კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ნაღმებზე ყოველ თვე ფეთქდებიან

18 იანვარი, 2007

Mine.gifწლების წინ დანაღმული ტერიტორიები საქართველოს მოსახლეობას დღესაც რეალურ საფრთხეს უქმნის. თითქმის თვე არ გავა, სხვადასხვა რეგიონში ნაღმზე აფეთქების შემთხვევა არ დაფიქსირდეს. უკანასკნელი ინციდენტი კი 14 იანვარს, წყალტუბოს რაიონის სოფელ თერნალში მოხდა. ბაბუა და 9 წლის შვილიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, 6 წლის ქეთი ჩაგუნავას კი თვალი დაუზიანდა.  დანაღმული ტერიტორიების პრობლემის მთლიანად აღმოსაფხვრელად კი ექსპერტები  რუსეთიდან დანაღმული ტერიტორიების რუკებს ითხოვენ. 

რაც შეეხება წყალტუბოში მომხდარ უბედურ შემთხვევას, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, ბაბუა - გურამ ჩაგუნავა და მისი 9 წლის შვილიშვილი მათივე სახლის უკან ტყეში შეშის მოსატანად წავიდნენ. იქ ყუთი იპოვეს, რომელიც სახლში წაიღეს. როგორც კი მისი გახსნა დაიწყეს, ყუთი აფეთქდა და ტრადეგია დატრიალდა. რაც შეეხება 6 წლის ქეთის, მან ცალი თვალი დაკარგა. ჟვანის სახელობის პედიატრიულ კლინიკაში ამბობენ, რომ ბავშვის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.        

საქართველოში ნაღმებზე ყოველწლიურად ათობით ადამინი ფეთქდება. ზოგი იღუპება, ზოგიც სამუდამოდ ხეიბარი რჩება. ეს არა მხოლოდ კონფლიქტის ზონებში ხდება, არამედ იმ ტერიტორიებზეც, სადაც არც ისე დიდი ხნის წინ რუსული სამხედრო ბაზები იყო განლაგებული. განაღმვას სხვადასხვა ფაქტორები ართულებს. იმ ტერიტორიებზე, სადაც ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც შეეხება ოფიციალური თბილისის კონტროლის ქვეშ მყოფ მიწებს, საქართველოს შესაბამის სამსახურებს დღემდე არ აქვთ რუსული სამხედრო ობიექტების ტერიტორიების დანაღმვის ზუსტი რუკები.

ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, მარტო აფხაზეთის ტერიტორიაზე ნაღმებზე სულ 682 ადამიანია აფეთქებული. აქედან გარდაცვლილია 150 ადამიანი, დანარჩენი კი დაჭრილი და დასახიჩრებულია. ცხინვალის რეგიონსა თუ სხვა ტერიტორიებზე აფეთქებების შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს.

რაც შეეხება 1992 წლიდან დღემდე აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებებს: 1992 წელს ნაღმზე აფეთქების 49 შემთხვევა დაფიქსირდა, 1993 წელს - 158; 1994 წელს - 125; 1995 – 48; 1996 წელს - 36; 1997 წელს - 65; 1998 წელს - 102; 1999 წელს - 27; 2000 წელს - 7; 2001 წელს - 21; 2002 წელს - 20; 2003 წელს - 5; 2004 წელს - 6; 2005 წელს - 15. 2006 წლის სტატისტიკა კი ამ ეტაპისთვის დაზუსტებული არ არის.

როგორც კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი აცხადებს, პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი და პირველი ღონისძიება საშიში ზონების მარკირება უნდა იყოს. მისივე თქმით, მართალია, ხელისუფლება სიტყვიერად ამას ეთანხმება, თუმცა შედეგი ამ ეტაპისთვის ნულის ტოლია: „ამ მიმართულებით საერთაშორისო დონეზე სერიოზული გამოცდილება არსებობს. მათი პრაქტიკიდან გამომდინარე, გასაკეთებელი საკმაოდ ბევრია. თუ ჩვენ განაღმვითი ოპერაციების ჩატარება არ შეგვიძლია, დანაღმული ტერიტორიების მარკირება (სპეციალური ლენტებისა თუ სხვა დამცავი საშუალებების გავლება) მაინც უნდა მოხდეს. ეს მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიებზე შესვლა აკრძალულია. თუ ვინმე შევა და დაზიანდება, სახელმწიფო პასუხისმგებლობას იხსნის.“

მისივე თქმით, პირველი, რაც სახელწიფომ ამ მიმართულებით უნდა გააკეთოს, არის საზოგადოების ინფორმირება ნაღმის აღნაგობის, შემადგენლობის, ვიზუალურობისა და საფრთხის შესახებ: „საჭიროა სკოლებში სპეციალური სწავლებების ჩატარებაც, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ, როგორ გამოიყურება ნაღმი და რა შემთხვევაში ფეთქდება ის. ამაში მთელი სისტემა უნდა ჩაერთოს, როგორც არასამთავრობო, ასევე სახელმწიფო დონეზე. მთავარია, ეს სახელმწიფო პოლიტიკის საგანი გახდეს. სამწუხაროდ, სერიოზული პრობლემაა დანაღმული ტერიტორიების რუკების არარსებობა.“

დანაღმული ტერიტორიები მხოლოდ კონფლიქტურ ზონებში არ არსებობს. მაგალითად, წელს საგარეჯოში მარტო იანვარ-თებერვალში ნაღმზე 2 ადამიანი აფეთქდა. პრობლემები თითქმის ყველგანაა, სადაც სსრკ-ს სამხედრო ბაზები იყო. დანაღმული ტერიტორიები არსებობს ახალციხეში, ახალქალაქში, საგარეჯოში, ვაზიანში, თელავის აეროდრომის ტერიტორიაზე, მცხეთაში, თბილისში.

რაც შეეხება ამ საკითხზე მთავრობის პოზიციას, სახელმწიფო მინისტრის აპარატში გვითხრეს, რომ იმ ტერიტორიებზე, რომელსაც საქართველო აკონტროლებს, პრობლემები არ არსებობს, უკონტროლო ტერიტორიებზე კი პასუხისმგებლობა მათ არ ეკისრებათ. „მაგალითად, არის ტერიტორიები ზემო აფხაზეთში, სოფელ შრომაში, ლათაში, რომელსაც აფხაზები აკონტროლებენ. მათი განაღმვა როგორ უნდა მოხდეს, წარმოუდგენელია. ამას სახელმწიფო მხოლოდ მას შემდეგ მოახერხებს, როცა იმ ტერიტორიაზე იურისდიქციას აღადგენს“, - ასეთია სახელმიფო მინისტრის აპარატის პოზიცია.

თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო სამსახურის ყოფილი წარმომადგენელი, უფროსი ლეიტენენტი, გორგასლის ორდენოსანი თემურ სახოკია ერთ-ერთი დაზარალებულია, რომელმაც განაღმვითი ოპერაციების დროს ორივე ხელი დაკარგა. მისი თქმით, შესაბამის უწყებებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, თუ რომელ ტერიტორიაზე და როგორი კონფიგურაციითაა საქართველოში ნაღმები დალაგებული.

თემურ სახოკია: „აფხაზეთში განაღმვით ოპერაციებში ვმონაწილეობდი. პირველად სნაიპერმა დამჭრა, მეორედ კი ნაღმზე ავფეთქდი. ვიცოდი, რომ ის ტერიტორია დანაღმული იყო და სპეციალურ სამუშაოებს ვაწარმოებდი. შედეგად ორივე ზედა კიდური დავკარგე. რაც შეეხება პრობლემის მოგვარების გზებს, აუცილებელია მონიტორინგის ჯგუფის შექმნა. ასევე რუსეთიდან იმ რუკებისა და სქემების დაუყოვნებლივ გამოთხოვა უნდა მოხდეს, სადაც მათი სამხედრო ნაწილები იდგა და ტერიტორიები დანაღმულია. ცუდია, რომ, ჩვენ არ ვიცით, საქართველოს ტერიტორიაზე ნაღმები რა კონფიგურაციითაა დალაგებული და მათი რა სახეობები არსებობს. თუ ამ ინფორმაციების მიღება არ მოხდა, მათ ძიებას დიდი დრო დასჭირდება, გარდა ამისა, მსხვერპლიც საკმაოდ დიდი იქნება.“

როგორც რესპონდენტი ამბობს, რუსეთიდან მიღებული სქემები ზუსტი უნდა იყოს. ის ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც არასწორი ინფორმაციის მიღების გამო ტრაგედია დატრიალდა; „ძალიან კარგად მახსოვს სსრკ-ს დროს მცხეთაში არსებული ერთ-ერთი ბატალიონი, სადაც მე მეთაურის მოადგილე ვიყავი. ჩვენ გვითხრეს, რომ მთელ პერიმეტრზე მხოლოდ სასწავლო ნაღმები იყო განლაგებული. ეს ის ნაღმებია, რომელიც მხოლოდ ხმაურს იწვევს და ადამიანს არანაირ დაზიანებას არ აყენებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ სასწავლოსთან ერთად საბრძოლო ნაღმებიც იყო. კარგად მახსოვს, მაშინ რამდენიმე ადამიანი რომ აფეთქდა. საქართველოს ტერიტორიაზე გაფანტული ნაღმების ამოღება აუცილებელია, რადგან ის 50-200 წელს ძლებს და როდის ათეთქდება არავინ იცის.“

ეკა გულუა

ახალი ამბები