კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ აღმოჩნდა ბეტონის ლურსმანი „პეჩენიაში“(დასასრული)

16 თებერვალი, 2007

ciskara.gifროგორ აღმოჩნდა ბეტონის ლურსმანი „პეჩენიაში“
- როგორ, საწყობის მეპატრონე ამბობს, რომ 2 დღის წინ მიიღო ეს პეჩენია. 
- იცით რა, რეალიზატორებიც დარბიან და ეტყობა არ ქონდათ ჩაბარებული,  მაგრამ ჩემია აი პეჩენია, მე უარს არ ვიძახი, ტო. მე სხვის მაგივრადაც ბოდიშს მოვიხდი და ჩემს მაგივრადაც. შვილები მყავს რა...
- თქვენს შვილს რომ ეჭამა, რას იზამდით?
-  ძალიან გავმწარდებოდი და როგორც თქვენ შვებით ისე, იმ კაცს ვნახავდი და ერთი ორ კაი სიტყვას ვეტყოდი, როცა ამზადებს, როგორ ამზადებს. ძაან უხერხულად ვგრძნობ თავს და როგორც გინდათ დამსაჯეთ. არ ვართ ისეთი ხალხი რა. ყველანაირად მზად ვართ. ჯერ ეს ერთი, ლურსმნები არც მაქ... შეიძლება ჩემიც იყოს, დედას გეფიცები. ამას ხომ შეგნებულად არ გააკეთებს ადამიანი. ბოდიშის მოსახდელად გვაქვს საქმე, მეტი რა გვეთქმის.“

დავემშვიდობე. ასე დასრულდა ბეტონისლურსმნიანი „პეჩენიის“ წარმომავლობის ისტორია. იმის გარკვევა, თუ რა ხდება საავადმყოფოს ტერიტორიაზე და რამდენად უსაფრთხო პროდუქციას მოვიხმართ, შესაბამისი უწყებების საქმეა. სანამ ეს უწყებები აღნიშნული საქმით სერიოზულად დაინტერესდებიან, მათ კომენტარებს გთავაზობთ.

პირველი კითხვა, რაც რესპოდენტებს დავუსვით ასეთი იყო: რას იზამდით, თუ „პეჩენიაში“ ბეტონის ლურსმანს აღმოაჩენდით?        

 პეტრე ცისკარიშვილი, სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი:
- ბეტონის ლურსმანი?...
ჟურნალისტი: ამ სფეროს კონტროლი ვის ეხება?
პ.ც. ჩვენ გვეხება. ეს შემთხვევა სპეციალურად უნდა მოვიკვლიოთ, რა „პეჩენია“ იყო, საიდან იყო?  დავავალებ იმ უწყებას, რომელსაც ეს ეხება, რომ ყურადღება მიაქციოს. არსებობს კანონი „სურსათის უვნებლობის შესახებ“, რომელიც ძალაში 2008 წლიდან შევა. იმ კანონში არის ყველაფერი, როგორ უნდა აკონტროლო და ვის რა ევალება. მანამდე კი ასეთ კონკრეტულ შემთხვევებზე არსებობს ვეტერინარიისა და სურსათის უვნებლობის უწყება, რომელიც ასეთ კონკრეტულ შემთხვევაზე რეაგირებას ახდენს. ისე რეიდები რომ ტარდებოდეს, ასე ჯერ არ არის, ეს 2008 წლიდან იქნება.

ლალი ფაფიაშვილი, პარლამენტარი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: „პირველი, ალბათ რასაც ვიზამდი, ამ ლურსმანს გადავაგდებდი და ალბათ ყურადღებას არ მივაქცევდი. თუ ასეთი ფაქტი და შემთხვევები არსებობს, საგანგაშოა, რადგან განსაკუთრებული დაცვის ობიექტი უნდა იყოს არა ზოგადად კვების პროდუქტები, არამედ პირველ რიგში სწორედ ბავშვის საკვები, რომელიც დაცულობის უფრო მეტი ხარისხით გამოირჩევა. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ მიმართოს  შესაბამის სტრუქტურებს. თუნდაც სასამართლოს და მწარმოებელ ფირმას პრეტენზიები წაუყენონ.“

მანანა ნაჭყებია , საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: „ცხადია, პირველ რიგში ეს აღშფოთებას გამოიწვევს. აუცილებლად პროტესტის გრძნობა გამიჩნდება ბატონი ბენდუქუძის მიმართ (სახელმწიფო მინისტრი), რომელმაც თავის დროზე, როცა ეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში იხილებოდა, განგვიცხადა, რომ არანაირი რეგულირება ამ სფეროს არ სჭირდება. ერთადერთი მარეგულირებელი ის არის, რომ მოქალაქე არ იყიდის ცუდ პროდუქტსო, თუმცა, მოქალაქე, რომელმაც არ იცის რომელია კარგი თუ ცუდი პროდუქტი, ცხადია, დაუცველია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არანაირი გარანტიები არ არსებობს, რომ ნაყიდი პროდუქტით არ მოიწამლები ან ნაყიდ პროდუქტში თაგვის კუდს, ბეტონის ლურსმანს, ძაფს, ან სხვა ნივთს არ აღმოაჩენ. საქმე ის არის, რომ მაკონტროლებელი ორგანოც კი არ არსებობს, რომელიც ამ სფეროს ზედამხედველობას დაუწესებს.“
 
