კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატრულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

26 თებერვალი, 2007

patrulib.gif

მოქალაქე იგორ ჭამიაშვილის სხეულის დაზიანების ფაქტზე, საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომლების ვახტანგ ზატიკაშვილისა და გიორგი ნასყიდაშვილის მიმართ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიებას შს გურჯაანის სამმართველო აწარმოებს.

მოკვლევაზე ზედამხედველი პროკურორის ბაკურ აბულაძის ინფორმაციით, გურჯაანის რაიონულ პროკურატურას განცხადებით მიმართა იგორ ჭამიაშვილმა, სადაც იგი მიუთითებს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, გასული წლის ოქტომბრის თვეში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„2006 წლის 21 ოქტომბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარე ღვინის საწყობში სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი. დარაჯად ვმუშაობდი. საღამოს სასმელი წყლის მოსატანად გავედი. უკან დაბრუნებულს საყარაულო ოთახის კარი ღია დამხვდა, შიგნით კი ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ორ ქალთან ერთად კონიაკს სვამდნენ. ჯერ მთხოვეს, შემდეგ კი მომთხოვეს, ქალებთან გვინდა განვმარტოვდეთ, რამე ოთახი ან საწოლი მოგვინახეო. თავიდან უარი ვუთხარი, მაგრამ ბოლოს დავთანხმდი. ერთი მარანში გავიყვანე, მეორე ბიჭი კი ჩემს ოთახში დარჩა. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, ქალებთან რომ გაერთნენ, გარეთ გამოვიდნენ. მალევე ეზოში მდგომი მათი კუთვნილი მანქანიდან ქურთუკის მოპარვა დამაბრალეს და მცემეს. დაბალმა ბიჭმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გავიგე პატრულ-ინსპექტორი გიორგი ნასყიდაშვილი ყოფილა, მუშტი პირდაპირ თვალში დამარტყა, ხოლო მაღალმა, რომელიც ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, ფეხებით და ხელებით მირტყამდა. შემდეგ პოლიცია გამოიძახეს და დამაკავეს,“ - აღნიშნავს თავის ჩვენებაში იგორ ჭამიაშვილი, რომელიც დღეს განსასჯელია. მას ბრალი პატრულ-ინსპექტორის ვახტანგ ზატიკაშვილის ქურთუკის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში ედება. დანაშაული ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები ვახტანგ ზატიკაშვილი და გიორგი ნასყიდაშვილი ჭამიაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. „მის მიერ დასახელებული ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. ქურთუკი რომ მოიპარა, გარბოდა, რა დროსაც წაიქცა და დაზიანებები მიიღო,“ - ამბობენ ისინი.

დაკავებულ იგორ ჭამიაშვილს, შს გურჯაანის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსების შემდეგ სასამართლო – სამედიცო ექსპერტის მიერ შემოწმება ჩაუტარდა. „დაკავებულს იზოლატორში მოთავსებისას დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც იგი სამედიცინო ექსპერტმა შეამოწმა,“ - აცხადებენ შს გურჯაანის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტის კანტროშვილის დასკვნის თანახმად, შემოწმების დროს იგორ ჭამიაშვილს მარცხენა საფეთქელზე მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთები და შუბლზე მარჯვნივ, მოწითალო ფერის ფუფხით დაფარული ნაჭდევი აღენიშნებოდა, ხოლო ქვედა ქუთუთო შესიებული ჰქონდა: „მოცემული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დაზარალებულის მიერ მითითებულ დროს,“- ნათქვამია ექსპერტის დასკვნაში. იქვე ექსპერტი განმარტავს, რომ „იმისათვის, რათა დადგინდეს, აღნიშნული დაზიანებები შეიძლებოდა თუ არა განვითარებულიყო დაცემის შედეგად, საჭიროა დაინიშნოს კომისიური ექსპერტიზა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურში.“ კომისიური ექსპერტიზა დღემდე არ ჩატარებულა. უფრო მეტიც, საპატრულო პოლიციის ხსენებული თანამშრომლები დღემდე აგრძელებენ მუშაობას სამართალდამცავ სტრუქტურაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში სხვა ადამიანებიც ადანაშაულებენ.

როგორც გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში გვითხრეს, სისხლის სამართლის საქმე კი აღიძრა, მაგრამ რადგან დაზარალებულს სხეულის მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული, შესაძლოა პატრულ-ინსპექტორები სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცნენ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საინტერესო იყო შსს-ს წარმომადგენლების კომენტარი, მაგრამ სამწუხაროდ, შს სამინისტროს პრესსამსახურში ამ საკითხზე საუბარი არ ისურვეს. კომენტარს არც საპატრულო პოლიციაში აკეთებენ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები