კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავს კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი მართავს

2 მარტი, 2007

telavib.gif

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. გოჩა მამაცაშვილი საკრებულოს წევრმა ლევან ახალაურმა შეცვალა. პარალელურად ცვლილებები მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც. გამგებელი გაგა ციგროშვილი პირადი განცხადების საფუძველზე შვებულებაში გავიდა. მის მოვალეობას გამგებლის პირველი მოადგილე დავით ნუსხელიძე ასრულებს. ეს უკანასკნელი 2004 წელს სამსახურებრივი სიყალბისთვის თბილისის საოლქო სასამართლომ გაასამართლა და დამნაშავედ სცნო.

თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა მამაცაშვილმა თანამდებობა პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ დატოვა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მამაცაშვილს ძვირადღირებული მანქანის შეძენა და სამუშაო ოთახში, ასევე ძვირადღირებული ევრორემონტის ჩატარება, მით უფრო აბაზანის მოწყობა არ აპატიეს. მამაცაშვილმა საკრებულოს შენობიდან ნაციონალური მოძრაობის თელავის რაიონული ორგანიზაციის ოფისში გადაინაცვლა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის სამუშაო ოთახის კარის გასაღებს გარკვეული ხნის განმავლობაში არავის აძლევდა, რის გამოც მის შემცვლელს ძველ კაბინეტში უხდებოდა მუშაობა.

ამ ფაქტს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე არც უარყოფს და არც ადასტურებს. „თავდაპირველად ჩემს ძველ კაბინეტში ვაგრძელებდი მუშაობას, თუმცა ხანდახან მამაცაშვილის ყოფილი ოთახითაც ვსარგებლობდი. ამჟამად კი იმ ოთახში ვმუშაობ, სადაც ჩემი წინამორბედი საქმიანობდა,“ - აღნიშნავს ახალაური.

- ბატონო ლევან, იქნებ გვითხრათ რატომ გავიდა შვებულებაში თელავის გამგებელი გაგა ციგროშვილი?

- ეს გაგა ციგროშვილს უნდა ჰკითხოთ, მგონი მან უფრო უნდა გითხრათ ზუსტი მიზეზი. ალბათ დამეთანხმებით.

- კი მაგრამ, თქვენ საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანდებით. გამგებელს თანამდებობაზე საკრებულო ირჩევს. როცა გამგებელი შვებულებაში გავიდა, გადაწყვეტილების მიზეზი არ აგიხსნათ?

- მითხრა, რომ შვებულებაში ოჯახური პრობლემების გამო გავიდა. სხვა არაფერი უთქვამს. თუ ციგროშვილის გათავისუფლება გვინდოდა, გავუშვებდით.

- ბატონო ლევან, თელავის გამგებლის მოვალეობას ვინც ასრულებს ამჟამად - დავით ნუსხელიძე, იგი სოფელ აკურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეა, ხომ?

- დიახ, მგონი. წლების წინ აკურის საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობდა.

- ალბათ იცით, რომ 2004 წლის 6 დეკემბერს დავით ნუსხელიძეს თბილისის საოლქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და სისხლის სამართლის დამნაშავედ სცნო. როგორ მოახერხა ბატონმა ნუსხელიძემ ასეთ მცირე დროში რეაბილიტაციაც და დაწინაურებაც?

-ეს მას ჰკითხეთ, მან უნდა გიპასუხოთ. გარწმუნებთ, თელავს შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანები მართავენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასეა.

როგორ მოახერხა დავით ნუსხელიძემ ორ წელიწადში არა მარტო რეაბილიტაცია, არამედ დაწინაურებაც, ამის შესახებ ის არ საუბრობს. ნუსხელიძეს რამდენჯერმე დავუკავშირდით, თუმცა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 6 დეკემბრის განაჩენიდან ვკითხულობთ, რომ დავით ნუსხელიძემ და ვახტანგ ომიაძემ ჩაიდინეს სამსახურებრივი სიყალბე, ე.ი. ყალბი დოკუმენტის შედგენა პირადი მოტივით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით. „სასჯელის სახით თელავის რაიონის სოფელ აკურის საკრებულოს ორივე წევრს განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდათ. მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,“ - აღნიშნულია განაჩენში.

პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინიტრაციაში აცხადებენ, რომ ნუსხელის დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. „არაფერი ვიცი ამის შესახებ. გავერკვევი,“ - განაცხადა პრეზიდენტის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზურაბ ბეჟანიშვილმა.

რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის გაგა ციგროშვილის შვებულებაში გასვლას, ამის მიზეზად იგი გადაღლას ასახელებს. „ძალიან დავიღალე მუშაობით. ამიტომ, ვთხოვე გუბერნატორს, ცოტა ხანს დავისვენებ მეთქი და შვებულებაში გავედი. სხვა მიზეზი არ არსებობს. საერთოდ, არ ღირს ამ ინფორმაციის გავრცელება.

- ბატონო გაგა, თქვენს წასვლას თქვენივე ოფისის ძვირადღირებულ სარემონტო სამუშაოებს უკავშირებენ, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

- სარემონტო სამუშაოები ჩავატარე. ორი ოთახი გავაერთიანე და გარკვეული ფინანსები გაიხარჯა, მაგრამ საგანგაშო არაფერია,“ - აცხადებს ციგროშვილი.

თელავის საზოგადოება იმედოვნებს, რომ ნუსხელიძის ახლო წარსულით პარტიის ცენტრალურ ოფისში თუ არა, პრეზიდენტი მაინც დაინტერესდება. „თელაველები ამბობენ, რომ ნუსხელიძე, როგორც საჯარო მოხელე, რაიონის სირცხვილია.“

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

 

ახალი ამბები