გოგიტა გეგელაშვილი, პარლამენტის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნევროლოგი: „ხარხარებს...პირველად ვნახავ დამამზადებელს და საქმეს აუცილებლად მივყვები. სერიოზულად ამბობთ? რას ამბობ? ალბათ, იმ ლურსმანს „პეჩენიის“  დამამზადებელს გადავაყლაპებდი. შემიძლია, გავიხსენო ერთი კონკრეტული ისტორია, როცა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევედი და ნივრის სუნი მეცა. აღმოჩნდა, რომ იქ სახაშე ყოფილა. ეს იყო 3-4 წლის წინ.  გარდა ამისა, ჩემს საავადმყოფოში (ნევროლოგიის ინსტიტუტში) მიწისძვრით დაზარალებულებიც  ცხოვრობდნენ. მაშინდელმა მთავრობამ გვთხოვა, დროებით შეიფარეთ და თქვენ სხვაგან გადაგიყვანთო, თუმცა მოგვატყუეს და არსად გადაგვიყვანეს. ამის გამო, იქ წარმოუდგენელი რამეები ხდებოდა. ერთდროულად, ერთიდაგივე სართულზე იყვნენ მძიმე ავადმყოფები, რომლებიც საოპერაციოდ შეჰყვდათ, იქვე გარდაცვლილ, მიწისძვრით დაზარალებულის ქელეხი იმართებოდა, ზოგი დაბადების დღეს იხდიდა და ზოგიც - ქორწილს. ეს ყველაფერი ერთ სართულზე ხდებოდა. ზოგს კუბო ჩამოჰქონდა, ზოგი კი საკაცით ადიოდა. ჩემი აზრით, საავადმყოფოში კვების დამამზადებელი დაწესებულება არანაირად არ შეიძლება იყოს.

აღნიშნული კონკრეტული საკითხი მეტად კურიოზულია - შენობა ანუ საავადმყოფო ეკუთვნის  ეკონომიკის სამინისტროს და შესაბამისად,  მისი იჯარით გაცემის უფლება სწორედ მას აქვს, შენობის ექსპლუატაცია ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და როგორი „პეჩენია“ გაკეთდება, ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეხება. 

„პეჩენიაში“ ლურსმანი რომ მოხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ანტისანიტარიაა. ამ შემთხვევაში წარმოება უნდა დაიხუროს. თუ ეს ადგილი ოქროს ფასი ღირს და ბაზრობის გვერდითაა, მაშინ ჯობია, რომ საავადმყოფო იქ გადაიტანონ, სადაც მისი ადგილია. მისი ადგილი ბაზრობების გვერდით არ არის. ეს რომ ამერიკაში აღმოეჩინათ, თქვენს გასაჩუმებლად ანგარიშზე მილიონი დოლარი გექნებოდათ. იმ მწარმოებელს კი რას უზამდნენ, ყველამ იცის.  ეს წარმოება დასახურია.“

სოზარ სუბარი, საქართველოს სახალხო დამცველი: „რკინიგზის საავადმყოფოს ამბავი ჩემთვის ცნობოლია. დაახლოებით 10 წელია, იქ ასეთი მდგომარეობაა, საცხობები და ათასი უბედურება. ყოფილი მორგის შენობაშიც კი საცხობი იყო. ამაზე კონტროლი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალურ სამსახურს ევალება, სადაც კონკურსი ჩატარდა და თანამშრომლები მიიღეს, თუმცა ჯერ არ ფუნქციონირებს.“   

ვახტანგ მეგრელიშვილი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე: „სამართლებრივად, რკინიგზის საავადმყოფო არის შპს. მას მართავს ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის სააგენტო. შესაბამისად, გადაწყვეტილება ტერიტორიის იჯარით გაცემის შესახებ მან თავის მაკონტროლებელს - ეკონომიკის სამინისტროს უნდა შეუთანხმოს. შემდეგ იქ რაღაც ობიექტები რომ გაიხსნას ეს საავადმყოფოს პასუხისმგებლობა არ არის. ადრე ეს იყო სანიტარული ინსპექციის პასუხისმგებლობა, რომ მსგავსი რამეები არ მომხდარიყო. ახლა კი ზუსტად არ ვიცი. ჯანდაცვის სამინისტროს ეს კონკრეტული შპს არანაირად არ ეხება. კვების ობიექტი ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია იყოს, მაგრამ ის აბსოლუტურად არანორმალურია, რომ ჰიგიენური პირობები იმდენად არ იყოს დაცული, რომ მსგავსი რამ ხდებოდეს, ეს ფაქტიურად, კრიმინალია.“

იმედია, შესაბამისი უწყებები აღნიშნული კონკრეტული ისტორიით დაინტერესდებიან და გაარკვევენ, რატომ არის საავადმყოფოს ტერიტორია ბაზრობად ქცეული და რატომ გვამარაგებენ ლურსმნიანი „პეჩენიით“. მართალია, საქართველოში ანემიის პრობლემა არსებობს, თუმცა, ეს იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ რკინის დეტალები საკვებ პროდუქტებში პირდაპირი მნიშვნელობით მოათავსონ.  

ეკა გულუა

ახალი ამბები