კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხარისხიანი და უხარისხო ჟურნალისტები სამეგრელოში

1 მარტი, 2007

iss.gifჩვენს სიტყვას თავისუფლებას უზღუდავენო და სამეგრელოში მედიის წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე რამდენჯერმე მიმართეს: (ფოტოზე ილია ჩაჩიბაია, გაზეთ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორი)

„მე არ მსურს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება და მოღვაწეობა, სადაც  ბერულავასნაირ, ხელისუფლების მიერ დაქირავებულ და მათგან გულმოცემულ ჟურნალისტებს  შეუძლიათ თავს უფლება მისცენ დააშინონ და დაემუქრნონ თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს.“ - ეს იმ წერილის ამონარიდია, რომელიც ფოთის ადგილობრივი გაზეთის „თავისუფალი სიტყვის“ რედაქტორმა ელისო ჯანაშიამ  ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს 8 თებერვალს გაუგზავნა. წერილს წინ უსწრებდა საუბარი გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსთან ლალი გელენავასთან.

როგორც წერილიდან ჩანს ინტერვიუ ზუგდიდის გაზეთ “ღია ბოქლომის” ჟურნალისტს ილია ჩაჩიაბასა და ლალი გელენავას შორის გახმაურებულ დაპირისპირებას ეხებოდა.

ყველაფერი კი გაცილებით ადრე, გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როცა 17 წლის ჟურნალისტმა ინფორმაციის გადასამოწმებლად გუბერნატორის პრეს სამსახურის უფროსს მიმართა. ჩაჩიბაიას თქმით, მისი მიზანი სკანდალის აგორება სულაც არ ყოფილა: „ჩვენთან ინფორმაცია მოვიდა, რომ ერთ დილას სამსახურში მისულ გუბერნატორს მაგიდაზე ფეკალური მასა დახვდა. ინფორმაციის გადასამოწმებლად ლალი გელენავასთან მივედი, რომელმაც ყველაფერი უარყო. მისი კაბინეტიდან გამოსვლიდან რამდენიმე წუთში გუბერნატორის დაცვის უფროსი დიმა მარკოიძე დამიკავშირდა და მასთან შეხვედრა მთხოვა. მარკოიძემ და გელენავამ მომთხოვეს სტატია გაზეთში არ გამომექვეყნებინა. ვუპასუხე, რომ ინფორმაცია ცალმხრივი იყო და თან არ დასტურდებოდა, სწორედ ამიტომ მის გამოქვეყნებას არც ვაპირებდი. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ სტატია არ დაიბეჭდებოდა, მომთხოვეს, ინფორმაციის წყარო დამესახელებინა, რაზედაც სასტიკი უარი განვუცხადე, ამის შემდეგ კი მათ მორალურ შეურაცხყოფასთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფაც მომაყენეს,” - იხსენებს ილია ჩაჩიბაია. მისივე თქმით, მარკოიძე მას ეუბნებოდა, რომ თუ ის ინფორმაციის წყაროს დაასახელებდა, მას არანაირი პრობლემები არ შეექმნებოდა, ხოლო ინფორმაციის წყაროს თავად გაუსწორდებოდნენ.

რამდენიმე დღეში ჩაჩიბაია უცხო პირებმა გაიტაცეს და ქალაქგარეთ, სოფელ ახალსოფელში მდებარე მიტოვებულ სახლში მიიყვანეს: „მეუბნებოდნენ, ამის შემდეგ ჭკუას ისწავლიო.“
 
ინციდენტიდან მეორე დღესვე ჩაჩიბაიამ სახალხო დამცველის აპარატს მიმართა. სახალხო დამცველის აპარატმა საქმის ყველა მონაწილის დაკითხვის შემდეგ მასალები საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა. საქმე ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით აღიძრა.

ჟურნალისტისა და გუბერნატორის პრეს სამსახურის უფროსის დაპირისპირების ფაქტით არაერთი ცენტრალური თუ ადგილობრივი მედია საშუალება დაინტერესდა, თუმცა, გელენავა მომხდარის შესახებ ოფიციალურ კომენტარს არც ერთ მედია საშუალებასთან არ აკეთებდა.

რაც შეეხება გაზეთ “თავისუფალი სიტყვისთვის” გაკეთებულ კომენტარს, გელენავა ამბობს, რომ ჯანაშიამ ჟურნალისტური ეთიკა დაარღვია: „ჯანაშიას ვუთხარი, ჩაჩიბაიას საქმეზე არანაირ ინტერვიუს არ მოგცემ-მეთქი. რაც შეეხება იმას, რაც ჯანაშიამ გაზეთში დაბეჭდა, მე მას ინტერვიუს მიღმა ველაპარაკე, არა როგორც რესპოდენტი ჟურნალისტს, არამედ როგორც ადამიანი ადამიანს,” -  ამბობს გელენავა.

ჯანაშიას თქმით გელენავა საჯარო მოხელეა და მის მიერ გახმოვანებული ნებისმიერი ინფორმაცია ოფიციალურ კომენტარად ითვლება.

ჩაჩიბაია გელენავას დაპირისპირებიდან უკვე 3 თვე გავიდა, ჟურნალისტების თქმით, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მომხდარი ნებისმიერი ინფორმაცია კი მათთვის ძველებურად იბლოკება: „პირად საუბრებში გელენავა ამბობს, რომ სანამ ის გუბერნატორის პრეს სამსახურში მუშაობს, ჩვენთვის ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიუწვდომელი იქნება. ჩვენი რედაქციის არც ერთ წევრს არ აქვს უფლება შევიდეს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, სადაც განთავსებულია ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა კულტურის განყოფილება და ფინანსური პოლიცია,” -  ამბობს ჩაჩიბაია. ის დასძენს, რომ გელენავამ გაზეთის ჟურნალისტები არც საჯარო სკოლის და არც თხილის ქარხნის პრეზენტაციაზე არ დაუშვა, ორივე ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი ესწრებოდა. ჩაჩიბაიას თქმით, ღონისძიებაზე მხოლოდ “ღია ბოქლომის” ჟურნალისტები არ შეუშვეს.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ლალი გელენავა, ის ამბობს, რომ ჩაჩიბაიას მისთვის არც ერთხელ არ მიუმართავს.

“ღია ბოქლომის” პირველი ნომერი 5 ათასიანი ტირაჟით ნოემბერში გამოვიდა. ინფორმაციისა და ფინანსების უქონლობის გამო, შესაძლოა გაზეთი დაიხუროს და მისი მესამე ნომრის გამოსვლა ვერ მოხერხდეს. ჩაჩიბაია გელენავას დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებას მოითხოვს: „თუ გელენავას არ გაათავისუფლებენ, ჩვენ გაზეთის დახურვა მოგვიწევს.“

კითხვაზე თუ როგორ მუშაობენ პრესსამსახურები სამეგრელოს რეგიონში და რა სახის პრობლემებს აწყდებიან ჟურნალისტები მასალის მომზადების პროცესში, რესპოდენტები ასე გვპასუხობენ:

თამუნა შონია, გაზეთი „პანორამა“: „მინდა ავღნიშნო, რომ ზოგადად პრეს სამსახურები საკმაოდ ცუდად მუშაობენ. შიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ აქტიურობენ. ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც პრეს-მდივნი რაიმე სახის ინფორმაციას გვაწვდის. ძირითადად, ინფორმაციას საკუთარი წყაროების მეშვეობით ვიღებთ. და კიდევ ერთი ფაქტორი, თუ ტელევიზიის ჟურნალისტი არა ხარ, ჰგონიათ, რომ ჟურნალისტი საერთოდ არ ხარ. ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლებს აქცევენ.”

გერონტი ყალიჩავა, რადიო „ათინათი”: „ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინფორმაციის არგაცემაა, მიუხედავად იმისა  საჯაროა თუ არა ინფორმაცია, მისი მოპოვება მაინც რთულია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ინფორმაციას გვიან გვაძლევენ, ზოგჯერ იმდენად გვიან, რომ ინფორმაცია უკვე აღარც კი გვჭირდება.  ქალაქში საინფორმაციო ფორმატის ორი მედია საშუალებაა,  ტელეკომპანია „ოდიში” და რადიო „ათინათი”. პრეს სამსახურების წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ რადიო ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიწოდება აუცილებელი არ არის, რადგანაც ინფორმაცია ტელევიზიით გავა. ანუ ინფორმაცია მაინც შერჩევითობის პრინციპით გაიცემა.”

ჟურნალისტების შერჩევასთნ დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრება აქვს თავად გელენავას. ის ამბობს, რომ ჟურნალისტებს ის ხარისხის მიხედვით არჩევს: „როცა რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, სადაც ჟურნალისტების ყოფნა აუცილებელია ჟურნალისტებს ვუკავშირდები და ინფორმაციას ვაწვდი, რაც შეეხება იმას თუ ვის ვიწვევ, ეს ჩემზეა დამოკიდებული, გითხარით, მედია საშუალებებს ხარისხის მიხედვით ვარჩევ,” - ამბობს ლალი გელენავა.


ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები