კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამგებლის პირველი მოადგილე საბავშვო ბაღის გამგეს ატერორებს

1 მარტი, 2007

kokolisvilib.gifქ. გურჯაანის #1 საბავშვო ბაღი ბოლო სამი თვის განმავლობაში სამმა სხვადასხვა კომისიამ და ფინანსურმა პოლიციამ შეამოწმა. მიზეზი სამჯერვე ბაღიდან გარიცხული ბავშვის მშობლის, ხულიგნობისთვის ბრალდებული მოქალაქის, განცხადებები გახდა - დაწესებულებაში დარღვევების არსებობის შესახებ. საბავშვო ბაღის გამგე შემოწმებებს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, მასზე განხორციელებული ზეწოლით ხსნის. (ფოტოზე ასმათ კოკოლიშვილი)

ფსიქოლოგი ასმათ კოკოლიშვილი, რომელიც ბოლო დროს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციაში მოღვაწეობდა, საბავშვო ბაღს გასული წლიდან ხელმძღვანელობს. პირველად, 2006 წელს საბავშვო ბაღი გურჯაანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის აკაკი სიხარულიძის განკარგულებით შექმნილმა კომისიამ შეამოწმა. როგორც ასმათ კოკოლიშვილი აცხადებს, მაშინ მას გამგეობაში ახლადშექმნილი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი მანანა ჯაჯანაშვილი დაუპირისპირდა.

„ეს ქალი მანამდეც მმტრობდა, რადგან მის უკანონო დავალებებს არ ვემორჩილებოდი და მიუხედავად იმისა, რომ გამგებელს და მას კარგი ურთიერთობა აქვთ, მის ასეთ საქციელს გამგებელთან მაინც ვასაჩივრებდი. გამგეობაში აღნიშნული სამსახურის გაუქმების შემდეგ, ჯაჯანაშვილი ჩემთან დაპირისპირებულ ადამიანებს დაუახლოვდა და ჩემი სამსახურიდან გაშვება განიზრახა. ამის გამო მოქალაქე ლილი ჩუგოშვილს, რომლის ბავშვიც ჩვენს საბავშვო ბაღში ირიცხებოდა, აწერინებს უამრავ საჩივარს, იქმნება კომისიები, მამოწმებენ დაუსრულებლად, რამაც ძალიან დამღალა. მათი საჩივრების საფუძველზე შემამოწმა ფინანსურმა პოლიციამაც, მაგრამ დარღვევები ვერ აღმომიჩინეს. მიუხედავად ამისა, თავს არ მანებებენ. პირდაპირ გეტყვით, ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლებით დაინტერესებულია ადგილობრივი ხელისუფლება. რამდენჯერმე დამიბარეს გამგეობაში და თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მიბრძანეს, რაზედაც კატეგორიული უარი განვაცხადე.

- ვინ გიბრძანათ განცხადების დაწერა, იქნებ დააკონკრეტოთ?

- რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ვალერი ვარდოსანიძემ. სწორედ მან დამიბარა 2007 წლის 13 თებერვალს და მითხრა, რომ დაიღალა ლილი ჩუგოშვილის საჩივრებითა და ქცევებით და ამის თავიდან ასაცილებლად განცხადება უნდა დამეწერა. მე ვუთხარი, რომ სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლას არ ვაპირებდი, რაზედაც აღელდა და როგორ მიბედავო, მიყვირა. არაფერი მითქვამს. ამ დროს მის სამუშაო ოთახში რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გია ენუქიძე შემოვიდა. მან აღნიშნა, რომ რაიონის ბიუჯეტი საბავშვო ბაღებს ვერ ინახავს და უნდა დაიხუროს. ...იანვარ-თებერვალში, სხვადასხვა დროს თანამდებობის დატოვებას მაიძულებდნენ გამგეობის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი ნიკა ნიჟარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ხევიაშვილი, გამგებლის პირველი მოადგილე ვალერი ვარდოსანიძე. ფაქტობრივად, ტერორის ქვეშ ვარ. ყოველდღე გამგეობაში დამარბენინებენ. მაწვალებენ და მუშაობის საშუალებას არ მაძლევენ. დამემუქრნენ კიდეც, თუ მათ მოთხოვნას არ დავეთანხმები, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ვადის გასვლის შემდეგ, სახელმწიფო სამსახურებში ვერსად დავსაქმდები,“ - აცხადებს ასმათ კოკოლიშვილი.

მისი თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი ბაგა-ბაღის ჯერ გაუქმება და შემდეგ შენობის გაყიდვაა: „ეს ინფორმაცია კომპეტენტური წყაროებიდან დიდი ხანია მაქვს. ბაგა-ბაღის შენობის გაყიდვა მართლაც იგეგმება და ეს აბსოლუტურად შესაძლებელია, რადგან შენობა ქალაქის ცენტრში დგას და დიდ ფართს იკავებს. არსებული ცნობით, მის შეძენას დღეს მოქმედი რაიონის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი, „გურჯაანის ნაყინის“ მფლობელი გურამ ბერიკაშვილი ცდილობს, სადაც, როგორც ვიცი, სპორტული დარბაზის გახსნას აპირებენ. გასათვალისწინებელია, რომ ბატონი ბერიკაშვილი კახეთში კრივის ფედერაციას ხელმძღვანელობს,“ - ამბობს კოკოლიშვილი.

საბავშვო ბაღის გამგის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს როგორც გამგებლის პირველი მოადგილე ვარდოსანიძე, ასევე საკრებულოს წევრი გურამ ბერიკაშვილი.

„ქ. გურჯაანის #1 ბაგა-ბაღთან დაკავშირებით, რაიონის საკრებულოდან გამგეობაში მომართვა შემოვიდა, რომ შექმნილიყო კომისია. კომისია მართლაც შეიქმნა, რომლის თავმჯდომარეც მე ვარ. გამგეობას განცხადებით მოგვამრთეს ასევე ბაგა-ბაღის პედაგოგებმა, სადაც ისინი ბაღის გამგის, ასმათ კოკოლიშვილის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. სისულელეა, რომ ამბობენ, თითქოს პედაგოგებს ჩემს კაბინეტში იძულებით დავაწერინე ეს განცხადება,“ - ამბობს ვარდოსანიძე.

„საბავშვო ბაღის შენობის შესყიდვა მსურს? ეს ინფორმაცია პირველად თქვენგან მესმის და მინდა დაგარწმუნოთ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. შეიძლება სხვებს სურთ რომ იყიდონ, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ,“ - განაცხადა საკრებულოს წევრმა გურამ ბერიკაშვილმა.

ჩვენთან საუბარში საბავშვო ბაღის პედაგოგები ადასტურებენ, რომ ისინი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ნამდვილად დაიბარეს და გამგის წინააღმდეგ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.

„გამგეობაში გვითხრეს, ბაღი უნდა დაიკეტოს, რადგან ბიუჯეტში იმდენი თანხა არ გვაქვს, რომ შეგინახოთო. ...იქ მართლაც ვიყავით და განცხადებაზე ხელი მოგვაწერინეს. კოკოლიშვილს ჩვენი ერთ-ერთი ყოფილი აღსაზრდელის მშობელი უჩივის და ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან. გამგეობაში გვიბრძანეს, განცხადება თქვენც დაწერეთო. ალბათ, ამით მომჩივანის გაჩუმება უნდათ. ისიც გავიგეთ, რომ თითქოს საბავშვო ბაღის შენობა უკვე გაყიდულია,“ - აღნიშნავს აღმზრდელი ლია გაბრიელაშვილი.

შენობის გაყიდვას რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ დაწესებულების გაუქმების შემთხვევაში, ფართი შესაძლოა იჯარით გაიცეს.

საბავშვო ბაღის თანამშრომლები დაწესებულების გაუქმების და შენობის გაყიდვის შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები