კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მშიერი ხალხი ქუჩაში გამოვიდა

24 იანვარი, 2007

aqcia3.gif24 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის წინ სოციალურად დაუცველი, მშიერი მოსახლეობის საპროტესტო აქციები დაიწყო. პენსიონერები, ომის ვეტერანები, უმუშევრები და პედაგოგები საკუთარი უფლებების დაცვას, ადამიანურ პირობებში ცხოვრებას და კუთვნილ შეღავათებს ითხოვენ. დაშლას არ აპირებენ და სისხლისღვრითაც იმუქრებიან.   

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ტრანსფარანტებიც გაშალეს, მეგაფონიდან პარლამენტის წევრებს მიმართეს და შეხვედრაც ითხოვეს, თუმცა მათთან სასაუბროდ არავინ მისულა. მოთხოვნა სხვადასხვაა, მიზანი კი ერთი - ადამიანურად ცხოვრება.
      
გივი ჭაბუკიანი, სამამულო ომის ვეტერანი, 80 წლის: „ყველა პრობლემას ხაზს გადავუსვამ და ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიგებ ერთიდაიგივე სტატუსის მქონე ვეტერანებს განსხვავებული პენსია რატომ გვაქვს. ზოგს მეტი აქვს, ზოგს - ნაკლები. საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი ვიჩივლეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. პარლამენტსაც გავუგზავნეთ მოთხოვნა, მაგრამ  არ განიხილეს. ზედმეტს არაფერს ვითხოვთ, მხოლოდ ერთადერთი რამ გვინდა - ჩვენი კუთვნილი მოგვცენ და მორჩა.  ყოველ წელს რაღაცეებს გვაკლებენ, მაგრამ არ ვჩივით. თუ ხალხი ერთმანეთს დავუდგებით, შედეგიც იქნება. თუ არა და - არაფერი გამოვა. აქციაზე ხვალაც უნდა მოვიდეთ და ზეგაც.  იქნებ რამე შევაგნებინოთ.“

მეორე  მიზეზი, რის გამოც მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არსებული შეღავათების გაუქმება გახდა. კერძოდ, მოსახლეობის გარკვეული კატეგორია ან უფასოდ მგზავრობდა, ან 50%-იანი შეღავათით.    

მიხეილ ფეიქრიშვილი მეორე ჯგუფის ომის ინვალიდი, 83 წლის: „მეტროში უფასოდ უნდა გვევლო. ესენი კი ჭიანჭველებივით გვსრესენ. ასე შეიძლება?  ყველა შეღავათი მოგვიხსნეს რაც კი გვქონდა, არც ცოცხლებში ვწერივართ და არც მკვდრებში. კანონებში კარგად ვერკვევი. როცა  გარკვეულ შეღავათებს აუქმებენ, ეს ჯერ კონსტიტუციით უნდა დაკანონდეს და ბრძანება მერე გასცენ. ამათ კი არც კონსტიტუცია ანტერესებთ და არც არაფერი. ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც თავად სურთ. ახალგაზრდებს, ჩვენს შვილებს მაინც მისცენ სამუშაო, რომ მათ გვარჩინონ და მშივრები არ ვიყოთ.“     

კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც აქციის მონაწილეებს შეუერთდა, აფხაზეთიდან დევნილები არიან. მიზეზი კი ის არის, რომ მეტროთი უფასო მგზავრობის ბარათები მოუხსნეს და სავაჭრო აგდილებიდანაც აძევებენ.

ნათელა რუსია: „11 წელია მეტრო „დელისის“ მიწისქვეშა ჩასასვლელში ვვაჭრობ. აფხაზეთიდან დევნილი ვარ. ჩვენს უკან 75 ოჯახი დგას. ახლა მეტროს გათავისუფლებას გვაიძულებენ. ვთხოვთ, სადმე ადგილი გამოგვიყონ, რომ ვაჭრობა გავაგრძელოთ და პურის ფულის შოვნის საშუალება გვქონდეს. ყურადღებას არავინ გვაქცევს. თუ ასეა, ჩვენს სახლებში დაგვაბრუნონ.“

ერთ-ერთმა დევნილმა იამზე გიგავამ კი გვითხრა, რომ სავაჭრო ადგილს ცოცხალი თავით არ დატოვებს და იქ აუცილებლად სისხლი დაიღვრება: „მეც აფხაზეთიდან ვარ. ერთადერთი შემოსავალი ვაჭრობიდან გვქონდა. უკიდურეს გაჭირვებაში ვიმყოფებით. მთავრობას ვთხოვთ,  დაგვაკმაყოფილოს და რაიმე ფართი შემოგვთავაზოს. ცოცხალი თავით არ გამოვალთ, თუნდაც დაგვხოცონ. სხვა საშუალება არ გვაქვს და რა ვქნათ. რატომ ფიქრობს სახელმწიფო ჩვენს ამოძირკვას? ნუთუ ხელისუფლებას დევნილების სცხვენია? რომ არ გამოგვყარონ უკვე ერთი კვირაა მეტროში ვწევართ. იქ აუცილებლად რაღაც მოხდება, სისხლი დაიღვრება. ისე ეს ხალხი იქიდან არ გავა.“  

აქციაზე ჩვილბავშვიანებიც იყვნენ. ისინი პენსიების გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრებიან. „ის მიზერული პენსია, რომელსაც გვაძლევან, არ გვყოფნის. უმუშევრობაა და ძალიან ჭირს არსებობა. ხედავთ, რომ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მოვედი. ამასაც შია და მეც. 38 ლარიანი პენსიით თვიდან თვემდე თავის გატანა შეუძლებელია. ამ აქციას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. აქცია უნდა დაფიქსირდეს, ფული შევკრიბოთ და სტრასბურგში გავასაჩივროთ, როგორ გვექცევა მთავრობა, საკუთარი ხელებით რატომ გვახრჩობს. ხედავთ, რომ არც არავინ ჩამოდის და ჩვენი პრობლემებით არავინ ინტერესდება. ძალინ უსინდისოდ იქცევიან“ - გვითხრა ციალა კედელაშვილმა.

სამხედრო ძალის ვეტერენები კი შევარდნაძის დროს არსებული იმ დახმარებებისა თუ შეღავათების  აღდგენას ითხოვენ, რომელიც დღევანდელმა მთავრობამ მთლიანად გააუქმა.

რობინზონ პაპიძე, ვიცე პოლკოვნიკი: „სამხედრო ძალების ვეტერენების და პენსიონერების მოთხოვნა იმ სოციალური შეღავათების გაუქმებას ემყარება, რომლის განხორციელება ჩვენმა მთავრობამ ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო. ის უფლებები, რომელიც შევარდნაძის რეჟიმის დროს მოვიპოვეთ, 70-80%-ით შემცირდა. თითქოს შევარდნაძე ხალხისთვის არაფერს აკეთებდა და ამ მოტივით გავუშვით. ახალმა მთავრობამ კი ხალხის სასარგებლოდ  მიღებული კანონებისა და შეღავათების გაუქმება დაიწყო.  ეს არის ანტიდემოკრატიული მიდგომა და იმ დაპირებებს ეწინააღმდეგება, რასაც სააკაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციისას ხალხს ჰპირდებოდა.  ასეთი ქმედებებით ხალხი მთავრობას შორდება, რაც ამ ხელისუფლებას საბოლოო კრახამდე მიიყვანს.“ 

როგორც აქციის მონაწილეები ირწმულებიან, აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მანამდე გაგრძელდება, სანამ ხელისუფლებასთან შეთანხმებას არ მიაღწევენ.     
 

ეკა გულუა

ახალი ამბები