კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიმოზის ფერი გაჭირვება

15 იანვარი, 2007

mimos.jpgმიტოვებული სახლ-კარი, დაკარგული ქმარი, თვეში 14 ლარიანი შემოსავალი - ასე ცხოვრობს გაგრიდან ახალციხის რაიონის სოფელ წნისში იძულებით გადაადგილებული ლამარა ბენიძე.  
ის ახალციხის რაიონის სოფელ წნისს თხუთმეტი წლის წინ შეეკედლა. მანამდე კი იყო გაგრა... ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გაგრის რაიონის სოფელ ალახაძეში, ორსართულიან კეთილმოწყობილ საკუთარ სახლში ცხოვრობდა. ახლა კი გაზრდილი და გამრავლებული ოჯახი ორ პატარა ოთახში საშინელ სივიწროვეს ეგუება.

,,შვილები გაიზარდნენ. ორივე დაქორწინდა, უკვე შვილიშვილიც მყავს. წუწუნი აღარ მინდა... დავიღალე, მაგრამ ორ ოთახში ექვსულიანი ოჯახის ცხოვრება ცოტა ძნელია”, - ამბობს ოჯახის დიასახლისი.

ლამარა ბენიძე თხუთმეტი წლის წინანდელ ამბებს ახლაც იმავე მძაფრი ემოციით  იხსენებს, როგორი ემოციითაც გაგრა დატოვა.

,,ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება. ოქტომბრის თვე იდგა. შვილებთან ერთად ოჩამჩირეში, დედაჩემის მოსანახულებლად წავედი. მალე გაგრის დაცემის შესახებ შევიტყვეთ. ენგურის ხიდი უკვე ჩანგრეული იყო. სახლში ვეღარ დავბრუნდებოდით. რაც გვეცვა, იმით გამოვიქეცით. მოვდიოდით სრულიად უცხო მხარეში და ფეხები უკან მრჩებოდა. ვერ გადმოგცემთ როგორ აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი. ამ სოფელში მეუღლის შორეული ნათესავები ცხოვრობდნენ და ამიტომაც წამოვედით აქეთ”, - გვიყვება ლამარა ბენიძე.
 
,,მე ფაბრიკაში ვმუშაობდი, მეუღლე საბჭოში. ორივე სოლიდურ ხელფასს ვიღებდით. შემოსავალი არ გვაკლდა. იმ პირობებს კი არ ვითხოვ, რაც იქ დავტოვეთ, ამაზე ფიქრიც კი სასაცილოა, მაგრამ ელემენტარული დახმარება რა გახდა? მიწის ნაკვეთებს არ გვაძლევენ, ჩაწერილები არ ხართო. მიწას სამადლოდ ხან სად ვამუშავებთ და ხან სად. „აფხაზეთი ჩვენი ტკივილიაო“ – ყველა ფეხის ნაბიჯზე რომ გვახსენებენ, იქნებ ვინმემ დახმარების ხელიც გამოგვიწოდოს.

იძულებით გადადგილებული ოჯახი სახელმწიფოსაგან, დახმარების სახით, მხოლოდ 14 ლარს იღებს.

,,ამ პრობლემის შესახებ ჩვენთან არც განცხადება მოსულა და პირადად არც არავის მოუმართავს. ვიმუშავებ და გუბერნიიდან შესაბამის ინფორმაციას მივაწოდებ იმ ორგანოებს, რომელთა კომპეტენციაშიც მსგავსი პრობლემების გადაწყვეტა შედის. ბიუჯეტი ახლა მუშავდება, შარშანდელ ბიუჯეტში კი ლტოლვილებზე დახმარება არ არის გაწერილი. დადგენილია მხოლოდ შეღავათები”, - გვითხრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსმა სერგო ფარეიშვილმა.
 
მატერიალურ პრობლემებს ლამარა ბენიძე შვილებთან ერთად უმკლავდება. მეუღლე ცხრა წლის წინ სახლიდან წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

,,ჩემი ქმარი ცოცხალია თუ მკვდარი ისიც არ ვიცი. ვერსად მივაკვლიეთ და არც თვითონ შეგვხმიანებია. შვილები მარტომ გავზარდე”.

მშობლიურ სოფელზე და იქ მიტოვებულ სახლზე ფიქრი ხანგძლივ დევნილობაში მყოფ ქალბატონს არასოდეს ტოვებს. უკან დაბრუნების იმედი დღესაც არ დაუკარგავს:

,,დღე არ გავა ჩემი სოფელი არ დამიდგეს თვალწინ. ფანჯრიდან გავიხედავ და თითქოს ზღვას ვხედავო. იქაურობა მენატრება - ზღვის და მიმოზების სურნელი. ღამ-ღამობით, თვალებს დავხუჭავ და თალღების ხმა მესმის. . .  ჩემი შვილები ზღვის ნაპირზე გაიზარდნენ. შვილიშვილს კი ზღვა ჯერაც არ უნახავს”...

გულო კოხოძე, ახალციხიდან

ახალი ამბები