კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატარა სოფლის დიდი პრობლემები

10 მარტი, 2007

chikvib.gifადიგენის რაიონის სოფელ ენთელში ჩიყვი და სხვადასხვა ნაწლავური ინფექციები აღარავის უკვირს. (ფოტოზე ავთანდილ ლომოძე)

სოფელი ენთელი ადიგენის რაიონიდან დახლოებით 10 კილომეტრით არის დაშორებული. ენთელი ამაღლებულ გორაკზეა გაშენებული. აქაურები ძირითადად მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევენ. ხელით ამუშავებენ მიწას და მთავარ სამუშაო იარაღადაც თოხს და ბარს აღიარებენ.

ენთელში 140 კომლი ცხოვრობს. სოფელში აღარ ფუნქციონირებს კლუბი, აღარ მუშაობს ბიბლიოთეკა, გაუქმებულია საბავშვო ბაღი. როგორც აქაურები ხუმრობენ დაწესებულებებიდან მხოლოდ ,,სკოლა და წისქვილი შემორჩათ”. 

,,დაწესებულება წისქვილი” და მეწისქვილის ამბები

,,აქაურები 1944 წელს საჩხერის რაიონიდან ჩამოასახლეს, მე მაშინ სამი წლის ვიყავი და არაფერი მახსოვს. მამაჩემი მიყვებოდა, რა ძნელი იყო მათთვის საკუთარ კუთხესთან განშორება,” - საუბრობს ავთანდილ ლომიძე.

ის ახლა სოფლის წისქვილში მეწისქვილეა. ,,ახლა ვინღა მუშაობს, მე იშვიათი გამონაკლისი ვარ,” - ამბობს მოხუცი და ეღიმება.

ავთანდილ ლომიძე სოფლის სიდუხჭირეს და გაჭირვებას მჭადის ფქვილის წონით ხვდება: ,,ადრე ვინ წონიდა მოტანილ სიმინდს? დააგდებდნენ ტომარას და მიდიოდნენ.  ახლა კი ტომრიდან შემთხვევით გადმოვარდნილ თითო კაკალ სიმინდსაც დაჰკანკალებენ, გაჭირდა ცხოვრება და ამიტომ,” - ამბობს მეწისქვილე.

საერთო გაჭირვებას სასმელი წყალის არქონაც ემატება.

,,სოფლის ზემოთ სამ კილომეტრში მარილიანი წყალი მოდის და იმას ვეზიდებით.  მარილიანი წყალი კი ჩიყვს აჩენს. ცხონებულ დედაჩემსაც ჰქონდა ჩიყვი, გავუკეთეთ ოპერაცია, მაგრამ”... ფქვილიან მკლავს შუბლზე ისვამს მოხუცი. 
 
,,დაწესებულება სკოლა”

სოფელში სასწავლო პროცესი ორ შენობაში მიმდინარეობს. ერთი საბავშვო ბაღისაა, მეორე ყოფილი კოლმეურნეობის კანტორის.
სკოლაში ასი მოსწავლე სწავლობს, უმრავლესობის განცხადებით, ისინი სოფელში გაჩერებას არ აპირებენ.

,,აქ რა მინდა, რა უნდა ვაკეთო? ან სად უნდა ვიმუშავო?” - აქეთ გვისვამს კითხვას მეთერთმეტე კლასელი თორნიკე ობოლაშვილი.

მასწავლებლები და მოსწავლეები კომპიუტერზე ოცნებობენ: ,,კომპიუტერი ტელევიზორში გვაქვს ნანახი,” - ამბობს მეთერთმეტეკლასელი თეონა ხარაიშვილი. 
 
სოფელში არავინ მუშაობს, დაუსაქმებლობა აქაურებისთვის დიდი პრობლემაა.

,,ახალგაზრდობა მთელ დღეს ბირჟაზე ატარებს, გული მიკვდება, ამას რომ ვხედავ,” - ამბობს ადგილობრივი ციალა ქიმაძე.

ენთელელების განცხადებით, სოფელში  ბავშვების 99 პროცენტი ჩიყვით არის დაავადებული. ჩიყვი და სხვადასხვა ნაწლავური ინფექციები სოფელში უკვე აღარავის უკვირს. რაც დაბინძურებული სასმელი წყლით არის გამოწვეული.

,,სკოლაში ექვსი წლის წინ ექიმები იყვნენ ამოსულები და მასწავლებლები და ბავშვები ჩიყვზე შეგვამოწმეს. ბავშვების 99 პროცენტს ჩიყვი აღმოაჩნდა. მაშინ დაარიგეს კაფსულები, ერთჯერადი მიღებისთვის. მას შემდეგ კი არავის გავხსენებივართ,” - აცხადებს სკოლის მასწავლებელი მარინე ნოზაძე.

,,ბავშვებს მკურნალობა სჭირდებათ, მაგრამ მშობლები ხელმოკლედ ცხოვრობენ და შვილებს ვერ მკურნალობენ. წყალში იოდის შემცველობა ნაკლებია და ვვარაუდობთ, რომ ეს დაავადება სწორედ სასმელი წყლის ბრალია. ხშირია ნაწლავური ინფექციები, ტანზე გამონაყარი. წყალს ჭიები და მატლები მოჰყვება, ” - ამბობს მასწავლებელი ელენე ჩხიტუნიძე.

გულო კოხოძე, ადიგენი

ახალი ამბები