კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბორჯომში „ჩაკარგული“ აფხაზეთი (ნაწილი II)

25 იანვარი, 2007

ltolvilebi.gif- ბებო, მთავრობიდან არიან, დასახმარებლად მოვიდნენ - იხუმრეს ბიჭებმა.
- მობრძანდით, საიდან ხართ? - როცა გაიგო ვინ ვიყავით, ბიჭებს ხელი მოუქნია, სარკეში ჩაიხედა, თმები გადაივარცხნა, საწოლზე მის გვერდით დაგვსვა და საუბარი დაიწყო: 

- სოხუმიდან ვარ, 60 წლის. 1993 წლის 27 სექტემბერს წამოვედი აფხაზეთიდან. პატარა შვილიშვილები მომყავდა და გემით გადმოვედი, უკრაინული გემით.  ჩემიანები კი ფეხით გადმოვიდნენ, შვილო. 28 სექტემბერს უკვე ფოთში ვიყავი.  29-ში კი -  ბორჯომში. იმ დღიდან აქ მარტო ვცხოვრობ. ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი მყავს. ეს თუ არსებობაა... ერთი შვილიც ამ სანატორიუმში თავის ორ შვილთან ერთად, მარტო ცხოვრობს. მეორე შვილი წყნეთშია. ჩვენ დევნილის ცალ-ცალკე ნომერი გვქონდა, მაგრამ გაგვაერთიანეს. რატომ, ვერ გავიგე. ამით დევნილობის ყოველთვიური 11 ლარიანი დახმარება წამართვეს და მხოლოდ 16 ლარს მიხდიან. ისიც იმიტომ, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამაში მოვხვდი. გარდა ამისა, ინვალიდობის პენსიას -  38 ლარს ვიღებ. ეს არის და ეს. მუშაობა რომ შემეძლოს, არანაირი დახმარება არ მჭირდება. შუქი როცა არის, ელექტროღუმელით ვთბები, როცა არ არის, ვიყინები. შეშა არ მაქვს. წყალს ბიჭები მიზიდავენ.“

ერთ პატარა ოთახში ერთმანეთის გვერდით კუსტარულად დამზადებული ორი ელექტრო გამათბობელი დგას. ერთი ძალიან პატარაა, მეორე - ოდნავ დიდი. შუქი არ არის. რესპონდენტი ხელებს იფშვნეტს და შუქის მოსვლას ელოდება:

- ხომ არ შეგცივდათ? აი, ჩემი შალი მოიფარეთ. თუმცა, რა შეგამცივნებთ, ახალგაზრდები ხართ, აბა მე მკითხეთ... მთავრობას ვთხოვდი, მეტი ყურადღება მოგვაქციონ. განა ხელისუფლებას ეკადრებოდა, 11 ლარი რომ მომიხსნა, რომელიც დევნილებს პურისთვის გვეძლეოდა? იცით რამდენია ისეთი ოჯახი, რომელსაც არც პენსია აქვს და მარტო 11 ლარით ცხოვრობს, იმან რა ქნას?
- ეს ყველაფერი იწერება არა? არ გადამიღოთ რა, კარგად არ გამოვიყურები – ამ ფრაზებს ხშირად იმეორებს და ტანსაცმელზე მიმაგრებულ მიკროფონს წამდაუწუმ ამოწმებს. თან პერიოდულად კითხულობს - ჩემი ხმა ხომ კარგად ისმის?  
- აფხაზეთზე რას ფიქრობთ?
- 45 წელი გავატარე აფხაზეთში. იქ უამრავი მეგობარი დავტოვე. პოლიტიკამ დაგვაკარგვინა ერთმანეთი, თორემ, გასაყოფი არაფერი გვქონია. ძალიან მენატრება ჩემი აფხაზი მეგობრები. მათთან არანაირი კონტაქტი აღარ მაქვს. საიდან უნდა დავუკავშირდე?  ერთი სული მაქვს, როდის დაველაპარაკები.  მგონია, რომ მეგობრობითა და მოლაპარაკებებით იქაური მთავრობა ამ ტერიტორიას არ დათმობს.
- აფხაზი მეგობრებიდან ყველაზე მეტად ვინ გენატრებათ?
- უახლოესი მეგობარი მყავდა ლარისა გოგია, აფხაზი. ძალიან მენატრება. აფხაზებთან უარყოფითი დამოკიდებულება არასდროს მქონია. მინდა გავიხსენო ის ბოლო აფხაზური ქორწილი, სადაც ომის დაწყებამდე ვიყავი. ისე კარგად, ტკბილად და სასიამოვნოდ გავატარეთ დრო, რომ არასდროს დამავიწყდება. აფხაზური და ქართული ქორწილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს.  განსხვავება ის არის, რომ ნეფე-დედოფალი ერთად არ ზის, ცალ-ცალკე კუთხეებში სხედან. ერთმანეთს ქორწილის მერე ხვდებიან. სადღეგრძელოებიც ჩვენებური იციან.
- გადამწვარ და გაპარტახებულ აფხაზეთში იმ ადგილს მიაგნებთ, სადაც ადრე ცხოვრობდით?
- ახლა ნახე როგორ იტიროს... კაი, კაი ახლა, ცრემლები არ გინდა ბებო - ამშვიდებენ იქვე ფიცრებისგან შეკრულ სკამზე ჩამომსხდარი ბიჭები.
რესპონდენტი ცრემლნარევი ხმით აგრძელებს საუბარს:
qali_1.gif-  როგორ არა დედა. დიდი სიმოვნებით წავიდოდი და ცარიელ მინდორზე დავსახლდებოდი. ჩემი სახლი დაინგრა, მიწასთანაა გასწორებული.
ნეტავი ისე მაინც იქნებოდეს, რომ ჩვენი კუთხის ხალხი, გალთან ახლოს შეგვკრიბონ და ჩაგვასახლონ. სხვა არაფერი მინდა. ეს მართლა ჩემი ოცნებაა. თუ ეს გაკეთდა და მოვესწარი, ისე მივიღებ, თითქოს ჩემს კუთხეში დავბრუნდი. დღეს კი ასე გაფანტულები რომ ვართ, ერთმანეთის დატირების საშუალებაც კი არ გვაქვს. რამდენი ახლობელი მიცვალებული წავიდა ჩემი ცრემლების გარეშე. აფხაზეთი ის კუთხეა, სადაც ღარიბები და გაჭირვებულები არ ცხოვრობდნენ. იქ ასეთი ხალხი არ არსებობდა...  

ჩვენს საუბარს ის ბიჭებიც ესწრებიან, რომლებმაც დევნილების პირობების გასაცნობად შენობაში მიგვიპატიჟეს. ერთმანეთს ჩუმად ეუბნებიან, „ინრეტვიუ შენც მიეციო“. მათ შორის ერთ-ერთი - ირაკლი ხუციშვილი საუბარზე დაგვთანხმდა. მართალია საკუთარი სახლი რეალურად არ უნახავს, თუმცა, იცის როგორ გამოიყურება, რა ხეები ყვავილობს ეზოში და სხვა მსგავსი წვრილმანები.

ირაკლი ხუციშვილი: „გუდაუთიდან ვარ. ჩემი წარმოდგენით აფხაზეთი ძალიან ლამაზია. დედა სოხუმელი მყავს. 19 წლის ვარ. როცა აფხაზეთიდან წამოვედით, პატარა ვიყავი. ჩემს კუთხეზე ყოველ დღე ვოცნებობ და დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, ახლავე წავიდოდი. ჩემი სახლი ფოტოებზე მაქვს ნანახი. იქ აფხაზი ცხოვრობს და კარგად უვლის, სახლს გვინახავს. სურათებსაც კი გვიგზავნის და ამბობს, რომ ჩამოხვალთ აქ იცხოვრებთო. იმ უბანში მარტო ჩემი სახლია გადარჩენილი. რაც შეეხება აფხაზებს, მათ არ ვიცნობ და არც ვიცი, როგორი ტრადიციის ხალხია. იმედი მაქვს, ერთმანეთს გავუგებთ. მათ მტრებად არ აღვიქვამ, ასეა რა“.

მასპინძელს დავემშვიდობეთ, ახალგაზრდები ისევ წინ მიგვიძღვებიან. დაბლა ვეშვებით. ეზოში ბლომად ხალხი შეგროვილა. როგორც ჩანს, ჩვენი სტუმრობის ამბავი ყველამ შეიტყო.
 
- აბა თქვენ იცით... აქეთ-იქიდან გვამხნევებენ...ვემშვიდობებით... როცა გამოაქვეყნებთ, გაგვაგებინეთ, უკან მოგვძახიან. ბილიკზე ის ქალბატონი ამოდის, რომელიც დილით სარეცხით ხელში ქვევით გარბოდა.
- ქალბატონო, სარეცხს სად რეცხავთ?
- აი, იქ, გოგირდის თბილი წყალი მოდის, სარეცხით სავსე ჭურჭელს ძირს დგამს და ისვენებს.
- არ გიჭირთ ამსიმძიმე სარეცხის მაღალ სართულზე ტარება?
- შევეჩვიეთ. სხვა რა გზა გვაქვს.

ბორჯომი მეორე დღეს დავტოვე. ის ღამე ერთ თბილ და მყუდრო სასტუმროში გავატარე. ჩემი ოთახის ფანჯრებიდან სწორედ ის მაღალი, გამურული და მოღუშული შენობა მოჩანდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილები უკვე 14 წელია თავს აფარებენ...
...არადა, რა ლამაზი იქნებოდა ხედი ჩემი ფანჯრებიდან რომ არა ეს ახონხლილი კორპუსი... და რა ლამაზი იქნებოდა ამ შენობაში შესახლებული ადამიანების ცხოვრება, რომ არა ეს ოხერი ომი...

ეკა გულუა ბორჯომიდან

ახალი ამბები