კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კერძო საკუთრების დაცვა ჭირს

7 მარტი, 2007

document.gifკერძო საკუთრების დასაცავად საპარლამენტო ოპოზიცია კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ამავდროულად, ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას სთხოვს, რომელიც დანგრეული საკუთრების კანონერებას შეისწავლის. მართალია, პოზიციამ და ოპოზიციამ ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, თუმცა ამის იქით საქმე არ დაძრულა.       
რას ფიქრობს საპარლამენტო პოზიცია და ოპოზიცია საკუთრების უფლების დაცვაზე, რამდენად ირღვევა მესაკუთრეთა უფლებები და როგორ უნდა დაიცვან მოქალაქეებმა თავი? ამ კითხვებით საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს მივმართეთ.       

დავით გამყრელიძე, „მემარჯვენე ოპოზიციის“ ლიდერი: „ფაქტია, რომ არც  სასამართლო, არც პარლამენტი, არც აღმასრულებელი ხელისუფლება, არც თვითმმართველობა საკუთრების უფლების დაცვის გარანტი არ არის. სამწუხაროდ, ამის გარანტს არც კონსტიტუცია და კანონი იძლევა. ამიტომ, უნდა შეიქმნას სპეციალური კანონი, თუ საჭიროა, კონსტიტუციაშიც შევიდეს ცვლილება, იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ საზარელ ფაქტებს წერტილი დაესვას.

დღეს თითქოს კონსტიტუციაც იცავს საკუთრებას და კანონიც, მაგრამ არცერთი სრულდება. მთავარია, პოლიტიკური ნება. პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ყველა იმ კანონდარღვევის და საკუთრების ხელყოფის ფაქტი უნდა შეისწავლოს და მისი დასაბუთების შემთხვევაში,  ხელისუფლების კომპენსაციების გაცემა უნდა დაიწყოს. ერთ-ერთი, რასაც პირველ რიგში შევისწავლით, მეტრო გოცირიძესთან განხორციელებული ნგრევა იქნება.“

კოკა გუნცაძე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: „ჩვენ კერძო საკუთრების ხელყოფის არაერთი ფაქტი შევისწავლეთ. ეს არის როგორც იძულებითი ჩუქების შემთხვევები, ასევე ნგრევები.  ეს რეკეტია სახელმწიფოს მხრიდან.
საკუთრების ხელყოფის ერთ-ერთი ვარიანტი კი ის არის, რომ ობიექტის შესამოწმებლად ფინანსური პოლიცია შედის, მას ლუქავენ და საბოლოოდ ეს ქონება სახელმწიფოს ხელში გადადის.“

ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობა საკუთრების ხელყოფის შემთხვევებს არ იცნობს, თუმცა ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნას ეთანხმება.

ბესო ჯუღელი,  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: „ერთპიროვნულად ვერ ვიტყვი, რომ კერძო საკუთრება დაცულია, თუმცა, მცდელობა იმისა, რომ დაცული იყოს, არსებობს. ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის მცდელობაც ამას მიუთითებს. გვინდა, გავერკვეთ და ობიექტურობა დავადგინოთ.  დოკუმენტებში ჩახედული არ ვარ და სად რა მოხდა ვერ გეტყვით, თუმცა, პირველივე დღიდან ვითხოვ, ნგრევა თუ ჩამორთმევა სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. დაზარალებულებმაც სასამართლოს უნდა მიმართონ და რეალობა გაირკვეს“.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი ნინო კალანდაძე საგამოძიებო ჯგუფის შექმნას მიესალმება, თუმცა, ამბობს, რომ მას ფაქტების გამოძიების უფლება არ ექნება და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არც არანაირი იურიდიული ძალა ექნება.     

ნინო კალანდაძე, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: „ინტერფრაქციულ ჯგუფთან დაკავშირებით უმრავლესობის სხვა წევრებისგან განსხვავებით ჩემეული პოზიცია მაქვს. არ მგონია, რომ ინტერფრაქციულ ჯგუფს რეალურად რამის გამოკვლევა შეუძლია, რადგან ის არ არის საგამოძიებო ჯგუფი. ეს ჯგუფი სავარაუდოდ იმისთვის შეიქმნება, რომ დეპუტატების ინტერესი დაკმაყოფილდეს. თუმცა, რაც შეეხება მერიიდან მასალების გამოთხოვას, ქალაქის მერის დაბარებას, რაც სავარაუდოდ დაგეგმილია, ეს სამართლებრივად უცნაური საკითხია. გიგი უგულავა (თბილისის მერი) პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პირი არ არის. ის არის თვითმმართველობის წარმომადგენელი, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებელი სტრუქტურაა. გარდა ამისა, ამ კომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო, მერია არ არის ანგარიშვალდებული, რაიმე კომპენსაციები გაიღოს. ჩემი აზრით, ამ ჯგუფის შექმნა  მორიგი პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველია და არა მასალების შესწავლა.“

კერძო საკუთრება თუ  უკანონო მშენებლობა? 

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა მაქაცარია ოპონენტებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ მისი სამსახური არა კერძო საკუთრებას, არამედ უკანონო მშენებლობებს ებრძვის. მისი ინფორმაციით წელიწადნახევრის განმავლობაში ამ მიზეზით დანგრეულია დაახლოებით 2500 ავტოფარეხი, 500-მდე სავაჭრო ჯიხური და 100-მდე დიდი შენობა სტრატეგიულ ადგილებთან. გარდა ამისა, მისი თქმით, საჯარიმო სანქციების სახით ბიუჯეტში 100 ათასობით ლარი შევიდა.
ლაშა მაქაცარია: „დაახლოებით წელიწადნახევარია, რაც ეს სამსახური შეიქმნა. მანამდე კი ქალაქის იერსახის  მოწესრიგება არავის აინტერესებდა.
შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და არა კერძო საკუთრების ხელყოფა. შემიძლია, კონკრეტულ ობიექტებზე კონკრეტულად გიპასუხოთ.

ჟურნალისტი: მაგალითად, შპს „ორქიდეა“, რომელიც მეტროსადგურ გოცირიძესთან დაინგრა...
ლ.მ. ეს ადგილი იჯარით  იყო აღებული, თუმცა საიჯარო ხელშეკრულება გაუქმებული იყო. გარდა ამისა, შენობა, რომელიც ზედ იყო დამაგრებული, იყო დროებითი, მსუბუქი კონსტრუქცია და გაცილებით მეტი ფართი ეკავა, ვიდრე ნებართვა ითვალისწინებდა. კანონის შესაბამისად, ჩვენ მას ზეპირი და წერილობითი
გაფრთხილება მივეცით, რომელიც ამ ქალბატონმა არ ჩაიბარა. არსებობს ჩემი ბრძანება ამ შენობის დემონტაჟის შესახებ. აქედან გამომდინარე, მისი დემონტაჟი კანონის სრული დაცვით მოხდა. ახლა კი ის ქალბატონი სასამართლოში ჩივის.
ჟურნალისტი: შპს „ნია“-ს შემთხვევაში რა მოხდა? ამ საქმეში არსებობს თქვენი სამსახურიდან გაგზავნილი უცნაური წერილი, სადაც ვკითხულობთ, რომ ამ ობიექტის საკითხი არ განიხილება, არადა, ამ დროს შენობა უკვე დაინგრა...
ლ.მ: როცა წერილი გაიგზავნა, მაშინ ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნულ საქმეზე დაწყებული არ იყო.
ჟურნალისტი: მაშ როგორ დაინგრა, თუ წარმოება არ იყო დაწყებული? პასუხი გაგზვნილია 22-ში, შენობა კი 17-ში დაინგრეული იყო...
ლ.მ: საგინაშვილს დემონტაჟის შემდეგ წერილი არ გაუგზავნია და ამაზე მე ვაგებ პასუხს.
ჟურნალისტი: ეს დოკუმენტი მეც მაქვს, მას ნამდვილად საგინაშვილის ხელმოწერა აქვს...
ლ.მ. ალბათ გეშლებათ, არის ამგვარი წერილი, რომელიც ახვლედიანის გაგზავნილია და დაგვიანებითაა ხელმოწერილი. ეს არის ელემენატრული ლაფსუსი, რომელსაც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. დემონტაჟთან დაკავშირებით ჩემი დადგენილება არსებობს და სირაქლემას პოზიციაში არავინ ჩადგებოდა. „ნია“-სთან დაკავშირებით იმდენად სამართლიანად მოხდა ყველაფერი თავიდან ბოლომდე, რომ სადაო არაფერია. არანაირი კერძო საკუთრების ხელყოფას ადგილი არა აქვს, ეს არის უკანონო, ძველი შენობების დემონტაჟი.
ჟურნალისტი: კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითი მოდულის შენობასთან დანგრეული კერძო საკუთრებაა. ამ და ასევე „შუშის სახლთან“ დაკავშირებით თქვენი  წერილი არსებობს, რომ ეს ობიექტები თქვენ არ დაგინგრევიათ. ვინ დაანგრია?
ლ.მ. მოდულთან დანგრეული შენობა არ მახსოვს, შეიძლება ადამიანებმა თვითონ დაანგრიონ და მერე თქვან, რომ ზედამხედველობამ დამინგრიაო. ასეთი რამ ხდება. „შუშის სახლი“ კი სხვა საკითხია. ამ შემთხვევაში არანაირი ნორმატიული აქტი არ ყოფილა გამოცემული, რადგან  მეპატრონეებსა და ჩვენს შოროს სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა. ანუ, ჩვენ ვეხმარებოდით მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურად, სხვა სახის ზედამხედველობა არ ხორციელდებოდა. ეს იყო თანხმობით შესრულებული პროცესი. ანუ წერილში იგულისხმება, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება არ მომხდარა და არა ის, რომ ზედამხედველობა არ მონაწილეობდა ამ პროცესში.
ჟურნალისტი: დანგრეული ობიექტების მეპატრონეები ამბობენ, რომ მათ არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ და კანონერი პროცედურები დაცული არ ყოფილა...
ლ.მ. გაფრთხილება და მიწერილობა ყველა შემთხვევაში არსებობს. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ჩვენ ზეპირი თანხმობა გვქონდა ან თვითონ შლიდნენ და მხოლოდ ტექნიკურად ვეხმარებოდით.
ჟურნალისტი: საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა „გოცირიძესთან“ დანგრეულ „მერითაიმ“-ს. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ეს შენობა კანონერი იყო. 
ლ.მ. ამ შემთხვევაში ვრცელი კომენტარის გაკეთება არ მსურს, ისევ და ისევ მეპატრონეების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან რაღაც შეთანხმებებზე გვაქვს საუბარი. ჩვენ მზად ვართ, მოქალაქეები სასამართლოში წავიდნენ და იჩივლონ. მზად  ვართ,  ჩვენი სამართლოანობა და კანონიერება სასამართლოშიც დავადასტუროთ. შეიძლება, რაღაც პროცედურული დარღვევები ყოფილიყო. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ზედამხედველობის სამსახურმა რაღაც დაარღვია, მერია მზად არის იმ ხალხს გარკვეული კომპენსაციები მისცეს, მაგრამ ეს ვერ მოხდება, რადგან ჩვენ მართლები ვართ. რაც შეეხება ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნას, ის ჩვენ ვერაფერს დაგვავალდებულებს. ინგრევა უკანონო შენობები და არა კერძო საკუთრება.“ 
 
მართალია, ზედამხედველობის საქალაქო სამსხურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის უკანონო მშენებლობებს ანგრევს, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში არსებული დოკუმენტაცია, დაზარალებული მოსახლეობა, სახალხო დამცველი და საპარლამენტო ოპოზიცია  საპირისპიროს ადასტურებს. დაზარალებულ მესაკუთრეებს იმედი აქვთ, რომ რეალობა სასამართლო ძალით გადაწყდება, თუმცა ზოგს სასამართლო ბაჟისთვის საჭირო ათასობით ლარი არ მოეპოვება, რიც გამოც სამართლიანობის აღდგენის იმედი არა აქვს. ამ ეტაპისთვის სასამართლოს საკუთრების ხელყოფის არცერთ შემთხვევაზე არ უმსჯელია. თუმცა, არის ერთეული შემთხვევები, როცა თბილისის მერია დაზარალებულებთან ზიანის ანაზღაურების შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს.           
 

ეკა გულუა

ახალი ამბები