კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარაში მოსახლეობას მიწის გარეშე დარჩენა ემუქრება

8 თებერვალი, 2007

„მიწა დაგვიტიონ წამლისა და პურის ფულის სამათხოვროდ
ხელისუფლებას რომ არ მივადგეთ“...

batumi.gifბათუმის ადმინისტრაციული საზღვრები ფართოვდება. ბათუმს ხელვაჩაური, სარფი, გონიო, მწვანე კონცხი და სხვა სოფლები შემოუერთდება. სოფლის მაცხოვრებლები შიშობენ, რომ მათ მიწები ჩამოერთმევათ და მისი პრივატიზაცია მოხდება.

პირველად ბათუმის ადმინისტრაციული ტერიტორია 1925 წელს დამტკიცდა, იმ დროისათვის ქალაქის ფართობი 1650 ჰექტარს შეადგენდა. უახლოეს მომავალში კი ქალაქის მერის ინიციატივითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით ბათუმი
გაფართოვდება. პროექტის მიხედვით, ქალაქის გარშემო არსებული სოფლები ბათუმს უნდა შემოუერთდეს.

ქალაქის გაფართოების წინააღმდეგი არც ხელვაჩაურელი, 80 წლის ისრაფილ ზაქარაძეა. ქალაქელობაზე უარს არ ამბობს, თუმცა, თვლის, რომ მისთვის მთავარი ფასეულობა - მიწა, ხელშეუხებელი უნდა დარჩეს.

„ბაბუ, ჩვენ გლეხებს მიწა გვინდა, რომ ჩვენი ოჯახებიც შევინახოთ და ქალაქის ხალხიც გარჩინოთ. უმიწოდ კაცი ვერაფერს იზამს, ხომ სწორეა? ხალხს მიწა შეუნარჩუნონ და გახდეს ჩემი სოფელი ქალაქი.  მიწა იმისთვის გვინდა წამლისა და პურის ფულის სათხოვნელად ხელისუფლებას რომ არ მივადგეთ.“
 
განსხვავებულად ფიქრობს 25 წლის ნათია თავდგირიძე. დარწმუნებულია, რომ სოფლები ქალაქს არ უნდა შემოუერთდეს: „ის ადამიანები, რომლებიც ზღვის პირას ცხოვრობენ და არ აქვთ დიდი მიწები, ალბათ შესაძლებელია ქალაქის შემადგენლობაში შევიდნენ. მაგრამ, ხელვაჩაურის სხვა სოფლები, სადაც მოსახლეობა მიწებს ამუშავებს სოფლებად უნდა დარჩეს, რადგან ქალაქთან გაერთიანებით გლეხებს იჯარით აღებული მიწები ჩამოერთმევათ. ამას კი ხალხი არ დაუშვებს.“
 
მოსახლეობაში შიში იმის თაობაზე, რომ შესაძლოა მათ მიწა ჩამოერთვათ, მიწის რეფორმის ჩაუტარებლობამ და ამის პარალელურად, ქალაქის ფარგლებში შესვლამ გამოიწვია. რეგიონის მოსახლეობას მიწები იჯარით აქვთ აღებული. გლეხები მიწის რეფორმის დასრულებას ელოდებიან, რის შემდეგაც მიწები მოსახლეობას საკუთრებაში დაურეგისტრირდება.

მიუხედავად იმისა, რომ კანონში მიწის საკუთრების შესახებ პრივატიზაციის განხორციელების ვადები კონკრეტულადაა განსაზღვრული, რეგიონში მიწის რეფორმა არ განხორრციელებულა. მიწის პრივატიზაცია სხვა რაიონებთან ერთად, ქობულეთსა და ხელვაჩაურშიც გასული წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო.

„რესპუბლიკელი“ მურმან დუმბაძე ქალაქის გაფართოებას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ პრობლემად, სწორედ, მიწების საკუთრებაში გაცემის საკითხს მიიჩნევს. „ქალაქის გაფართოებას ვეთანხმები, მაგრამ კითხვებიც მიჩნდება: გაუგებარია, რატომ არ სრულდება კანონი და რატომ არ გადადის მიწა გლეხების საკუთრებაში? ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლებას ამ მიწებზე ხელის მოთბობა უნდა. ანუ მიწები არაოფიციალურად უკვე გაყიდულია ან იგეგმება ქალაქის ფარგლებში შემოერთებული მიწის გრანდიოზული პრივატიზაცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიწა გლეხებს აღარ დარჩებათ.“

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც აჭარაში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას ახორციელებს, მიწების საპრივატიზაციო გეგმის არსებობას უარყოფენ. 

მოსახლეობისა და ოპოზიციონერების შიშს არ იზიარებს არც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი ქაჯაია: „ერთ წელში რეფორმა აუცილებლად დასრულდება. სისულელეა ის მოსაზრება, რომ მიწა, რომელიც კონკრეტულ მოქალაქეზეა რიცხული, მას საკუთრებაში არ დაურეგისტრირდება.“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალი, გასულ წელს მიწის პრივატიზაციის მონიტორინგს ახორციელებდა. საიას  ხელმძღვანელი პაატა შარაძე ამბობს, რომ პრივატიზაციის განხორციელების თვასაზრისით ადგილობრივ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია: „გამგეობებიდან ვერ მივიღეთ ინფორმაცია, არის თუ არა მიწების საზღვრები დადგენილი, რის მიხედვითაც მოქალაქეს კუთვნილი ტერიტორია უნდა დაურეგისტრირდეს. ან რა კრიტერიუმით და რა ოდენობით უნდა გასცეს გამგეობამ მოსახლეზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. შეიძლება ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ რეფორმის განსახორციელებლად არაფერი გააკეთა და ეს პროცესი კიდევ რამდენიმე წელი გაიწელება.“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ არსებობს საშიშროება ხელვაჩაურის რაიონის ბათუმზე შემოერთების შემთხვევაში, მიწების დიდი ნაწილი მოსახლეობას არ მისცენ: „კანონდარღვევაა, როცა კანონით განსაზღვრულ ვადაში მიწის რეფორმა არ ჩატარდა. აჭარის მთავრობას, პრივატიზაციის განხორციელების ვადის გაგრძელების თაობაზე, შესაბამის ორგანოსთვის ბრძანებულების ვადის გასვლამდე უნდა მიემართა. თუ ხელისუფლება მიწის პრივატიზაციის განხორციელების ბრძანებულების ვადას არ გააგრძელებს, შესაძლებელია მოქალაქეები მიწის გარეშე მართლა დარჩნენ.“

სოფო ჟღენტი,ბათუმი

ახალი ამბები