კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი თემურ ანჯაფარიძეს ნარკორეალიზატორობაში ადანაშაულებს

16 იანვარი, 2007

nazraizis_pro.gifგურჯაანში სამი წლის წინ მომხდარ მკვლელობებსა და ბანდიტიზმში ბრალდებული, რეგიონის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი გოჩა ნაზღაიძე დაკავების მიზეზებზე ალაპარაკდა. გასულ კვირას, იგი მოწმის სახით დაკითხულ შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს უფროსს თემურ ანჯაფარიძეს დაუპირისპირდა. ნაზღაიძემ, რომელიც თავს დამნაშავედ არ სცნობს, ანჯაფარიძე ნარკორეალიზატორობასა და მომხმარებლობაში დაადანაშაულა.

პოლიციამ ნაზღაიძე, რომელიც სამართალდამცავ უწყებაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, თავდაპირველად სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებისათვის 2005 წლის 13 ივნისს დააკავა. 2005 წლის 9 დეკემბერს კი მას ბრალდება წარედგინა, რომლის მიხედვითაც მან, მის მიერვე შექმნილი ბანდიტური ჯგუფის წევრებთან გოჩა ვარაზაშვილთან, კობა აბაზაშვილთან და ზურაბ გეთიაშვილთან ერთად არაერთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა: 2003 წლის 3 დეკემბერს ქ. გურჯაანში, საკუთარ სახლში ცოლ-ქმარი ომარ და ვენერა ნიბლაძეები დახოცეს; 2004 წლის 5 იანვარს სოფელ გურჯაანში მცხოვრები დედა-შვილი ნინო და დარინა პაპუნაშვილები მოკლეს; ორგანიზება გაუწიეს და 2005 წლის 19 აპრილს განზრახ მოკლეს გური შევარდნაძე.

სისხლის სამართლის საქმეს ნაზღაიძის და სხვა პირთა მიმართ, ყვარლის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ოლიკო სეფიაშვილი, თითქმის უკვე ერთი წელია რაც იხილავს. ამ ხნის მანძილზე განსასჯელ ნაზღაიძის ადვოკატი დავით ნიშნიანიძე აცხადებდა, რომ პროკურატურას მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ უტყუარი მტკიცებულებები არ გააჩნდა, რასაც ბრალდების მხარე კატეგორიულად უარყოფდა.

სახელმწიფო ბრალმდებელმა, კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილემ ვაჟა მაღრაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ საქმეშია როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც განსასჯელთა მიერ სხვადასხვა მძიმე დანაშაულების ჩადენას ადასტურებს: „ის რომ ნაზღაიძის, ვარაზაშვილის, აბაზაშვილისა და გეთიაშვილის მიერ ჩადენილია მკვლელობები და სხვა დანაშაულებები, ამას ექსპერტიზების დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, ასევე ფარული ვიდეოჩანაწერი მოწმობს, სადაც გოჩა ვარაზაშვილი ყველაფერს აღიარებს“ - აცხადებდა ვაჟა მაღრაძე.

მას შემდეგ კი, რაც სისხლის სამართლის საქმეს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა დაერთო, პროკურატურა კომენტარისგან თავს იკავებს.

„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ შეძლო და შემთხვევის ადგილას ნაპოვნი და ექსპერტიზისთვის წარდგენილი სიგარეტის ნამწვიდან დნმ-ი ამოიღო. აღნიშნული დნმ-ის კვალი შესაბამისი აღმოჩნდა ზურაბ გეთიაშვილის სისხლის ნიმუშიდან მიღებულ დნმ-თან, რომელიც ასევე იყო წარდგენილი ექსპერტიზაზე“ - ნათქვამია დასკვნაში. გარდა ამისა, გასულ კვირას გოჩა ვარაზაშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ ოლქის პროკურორმა თამაზ ცაბუტაშვილმა, შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს უფროსმა თემურ ანჯაფარიძემ და გურჯაანის ყოფილმა პროკურორმა ლექსო ფერიაშვილმა, მას ჩვენება ძალის გამოყენებით მიაცემინეს:

„რამდენიმე საათის განმავლობაში სამივე მათგანი წიხლებით მცემდნენ. ან მივცემდი მათთვის სასურველ ჩვენებას, რომ მე, ნაზღაიძემ, აბაზაშვილმა და გეთიაშვილმა ერთად დავხოცეთ ნიბლაძეები და პაპუნაშვილები, ასევე დავგეგმეთ გური შევარდნაძის მკვლელობა, ან როგორც ცაბუტაშვილმა, ანჯაფარიძემ და ფერიაშვილმა მითხრეს, ფანჯარას გახსნიდნენ, გაქცევის სცენას მოაწყობდნენ და ჩემს ლიკვიდაციას მოახდენდნენ“ - განუცხადა სასამართლოს გოჩა ვარაზაშვილმა.

ჩვენების მიღების მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებას უარყოფს ოლქის პროკურორი თამაზ ცაბუტაშვილი:

„ვარაზაშვილი არ გვიცემია. იგი იტყუება. მან თავისი ნებით მისცა ჩვენება, აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებები და სხვებიც ამხილა. ჩვენება გადაღებულია ვიდეოფირზე და მალე გამოქვეყნდება“ - გვითხრა ცაბუტაშვილმა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო პროცესზე მოწმის სახით გამოცხადებულმა თემურ ანჯაფარიძემ არ უარყო, რომ სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მოსვლისას, ნაზღაიძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

- ბატონო თემურ, თქვენ არ უარყოფთ, რომ ჩემი, კრიმინალური პოლიციის უფროსად მუშაობის პერიოდში, ჩემთან კარგი ურთიერთობა გქონდათ. იქნებ გაიხსენოთ, ჩვენს შორის მომხდარი მნიშვნელოვანი ამბავი?
- არ მახსოვს. მას შემდეგ ორი წელი თუ უფრო მეტი გავიდა.
- ბატონო თემურ, წამალთან დაკავშირებით როგორა ხართ, ისევ იკეთებთ?..
- ვიკეთებდი, ვიკეთებ და სიცოცხლის ბოლომდე გავიკეთებ... (ჩანაწერის სტილი დაცულია).
- ნარკობარიგა და ნარკომანი რომ ხარ, ამას დაგიმტკიცებ. ჩემს ჩვენებაში ყველაფერს დეტალურად ვიტყვი. კაიფში გაპარული ძლივს რომ მოგაბრუნეთ, ამასაც ვიტყვი და საერთოდ, იმასაც, რატომაც ვზივარ აქ~- აღნიშნა ნაზღაიძემ და დანარჩენის თქმა მას მოსამართლემ აღარ აცალა. თუმცა პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თავის ჩვენებაში, რომელსაც სასამართლოს მალე მისცემს, უკან არ დაიხევს და ბევრ რამეს იტყვის.

სასამართლო პროცესი ამით არ დასრულებულა. განსასჯელმა აბაზაშვილმა, რომელიც სასამართლო დარბაზში ბადრაგმა ცალკე, ხელბორკილების გარეშე წარმოადგინა, სასამართლოს, წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სრულიად საწინააღმდეგო ჩვენება მისცა:“მე და ნაზღაიძე ვმეგობრობდით. ურთიერთობა არც მას შემდეგ შეგვიწყვეტია, რაც მას ძმა მოუკლეს. მეკითხებოდა ხოლმე, ხომ არ იცი ჩემი ძმა ვინ მოკლა, ან ამის შესახებ სადმე რამე ხომ არ გაგიგიაო. ვპასუხობდი, არაფერი ვიცი მეთქი. ერთი დღეც არის და მეუბნება, ნიბლაძეები ჩამოსულან ისრაელიდან, ფული ჩამოუტანიათ და უნდა დავაყაჩაღოთო. მე ვუთხარი, მე მაგას ვერ ვიზამ, ჩემი მეზობლები არიან-მეთქი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ის და ვარაზაშვილი მაინც შევიდნენ მათ ბინაში და დახოცეს. ეს ამბავი მომხდარიდან მეორე დღეს გავიგე. ...ბედობა დღე იყო. 2004 წლის 2 იანვარი. ნაზღაიძეს თავის უბანში ჩაუვლია. პაპუნაშვილების ჭიშკართან ნინო მდგარა. გოჩას უთქვამს, სახლში ჩავალ, ეხლა არაფერი მაქვს, ამოვალ და მოგილოცავთ ახალ წელსო. ეს ყველაფერი მან თავად მომიყვა. დაურეკია ვარაზაშვილისთვის, უთქვამს ისე ამოდი, რომ არავინ დაგინახოსო. იმავე დღეს პაპუნაშვილებთან შევიდნენ და დედა-შვილი დახოცეს. გოჩას ეჭვი ჰქონდა, რომ მისი ძმა ნუგზარ პაპუნაშვილმა, მეტსახელად „ჭინჭრაქამ“ მოკლა. რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა და მეუბნება, პოლიციას ეჭვი შენზე აქვს. ხომ ხარ გეთიაშვილთან ახლოს, უნდა რამენაირად მოახერხო და მის მიერ მოწეული სიგარეტის ნამწვი მომიტანოო. მეც მოვახერხე და მივუტანე. ასე აღმოჩნდა გეთიაშვილის სიგარეტის ნამწვი პაპუნაშვილების მკვლელობის საქმეში. ...მე ვიღებდი მონაწილეობას ნიბლაძეემის დაყაჩაღების დაგეგმვაში, მაგრამ არავინ მომიკლავს არც მე და არც გეთიაშვილს. ჩვენ მკვლელები არ ვართ. წინასწარ გამოძიებაში სხვა ჩვენება იმიტომ მაქვს მიცემული, რომ ნაზღაიძე და ვარაზაშვილი მემუქრებოდნენ. დანარჩენი არაფერი არ მახსოვს და ტუილად ნუ შემეკითხებით. დრო მომეცით, ზუსტ რიცხვებს ციხეში გავიხსენებ და მომდევნო პროცესზე ვიტყვი, რაც გამომრჩა“ - აღნიშნა კობა აბაზაშვილმა.

მისი ჩვენება ნაზღაიძის ადვოკატმა, პროკურატურის მხრიდან აბაზაშვილზე ზეწოლით და გარიგებით ახსნა: „პროკურატურას სხვა გზა აღარ დარჩენია, გარდა იმისა, რომ გადაიბიროს თავად რომელიმე განსასჯელი. აბაზაშვილმა ბევრი ფაქტობრივი შეცდომა დაუშვა. როგორც ჩანს გაზეპირებული კარგად ვერ დაამახსოვრეს. არ გამოვრიცხავ მას  საპროცესო შეთანხმებაც გაუფორმონ. აღსანიშნავია ისიც, რომ აბაზაშვილი აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში იყო“ - აღნიშნა ადვოკატმა და არც ის გამორიცხა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.

ჩვენი ინფორმაციით, სასამართლო პროცესამდე კობა აბაზაშვილმა კახეთის საოლქო პროკურატურას კიდევ ერთი ჩვენება მისცა, ათი წლის წინ, გურჯაანიდან უგზო-უკვლოდ გამქრალი პოლიციის სტაჟიორის მერაბ ჯაჯანაშვილის მკვლელობის თაობაზე: „მერაბ ჯაჯანაშვილი გოჩა ნაზღაიძემ და მამუკა გოგიაშვილმა ფულის გამოძალვის მიზნით მოიტაცეს. მერე, რადგან გამოსასყიდი ვერ მიიღეს, იგი მოკლეს და დამარხეს“ - აღნიშნავს აბაზაშვილი ჩვენებაში, რომლის საფუძველზეც კახეთის საოლქო პროკურატურამ უკვე დააკავა მამუკა გოგიაშვილი. თელავის რაიონულმა სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ არც დაკავებულის და არც დაკარგული ჯაჯანაშვილის ოჯახის წევრები. ამ საკითხზე საუბარი არ სურთ პროკურატურაშიც. თავად მამუკა გოგიაშვილი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებამდე პოლიციამ ქ. გურჯაანში მისი საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკა და ნარკოტიკი აღმოაჩინა. თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცავებმა ჰეროინი დაკავებულის შარვლის ნაცვლად, მეუღლის შარვალში ჩადეს.

გოჩა ნაზღაიძის მორიგი სასამართლო პროცესი, ყვარლის რაიონულ სასამართლოში ხუთშაბათს არის ჩანიშნული.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები