კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართლის სოფლებში კომუნალური გამრიცხველიანება მოსახლეობას ძვირად უჯდება

23 იანვარი, 2007

meter.gif15 იანვრიდან გორის რაიონის სოფლების უმრავლესობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. როგორც გორის რაიონის ენერგოკომპანიაში აცხადებენ, იმ აბონენტს, რომელმაც დენის საფასური 15 იანვრამდე არ დაფარა, ვალის დაფარვამდე შეუწყდათ ელექტროენერგია.

ოფიციალური გაანგარიშებით, დენის ტარიფი 13 – 15 თეთრი ღირს. თუმცა ეს ტარიფი გორის რაიონის მოსახლეობაზე არ ვრცელდება. მაგალითად, გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში ენერგოკომპანიის წარმომადგენლები მოსახლეობას გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს 20 – 26 თეთრამდე ახდევინებს.

ელიკო მირუაშვილი: (ქვახვრელის მკვიდრი): „უკვე რამდენიმე თვეა, ასეთ სიტუაციაში ვართ. გინდ ეკონომიურად მოიხმარე დენი, გინდ არა – მაინც იმაზე მეტს გადაგახდევინებენ რამდენიც ღირს. ძირითადად, თვეში დაახლოებით 80 კვ  ელექტროენერგიას ვხარჯავ. მიუხედავად ამისა, ტარიფს ყოველთვიურად ზრდიან. თუკი პირველ თვეს კილოვატ საათზე 13 თეთრი გადავიხადე, მეორე თვეს – მითხრეს, 16 თეთრი უნდა გადაიხადოო… მესამე თვეს 19 თეთრიო, იანვრის თვეში კი მეუბნებიან – 26 თეთრი უნდა გადაიხადოო. მალე ალბათ კოლოვატ საათზე ლარს გადაგვახდევინებენ.”

ანალოგიური ვითარებაა გორის რაიონის სოფელ უფლისციხეში. მოსახლეობა გაურკვეველ ვითარებაშია. ამას ის ფაქტიც ემატება, რომ ხალხმა არ იცის ვის მიმართოს. ენერგოკომპანიის წარმოამდგენლები გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს დაითვლიან, ,,აბნელებენ” სოფლებს,  თანხის აკრეფას მოსახლეობას აკისრებენ და მიდიან. სოფლებში აღარც საკრებულოს თავმჯდომარეები არიან და ჯერ არც მამასახლისებია დანიშნული.

ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ სოფლებში კომუნალური მრიცხველების სისტემა მოქმედებს. გორის ენერგოკომპანიაში სჯერათ, რომ კომუნალური გამრიცხველიანება ამართლებს, თუმცა მოსახლეობის თვალით დანახული ,,კომუნალური გამრიცხველიანება” უპერსპექტივოა.

,,სოფლებში ენერგოკომპანიას თავისი ოფიციალური წარმომადგენლები არ ჰყავს. ინკასატორის სისტემა იქ არ მუშაობს. მოსახლეობამ თავად უნდა იზრუნოს თანხის აკრეფაზე. საქმე იმაშია, რომ სოფლის შუაგულში ერთი კომუნალური მრიცხველი დგას. იქ აღრიცხულია ის მაჩვენებელი, რაც დავუშვათ 50 ოჯახმა ერთ თვეში დახარჯა. ვვანგარიშობთ თანხის რაოდენობას, შემდეგ ვაფრთხილებთ ამ 50 ოჯახს, რა რაოდენობის თანხაა გადასახდელი. თვითონ მოსახლეობაა ვალდებული თანხა აკრიფოს. ვიდრე თანხა 100%-ით არ დაიფარება, ჩვენ დენს ვერ ვაწვდით. თუ იმ 50 ოჯახში დენის მომპარავი ჰყავთ, ეს თვითონ მოსახლეობამ უნდა გამოავლინოს” – აცხადებენ ენერგოკომპანიაში.

მოსახლეობა აცხადებს, რომ კომუნალური მრიცხველების და 50 ოჯახის ინდივიდუალური მრიცხეველების მაჩვენებელთა ჯამის თანაფარდობა საკმაოდ განსხვავებულია.

,,ფაქტია, რომ ჩვენი ინდივიდუალური მრიცხველები გახარჯული ელექტროენერგიის უფრო ნაკლებ მაჩვენებელს აფიქსირებს, ვიდრე კომუნალური მრიცხევლები. არავინ იცის, რამდენად გამართულად მუშაობს სოფლებში ან ის კომუნალური, ან კიდევ ინდივიდუალური მრიცხველი. კომუნისტების დროინდელი მრიცხველებია. იქნებ იფიქრონ, თანამედროვე გამრიცხველიანებაზე. არავინ ჩვენი პატრონი არ არის და ამ პრობლემას მოგვარება ჯერ არ უწერია. ვიდრე ეს კომუნალური მრიცხველები იქნება, თანხის ,,მოტეხვა” უფრო იოლი იქნება” – ჩივიან ქვახვრელელები და უფლისციხელები.

ფაქტია, რომ მოსახლეობა დენის საფასურს ორმაგად იხდის. მიუხედავად ამისა, სოფლებს ,,დავალიანება” ენერგოკომპანიის მიმართ მაინც ყოველთვის აქვთ. არსებობს ეჭვი, რომ ენერგოკომპანია ხალხს ზედმეტ თანხას იმიტომ ახდევინებს, რომ გორში დამონტაჟებული გარეგანათების მიერ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ამოღება მოხდეს.

,,დღეები ისე გადის, ვერც კი ვხედავ ქალაქის გარეგანათებას. იმის ფული ქალაქელებმა გადაიხადონ. სოფელში მაცხოვრებლებს თავი დაგვანებონ.” – ცხარობს მოსახლეობა.

საბა წიწიკაშვილი, გორიდან

ახალი ამბები