონის გამგეობის #1163 შუამდგომლობას, არ არის წინააღმდეგი ინდ. მეწარმე გიორგი თუნიაშვილმა მითითებულ ადგილას მოაწყოს ავტოგასამართი სადგური, ოღონდ ვალდებულია მკაცრად დაიცვას შემდეგი ტექნიკური პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანხმობა გაუქმებულად ჩაითვლება და ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ შესაბამის უწყებებს ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის შეჩერების ან აღების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში კი თავისი ძალით აიღოს ობიექტი, რისთვისაც თავიდან იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ინდმეწარმე „გიორგი თუნიაშვილის“ მიმართ“ - აღნიშნავს წერილში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტი არც ხანძარსაწინააღმდეგო, არც გარემოს დაცვის  და არც სანიტარულ სამსახურთან არავის შეუთანხმებია. გიორგი თუნიაშვილს საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანხმობა აქვს, თუმცა წერილში აღნიშნულია, რომ თუ არ იქნება გათვალისწინებული საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს მიერ გაცემული შეთანხმება ობიექტის მშენებლობის თაობაზე, გაუქმებულად ჩაითვლება. 

რატომ სთხოვა გურჯაანის რაიონის გამგებლის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა, რაიონის გამგეობის სახელით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, გიორგი თუნიაშვილისთვის დახმარების აღმოჩენა, ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ „როგორც ჩანს, სიხარულიძეს პატივი სცეს, რაღაცით დააინტერესეს,“ -  აცხადებს  გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი ვანო ნატროშვილი.

ჟურნალისტი: ბატონო ვანო, რას გულისხმობთ და აპირებთ თუ არა აღნიშნული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას?

ვანო ნატროშვილი: ვერ გეტყვით. რატომ და რის გამო სთხოვენ ხოლმე ვიღაცისთვის რაღაცის გაკეთებას. რაც შეეხება ბენზინგასამართი კომპლექსის ექსპლოატაციაში მიღებას, თუ კანონდარღვევები ვერ აღმოვაჩინეთ, რა თქმა უნდა, მივიღებთ.

ინდმეწარმე გიორგი თუნიაშვილს მიაჩნია, რომ მას სამშენებლო წესები არ დაურღვევია: „საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციიდან წერილი მაქვს, სადაც მითითებულია, რომ გენგეგმაში (საუბარია მესამე გენ.გეგმაზე) ობიექტს ესაზღვრება ერთსართულიანი ნაგებობა წიგნის მაღაზია, რომელიც სარეზერვუარო პარკიდან 12 მეტრით არის დაცილებული. მინიმალური დაცილების მანძილი შეიძლება იყოს 5 მეტრი, ოღონდ მიზანშეწონილად მიაჩნიათ უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, აღნიშნულ ნაგებობებს შორის აშენდეს არანაკლებ 2,5 მ. სიმაღლის ხანძარმდეგი კედელი და დაცული იქნას კიდევ სხვა პირობები, რომლებსაც აუცილებლად დავიცავთ“ - ამბობს გიორგი თუნიაშვილი.

მესამე გენ.გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ოფიციალურად არც საპატრულო პოლიციასთან არის შეთანხმებული, არც ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციასთან და სხვა ორგანოებთან, თუნიაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციებთან განმეორებით შეთანხმება საჭირო არ არის: „მშენებლობის პროცესში დამატებით არაფერი შეცვლილა, ამდენად აღნიშნულ ორგანიზაციებთან შეთანხმება განმეორებით სავალდებულო არ არის“ - განმარტავს თუნიაშვილი და დასძენს, რომ მას დაცული აქვს საავტომობილო გზების დეპარტამენტის „შეთანხმების“ წერილში მოყვანილი დეტალები. 

ორწლიანი ბრძოლის შემდეგ, ზურაბ ბაგაშვილმა დახმარებისათვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა. ორგანიზაციის იურისტებმა აღნიშნული საქმე შეისწავლეს და ჩათვალეს, რომ ინდმეწარმე „გიორგი თუნიაშვილის“, რაიონის გამგეობის ჩინოვნიკების, არქიტექტურის სამსახურის საქმიანობით, ექსპერტის დასკვნითა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სიჩუმით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ. უფლებადაცვითი ორგანიზაცია პროკურატურას განცხადებით ამ დღეებში მიმართავს.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები