კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცა - ჭერად, მიწა - იატაკად, ჰაერი - კედლებად

17 იანვარი, 2007

gamosaxleba.gifყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ეზოში, ეგზარიანების ოთხშვილიანი ოჯახი უკვე მეექვსე ღამეს ათევს. ეგზარიანები სოციალურად დაუცველ 200 ოჯახთან ერთად, ქარხნის შენობაში, 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ყოფილი ქარხნის შენობიდან იძულებითი გამოსახლების შემდეგ კი ისინი ქუჩაში აღმოჩნდნენ.

9 წლის ქრისტინე და მარი სკოლაში აღარ დადიან. ისინი დედასთან, ნათელა ეგზარიანთან ერთად, მეექვსე დღეა ქუჩაში ცხოვრობენ: „ოთხი შვილი მყავს, ბავშვებს მარტო ვზრდი. სახლი არ მაქვს და ქარხანას ვაფარებდი თავს. ახლა ქუჩაში დავრჩი. ორი მცირეწლოვანი ბავშვი ახლობლებთან მყავს დროებით შესახლებული. ქრისტინე და მარი ვერსად დავტოვე და ჩემთან არიან,“ ამბობს ნათელა ეგზარიანი.

ბათუმის ბაზრობისკენ მიმავალ ცენტრალურ გზასთან, ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ეზოში, ეგზარიანების ავეჯი - ერთი საწოლი, კარადა და რამდენიმე სკამი დგას. იქვეა ლეიბები და სამზარეულოს კარადაც. ეგზარიანების ოჯახი, მეზობელ ოთხ ოჯახთან ერთად, ქარხნის კარ-ფანჯრებისგან დანთებულ ცეცხლთან თბებიან. საჭმელსაც აქვე ამზადებენ: „ხამსა ვიყიდეთ და უნდა შევწვათ. აქვე ვჭამთ და აქვე გვძინავს. წასასვლელი არსად მაქვს. მითხრეს, დაცალე შენობა, კანონი ითხოვსო. მეც, კანონის მოთხოვნის თანახმად, დავცალე ოთახი. თუმცა არავის ადარდებს ის, რომ შესაძლოა ამას ჩემი ბავშვები ემსხვერპლონ.“

შენობის დაცლის შესახებ, ელექტრომექანიკური ქარხნის მცხოვრებლებმა დაახლოებით ორი კვირის წინ გაიგეს. 5 დღეში კი შენობა დაატოვებინეს. ქარხნის შენობაში ეკომიგრანტი, დევნილი და სოციალურად დაუცველი 200 ოჯახი ცხოვრობდა. რამდენიმე დღის წინ ოჯახების უმრავლესობამ, დროებით, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გამოძებნა. ქარხნის ეზოში კი მხოლოდ ისინი დარჩნენ, რომლებმაც საცხოვრებელი ფართი ვერ იშოვეს: „ასი ლარი მაქვს ხელფასი. ასი ლარი ახლა ნაქირავებ ბინაში უნდა გადავიხადო, ბავშვებს რა ვაჭამო. ჩემი ბავშვი არ არის ღირსი ნორმალურად ჭამოს ან სკოლაში ისწავლოს? სამი წელი უწყლოდ და უშუქოდ ვცხოვრობდით. დადგება პრეზიდენტი და ჩვენი მომავალიო იძახის. რა მომავალი? არ გვაქვს მომავალი, არც ამ ბავშვებს აქვთ ცხოვრება. ნახეთ რა აცვიათ, რას ჭამენ,“ - გვითხრა ხათუნა დიასამიძემ.

ქარხნის ეზოში ცხოვრობს ნადია ბოლქვაძეც. ის მეუღლესთან და 7 წლის შვილიშვილთან ერთად, სამი წელი გაუქმებული ქარხნის შენობას აფარებდა თავს. იქ თვითნებურად მას შემდეგ შესახლდა, რაც ხულოში სახლი მეწყერმა დაუნგრია. 5 იანვარს სასამართლო გადაწყვეტილება გააცნეს, რომლის თანახმადაც შენობა უნდა დაეტოვებინა: „შვილიშვილი ამ სიცივეში გამოვზარდე, მაგრამ ღვთის წყალობით ჭერი მქონდა. ახლა სად წავიდე.  60 წლის კიბოთი დაავადებული ქალი ვარ. ბავშვს მშობლები არ ჰყავს, მე გავზარდე. ერთი ღამის გათენებას ვთხოვ ვიღაცას, მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნება... გემუდარებით, ვისაც დახმარება შეგიძლიათ ოთახი მოგვეცით.“
 
7 წლის თამუნამ არ იცის ბებია სად წაიყვანს ან რამდენ ხანს მოუწევს ქუჩაში ცხოვრება, მაგრამ ქარხნიდან წასვლა მაინც უხარია: „მასწავლებელმა მითხრა მოგიძებნი ბინასო, მაგრამ ჯერ ვერაფერი ნახა. აქედან რომ მივდივარ, მიხარია, აქ ციოდა და არც ტელევიზორი იყო.“

გაუქმებული ქარხნის შენობიდან ბინაში, მხოლოდ თამაზ ცეცხლაძის სამშვილიანი ოჯახი გადავიდა. ერთ-ერთი შვილი ჯაბა, ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. ის ყრუ-მუნჯი და გონებადაქვეითებულია. ოჯახს კერძო ფირმამ მშენებარე სახლში ფართი მისცა. სხვა ოჯახებმა დახმარებისთვის ადგილობრივ საკრებულოს და მერიას მიმართა.

განცხადებები ადგოლობრივ თვითმართველობას ჯერ არ განუხილავს. მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო, ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ სოციალურად დაუცველი ოჯახების წინაშე სახელმწიფოს ვალდებულება არ გააჩნია.

 ელექტრომექანიკურ ქარხანაში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები ალტერნატიული ფართის მოძიებამდე ქარხნის ეზოში აპირებენ ყოფნას. აჭარაში არ არსებობს ორგანო, რომლებსაც უსახლკარო ოჯახებზე ზრუნავა ევალება. არ არსებობს არც  ისეთი დაწესებულება, სადაც ეს ოჯახები ღამის გათევას შეძლებენ. „საკუთარი ინიციატივით ჩვენთან არავინ მოსულა. ხომ შეეძლოთ ქალაქის მერიიდან მოსულიყვნენ და საჭმლის თანხა მაინც მოეცათ. თუნდაც ერთჯერადი დახმარების სახით,“ ამბობს  ნათელა ეგზარიანი.

ქარხნის დირექტორი თამაზ ლომიძე აცხადებს, რომ ოჯახებს თადარიგი მანამდე უნდა დაეჭირათ და საცხოვრებელ ფართზე ეზრუნათ: „ქარხანაში უკანონოდ იყვნენ შესახლებულნი. შენობის გაყიდვამდე სასამართლო პროცესი იყო და მათ უნდა გაეთვალიწინებინათ, რომ მალე გაასახლებდნენ. სამი წლის განმავლობაში მათზე ხელისუფლება ზრუნავდა და აქ ყოფნის საშუალებას აძლევდა. უბედური, უსახლკარო ადამიანები არიან, მაგრამ ხელისუფლებას მათ წინაშე არანაირი ვადებულება არ გააჩნია.“

ქარხნის ტერიტორია, სადაც უსხალკარო ოჯახები ცხოვრობდნენ ნახევარმილიონ დოლარად გაიყიდა. ის უკრაინელმა ინვესტორმა შეისყიდა და უახლოეს მომავალში  ქარხნის ბაზაზე ოთხი საწარმოს გახსნა იგეგმება.

სოფო ჟღენტი, ბათუმი

ახალი ამბები