მოჩვენებითი თავისუფლება
13.03.2007

საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთების შემდეგ, სკოლებს მართვის სრული თავისუფლება მიენიჭა. სკოლის ადმინისტრაციამ სამეურვეო საბჭოებთან ერთად უკვე თავად უნდა განსაზღვროს მართვის სტრატეგიაც და ისიც თუ როგორ ან სად გახარჯავს ხელისუფლებისაგან გაცემულ სახსრებს. ერთ მოსწავლეზე ვაუჩერის თანხა იანვრიდან 15 ლარით გაიზარდა და 235 ლარი გახდა. განათლების სამინისტროში სკოლებს ურჩევდნენ ეს თანხა მასწავლებლების ხელფასებზე დაემატებინათ, თუმცა, როგორც პედაოგები ამბობენ, აჭარის განათლების სამინისტრომ ახალი პროგრამა შეიმუშავა, და ამის მიხედვით, ახალი „რეკომენდაციაც“ გასცა, რომელმაც სავალდებულო ხასიათი მიიღო.
აჭარის განათლების სამინისტრომ ახალი პროგრამა შეიმუშავა, რომელიც მოსწავლეთა ფორმებით უზრუნველყოფას გულისხმობს, თუმცა, თანხა ვინ უნდა გადაიხადოს, ამის შესახებ დოკუმენტში არაფერი წერია. ბათუმის II სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი ასლან ჭანიძე ამბობს, რომ ამ სიახლის შესახებ მათ სკოლის დირექტორისაგან გაიგეს. მე-18 სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი, პედაგოგი მადონა ზოიძე აცხადებს, რომ მათ სკოლაში დირექტორს ამ დირექტივის შესახებ არაფერი უთქვამს.
თანხის გადარიცხვა ვაუჩერზე დამატებული 15 ლარით უნდა მომხდარიყო. „ეს ფული მასწავლებლის მატერიალურ კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა. ამ დროს „ზემოდან“ ინსტრუქცია მოდის, რომ აღნიშნული თანხა ბავშვებისთვის ფორმის შეკერვას უნდა მოხმარდეს. მე წინააღმდეგი ვარ, რომ ეს ვალდებულება სკოლამ საკუთარ თავზე აიღოს,“ - აცხადებს პირველი სკოლის პედაგოგი ეთერ კვაჭაძე.
ბათუმის პირველი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ზურაბ გელაძეს კი ის ფაქტი აღიზიანებს, რომ მათ კანონით მინიჭებული უფლების განხორციელების საშუალებას არ აძლევენ: „ჩემთვის, როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისთვის, ეს საკითხი სერიოზულ თავსატეხად იქცა. წერილის გამოგზავნა და მისი შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია. მაშინ ვინ ვარ მე და რას წამოვადგენ? მე ხომ მშობლებმა ამირჩიეს და ნდობაც გამომიცხადეს. თუ ნახევარ გვერდზე დაწერილი წერილის შესრულება მომეთხოვება, ჩემს აქ ყოფნას რა აზრი ჰქონდა? ამას სკოლის დირექტორიც კარგად გააკეთებს,“ - აცხადებს გელაძე.
მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებები საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთდა, ვაუჩერის თანხის განკარგვის უფლება მხოლოდ სკოლებს აქვს. ექსპერტი პაატა პაპავა სწორედ სკოლების ამ უფლებას უსვამს ხაზს: „თუკი გადაწყვეტილების მიღების უფლებას კანონი მაძლევს, მაშინ ის მართლაც მე უნდა მივიღო და არა ვიღაც სხვამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოჩვენებითი თავისუფლებაა,“ - აცხადებს პაატა პაპავა.
პროგრამის განხორციელებას და მოსწავლეებისთვის ფორმების შეძენას მომხრეებიც ჰყავს. II სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი ასლან ჭანიძე ამბობს, რომ აჭარის განათლების სამინისტროში პროგრამამ სახეცვლილება განიცადა: „გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ მას შემდეგ შეცვალა, როცა ჩვენ უარი განვაცხადეთ მის შესრულებაზე. შემოგვთავაზეს თავად აგვერჩია თუ როგორი ფორმები ექნებოდა ჩვენს სკოლას.“
ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გია აბულაძის განცხადებით, „პროგრამა უკვე არსებობს და ის უნდა შესრულდეს. ვინ განახორციელებს მას, ამას მნიშვნელობა არა აქვს. თუ სკოლა თავად აიღებს მის დაფინანსებას საკუთარ თავზე, კარგი იქნება. შეიძლება თანადაფინანსების წესით გარკვეული თანხა განათლების სამინისტრომაც გაიღოს, მაგრამ რამდენადაც ვიცი ამ პროგრამის წინააღმდეგ არავის გამოსულა,“ - აცხადებს აბულაძე.
ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი სკოლების დირექტორებისათვის „დირექტივის” გაცემის ფაქტს უარყოფს. ამბობს, რომ მათ სკოლებს უბრალოდ შეატყობინეს ამ პროგრამის შესახებ და შემდგომში თავადაც რამდენჯერმე გასცა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.
ირმა ზოიძე, ბათუმი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

