კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება განახლდა

31 იანვარი, 2007

samxaradz.gifსახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, გენერალურმა პროკურატურამ რადიო „ჰერეთის“   დირექტორის რამაზ სამხარაძის ცემის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება განაახლა. მოკვლევა გურჯაანის რაიონის პროკურატურის დადგენილებით, 2006 წლის 11 დეკემბერს შეწყდა.

2006 წლის 1 ოქტომბერს რადიო „ჰერეთის“ საინფორმაციო ანალიტიკურ პროგრამაში ,,მთელი კვირა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პირთა შესახებ რეპორტაჟი გავიდა. გადაცემაში სხვებთან ერთად ყოფილი პარლამენტარი დავით კაპანაძეც იყო ნახსენები. აღნიშნული რეპორტაჟის გასვლის შემდეგ, 9 ოქტომბერს, სამხარაძის თქმით, კაპანაძემ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დაზარალებულმა ექსპერტიზისათვის ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოს მიმართა. სტაციონარული სამსახურის მიმღები განყოფილების გამგის მიერ გაცემულ დიაგნოზში დადასტურებულია, რომ სამხარაძეს სხეულის დაზიანება აღენიშნება.
 
რამაზ სამხარაძემ განცხადება ლაგოდეხის პოლიციაში იმავე დღესვე შეიტანა, როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის მიცემულ ახსნა – განმარტებაში ლაგოდეხის პოლიციის უფროსის მოადგილე, გამომძიებელი გია ლომიძე განმარტავს, 2006 წლის 9 ოქტომბერს ლაგოდეხის შს რაიონულ განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმეზე - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით - წინასწარი გამოძიება დაიწყო, თუმცა 2006 წლის 11 დეკემბერს ლაგოდეხის პროკურატურის პროკურორის გიორგი ქოქიაშვილის დადგენილების საფუძველზე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება შეწყდა.

დადგენილებაში გამოძიების შეწყვეტის მიზეზად დავით კაპანაძის მიმართ დაზარალებულის საჩივრის არარსებობაა დასახელებული.

ქოქიაშვილის დადგენილებაში წერია: „წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ დავით კაპანაძის ქმედება არ გადაზრდილა ხულიგნობაში და არ დარღვეულა საზოგადოებრივი წესრიგი... აღნიშნულიდან გამომდინარე დავით კაპანაძემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სსკ 125-ე მუხლის I ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ან საერთო შრომისუნარიანობის მოშლა). ეს დანაშაული მიეკუთვნება კერძო ბრალდების საქმეთა კატეგორიას და დევნა სასამართლოში დაზარალებულის განცხადების საფუძველზე დაიწყება.“

ომბუდსმენის აპარატში მიაჩნიათ, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტა დაზარალებულის განცხადების არარსებობის გამო, საფუძველს მოკლებული იყო, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რამაზ სამხარაძემ ლაგოდეხის რაიონულ განყოფილებაში განცხადება წერილობითი სახით ინციდენტის დღესვე შეიტანა.

მიმდინარე წლის 9 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა რადიო „ჰერეთის“ დირექტორის ცემასთან დაკავშირებული მასალები რეაგირებისათვის საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციებს გადაუგზავნა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის წერილის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა. 23 იანვარს გააუქმა პროკურორ ქოქიაშვილის დადგენილება და გამოძიება განაახლა. ამასთან, საქმე ლაგოდეხის შს რაიონული განყოფილებიდან ამოიღეს და ის კახეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოს გადაეცა.

თავად დაზარალებული ჟურნალისტი გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, თუმცა საქმის გამოძიების იმედი მაინც არ აქვს: „ვფიქრობ, სამართლიანად გააუქმეს პროკურორ ქოქიაშვილის მიღებული დადგენილება წინასწარი გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამასთან არ მაქვს იმის იმედი, რომ კახეთის სამხარეო შინაგან საქმეთა სამართველო დროულად და ობიექტურად გამოიძიებს აღნიშნულ საქმეს, რადგან კახეთში ჟურნალისტებზე არაერთი ზეწოლისა თუ შეურაცხყოფის ფაქტები დღემდე თაროზეა შემოდებული და გამოუძიებელია,“ - აღნიშნავს სამხარაძე.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები