კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიწისძვრით დაზარალებულები უბინაოდ ხელმეორედ რჩებიან ( ნაწილი III)

23 თებერვალი, 2007

 dasaralebulebib.gif

ჟურნალისტური გამოძიების პირველ და მეორე ნაწილში საუბარი იყო როგორ შეასახლეს მიწისძვრით დაზარალებულები სხვადასხვა ბინებში და როგორ ასახლებენ მათ იქიდან. მესამე ნაწილი კი იმ დოკუმენტაციას ეხება, რომელიც დაზარალებულთა საქმეში არსებობს.  (ფოტოზე პრესკონფერენცია 'ადამიანის უფლებათა დაცვის' ოფისში

მიწისძვრით დაზარალებულებთან გასაუბრების შემდეგ სწორედ იმ დოკუმენტებს გავეცანი, რაც მათ კონკრეტულ ისტორიასთან დაკავშირებით არსებობს. ამ მასალებში თეთრით შავზე წერია, რომ ისინი აღნიშნულ ბინებში კანონიერად ცხოვრობენ.  

რა წერია დოკუმენტებში


 დოკუმენტი 1. 2002 წლის 4 ივლისის ქალაქ თბილისის მთავრობოს #11.03 201 დადგენილებით  2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ფონდის სტრუქტურა დამტკიცდა. მას ხელს აწერს თბილისის პრემიერი გია შერაძე. ამ დოკუმენტის მიხედვით: ა) ფონდი იქმნება შემოწირულობებით; ბ) მიწისძვრით დაზარალებულებისთვის გამოიყოფა თანხა ბინების შესაძენად; გ) ფონდის სახელზე შეძენილ ბინაში შესახლებაზე დაზარალებულ მობინადრესა და ფონდს შორის გაფორმდება ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი (რაც არ მომხდარა) და ასე შემდეგ.     
         
დოკუმენტი 2. 2003 წლის 22 მაისს გამოდის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულებზე ანუ 346 ბინაზე არ არსებობს არანაირი დოკუმენტაცია და კარბელაშვილს (ვიცე პრემიერი) ევალება, ეს ბინები დაზარალებულებს მუდმივ სარგებლობაში გაუფორმოს. მაგრამ, კარბელაშვილი ამ დადგენილებას არ ასრულებს.

დოკუმენტი 3. თბილისის მაშინდელი მერის ვანო ზოდელავას და საკრებულოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ნებით 2003 წლის 5 ივნისს გამოდის ახალი დადგენილება, რომ ეს ბინები დაზარალებულებს საკუთრებაში გადაეცეთ. 

დოკუმენტი 4. ასევე არსებობს თბილისის მთავრობის 2002 წლის დეკემბრის #24 ოქმი, სადაც ნაჩვენებია დაზარალებულებისა და მათთვის გადასაცემი ბინების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

დოკუმენტი 5. თბილისის საკრებულოს 2005 წლის 18 მარტის #28 დადგენილებით საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი თბილისის მთავრობის წარმომადგენელ თემურ ქურხულს ავალებს: „განიხილოს და დაამტკიცოს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შეგედების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის მიერ მიწისძვრით დაზარალებულთათვის დროებითი თავშესაფრის სახით შეძენის საკითხი და მოსახლეობისათვის ამ ბინების პირად საკუთრებაში გადასაცემი ხელშეკრულება“. აქვე ნათქვამია, რომ ეს არის საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო დავალება.      
 
დოკუმენტი 6. თბილისის მთავრობამ 2003 წლის 5 ივნისის #08.28.176 დადგენილებით სახლების საკუთრებაში გადაცემის წესი დაამტკიცა.

დოკუმენტი 7. 2005 წლის 9 აგვისტოს ფონდის თავმჯდომარე აკაკი გონგლაძე წერილს უგზავნის თბილისის მერს გიგი უგულავასა და პრემიერს თემურ ქურხელს. წერილში ვკითხულობთ: „პირველ რიგში ნება მომეცით, გადმოგცეთ მადლობა იმ მოქალაქეებისგან, რომელთაც მიწისძვრით დაზარალების შემდეგ დროებით სარგებლობაში გადაცემული ბინები პირად საკუთრებაში უფორმდებათ. 58 მოქალაქეს უკვე გადაეცა ბინები პირად საკუთრებაში და ეს პროცესი გრძელდება... მოკრძალებით შეგახსენებთ, რომ ფონდის კუთვნილ ნაწილ ბინებში ქალაქის ადრინდელი ხელმძღვანელობისა და საკრებულოს წევრების მიერ შესახლებული არიან მოქალაქეები, რომელთაც მიწისძვრასთან კავშირი არა აქვთ და რომელთა გამოსახლებაზეც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებები გვაქვს. რჩება ორი გზა - ან ისინი უნდა გამოსახლდნენ ან მათთვის უნდა გამოინახოს სხვა საცხოვრებელი სადგომები. ჩვენ პირველის მომხრე არ ვართ. მაგრამ, მეორე გზით საკითხის  მოგვარება ჩვენს კომპეტენციას სცილდება.“

დოკუმენტი 8. თბილისის მთავრობამ 2005 წლის 27 მაისს დაზარალებული მოსახლეობისთვის ამ სახლების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის ფორმაც დაამტკიცა. ამ დოკუმენტს ხელს პრემიერი თემურ ქურხული აწერს.

დოკუმენტი 9.  2003 წლის 22 მაისის თბილისის მთავრობის #07.02.146 დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს გია შერაძე, ვკითხულობთ: „მუდმივ მფლობელობაში გაუფორმდეს დაზარალებულ ოჯახებს ბინები. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს პრემიერის მოადგილე გიორგი კარბელაშვილს.“  
           
მას შემდეგ, რაც მიწისძვრით დაზარალებულები სასამართლო ძალით ვერაფერს გახდნენ, დახმარებისთვის „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართეს. ცენტრმა კი თბილისის მერიას მიმართა და საკითხის გარკვევა სთხოვა. 2007 წლის 16 იანვარს კი ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსის სერგო ქავთარაძისგან პასუხი მიიღო: „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფონდის მიერ სასამართლოზე გამოსახლების მიზნით გაცემულია 47 საქმე. მათ შორის ერთ-ერთია ძავაშვილების ოჯახი. რომელსაც მიწისძვრასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ხოლო ბასილაშვილისა და ბრეგვაძის ოჯახის გამოსახლების შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია.“

ამის შემდეგ კი აღნიშნული საქმის ბოლომდე მიყვანით სწორედ ცენტრის იურისტი დავით მანაგაძე დაინტერესდა. როგორც დაზარალებულების ადვოკატი მანაგაძე  ამბობს, ამ ხალხის მოთხოვნა კანონიერია.

დავით მანაგაძე: „ამ ხალხის მოთხოვნა სამართლიანია. ფონდს მათთვის ბინები საკუთრებაში უნდა გადაეცა, მაგრამ არ გადასცეს. ეს ადამიანები ნამდვილად დაზარალებულები არიან და სწორედ ამიტომ გამოეყოთ ბინები დროებით სარგებლობაში, რომელიც შემდგომ საკუთრებაში უნდა მიეღოთ.  ისინი ფონდის მიერ ნაყიდ ბინებში ცხოვრობდნენ და თუ შეჭრილები არიან, მაშინ ბინები რატომ უყიდეს? ამ ფონდის შექმნის მიზანი დაზარალებული მოსახლეობის ბინებით დაკმაყოფილება იყო. ერთხელ და სამუდამოდ, ეს საკითხი თბილისის მთავრობამ უნდა მოაგვაროს. ბინები, სადაც ეს ხალხი ცხოვრობს, მათ საკუთრებაში უნდა გადასცენ. აქ იკვეთება ფონდის ხელმძღვანელობისა და თბილისის მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი.“

(ნაწილი IV)http://www.humanrights.ge/geo/articles.php?id=611

 ეკა გულუა

 

ახალი ამბები