კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კანონი სარეცხის წინააღმდეგ

12 თებერვალი, 2007

 მოდის ახალი ტენდენცია - სველი სამოსი

sarecxi.gifსაქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, ტრასის მხარეს სარეცხის გაფენა ფასადის დარღვევად ითვლება და მკაცრად ისჯება. ვინც აღნიშნულ მოთხოვნას არ დაემორჩილება, თბილისის ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა მოუწევს, თუ პრობლემა ერთ თვეში არ მოაგვარა, 1500 ლარის.

აღნიშნული ცვლილება  მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, რაც თბილისის ზედამხედველობის სამსახურმა მოსახლეობაში წერილობითი შეტყობინებების დარიგება დაიწყო. უფრო კონკრეტულად, 150-ე პრიმა მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ სავინტილაციო სისტემის, სარეცხის საშრობის, გისოსების ანდა სხვა მსუბუქი კონსტრუქციების თვითნებური მონტაჟი და განთავსება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირისთვის ადმინისტრაციულ სახდელს 500 ლარის ოდენობით, განმეორებით შემთხვევაში კი 1500 ლარის ოდენობით.

როგორც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დეპარტამენტის უფროსი დავით ავალიანი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტთან  საუბრისას აცხადებს, აღნიშნული ცვლილების მოტივი ქალაქის იერსახის შენარჩუნებაა და ალტერნატივის სახით მოსახლეობას სპეციალური საშრობების შეძენას ურჩევს.

დავით ავალიანი: „ნებისმიერი შენობა პროექტით შენდება. თქვენ ვერცერთ პროექტს ვერ ნახავთ, სადაც კორპუსებზე საშრობი ჯოხები, გისოსები და სხვა სახის კონსტრუქციებია გათვალისწინებული. ვინაიდან ის კონსტრუქციები, რაც ჩამოვთვალე, შენობებზე არ უნდა იყოს დამონტაჟებული, პარლამენტმა კანონში ცვლილებები შეიტანა. ჩვენ კი მის მიხედვით გამაფრთხილებელი წერილები დავაგზავნეთ, რომლითაც მოსახლეობას ერთი თვის განმავლობაში ვაფრთხილებთ, რომ აღნიშნული პრობლემა თებერვლის თვის ბოლომდე უნდა მოგვარდეს. ფასადებზე იმიტომ ვზრუნავთ, რომ ქალაქს ლამაზი იერსახე შეუნარჩუნდეს.“
ჟურნალისტი:  მოსახლეობას ალტერნატივის სახით რას სთავაზობთ, სარეცხი სად უნდა გააშრონ?დ.ა. ალტერნატივა არის ეზოს მხარე. შეუძლა, სარეცხი მეორე მხარეს გაფინონ.
ჟურნალისტი:ვისაც ეზოს მხარეს ფანჯარა არა აქვს?დ.ა. ამ შემთხვევისთვის სპეციალური საშრობი ჯოხები არსებობს, რომელიც აივანზე ისე იდგმება, რომ არ ჩანს.
ჟურნალისტი: ფიქრობთ, რომ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება? დ.ა. არა. ერთადერთი პრობლემა შეიძლება ე.წ. „ხრუშჩოვკების“ მაცხოვრებლებს შეექმნათ, მაგრამ აქაც შეიძლება ეზოს მხარეს გამოფენება. ჯერჯერობით ქართველები ერთმანეთისთვის დაკარგულები არ ვართ. მეზობელი მეზობელს დაეხმარება და პრობლემაც ასე გადაწყდება. მართალია ჯარიმა 500 და 1500 ლარია, მაგრამ ჩვენ ჯარიმაზე ორიენტირებულები არ ვართ. გვირჩევნია, პრობლემა ჯარიმის გარეშე მოგვარდეს. რეიდი თებერვლიდან დაიწყება“.

როგორც თბილისის მოსახლეობა ამბობს, კორპუსებიდან საშრობი ჯოხების მოშორება წარმოუდგენელია, რადგან ამ შემთხვევაში, მათ სარეცხის ოთახებში გაშლა და მისი დაობება მოუწევთ. ისინი აღნიშნული გადაწყვეტილების დამორჩილებას არ აპირებენ.
 
თამარ გორგაძე, რიგითი თბილისელი: „სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემი კორპუსი ტრასას გადაჰყურებს. არც თავად მსიამოვნებს, ქალაქის ქუჩებში თეთრეულები თუ სხვა სარეცხია რომ არის გაფენილი, მაგრამ რა ვქნათ ბატონო, რას გვთავაზობენ? რეცხვას თავი დავანებოთ თუ ოთახებში გავფინოთ სარეცხი? საინტერესოა, ამ ცვლილებების ინიციატორს თავში რამე უყრია? კარგად ჩანს, რომ მის ოჯახში სარეცხს არ რეცხავენ და სხვაგან არეცხინებენ. ჩვენ, რიგითმა მოქალაქეებმა, რა ვქნათ? პირადად, ეზოს მხარეს არც აივანი მაქვს და არც ფანჯარა. ვცხოვრობ ერთოთახიან ბინაში. ჩვენს მთავრობას ერთ ოთახში სარეცხის გაფენა როგორ წარმოუდგენია? სპეციალური სარეცხი მანქანები დაგვირიგონ, რომელიც აშრობს კიდეც და ხმის ამომღები არ ვარ. არ გამოვრიცხავ, ეს ინიციატივა ბიზნესის გამო მოუვიდათ თავში. ალბათ ოთახის საშრობი კონსტრუქციებისა და სპეციალური სარეცხი მანქანების გასაღება უნდათ“.

თბილისის მთავრობაში კი ამბობენ, რომ ბიზნესინტერესები თუ სხვა მსგავსი საკითხები გამორიცხულია და აღნიშნული ცვლილებების ერთადერთი მოტივი მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის იერსახის შენარჩუნებაა.

თებერვალიც დადგა და ხეში წყალიც ჩადგა. მარტო ხეშე რომ  ჩამდგარიყო, რაღა გაგვიჭირდებოდა... ახლა იმაზე ვიდარდოთ გაზაფხულიდან ქუჩაში წურწურ-წურწურით  ხომ არ მოგვიწევს სიარული... ან უკეთესი - იქნებ მსოფლიოს მოდის ახალი ტენდენციებიც ვუჩვენოთ? - „გაზაფხული-ზაფხული 2007 - სველი სამოსი...“ თან გავგრილდებით კიდეც...

ეკა გულუა

 

ახალი ამბები