კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სადაო ბავშვს თურქეთში გასაყიდად ამზადებენ?

14 მარტი, 2007

childb.gifპირველი  ჯგუფის ინვალიდმა, 45 წლის ნანამ 3 წლის შვილის დაბრუნების მოთხოვნით პროკურატურას ცოტა ხნის წინ მიმართა. სამართალდამცავებმა ბავშვის უკანონოდ გაშვილების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს, თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ დედას, რომელიც თურქ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, ბავშვი გასაყიდად უნდა.

1999 წელს თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ წასული ნანა, როგორც თავად ამბობს, 2003 წელს საქართველოში, ჩინური მედიცინის მეთოდით სამკურნალოდ დაბრუნდა. ტრომბის დარტყმის შემდეგ მას მარცხენა ხელ-ფეხი გაჩერებული აქვს: „2004 წლის თებერვალში გურჯაანის სამშობიარო სახლში მოულოდნელად აღმოვჩნდი. არ ვიცოდი ორსულად თუ ვიყავი. ბავშვი რომ გაჩნდა, მას შემდეგ სამშობიაროს იმ ოთახში, სადაც ვიწექი, უცნობი ადამიანები მაკითხავდნენ და მთავაზობდნენ, რომ რადგან ავადმყოფობის გამო ბავშვის გაზრდა არ შემეძლო, შვილი მათთვის დამეთმო, ამაში კი 1000 აშშ დოლარს გადამიხდიდნენ. ეს ყველაფერი სამშობიარო სახლის პალატაში ხდებოდა. თავდაპირველად შემოთავაზებებზე უარი განვაცხადე. მოგვიანებით კი ვინმე მარიკა ნ-ს დავთანხმდი, რომ ბავშვს იმ პირობით მივცემდი, თუკი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში უკან დამიბრუნებდნენ. ჩემი გადაწყვეტილება ქმართან, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, შეთანხმებული არ მქონდა. ამის შესახებ, მხოლოდ ჩემმა მეზობლებმა იცოდნენ, დაწვრილებით კი გ. გლურჯიძემ.

სამშობიარო სახლიდან ბავშვის გასაყვანად დაბადების მოწმობა იყო საჭირო. მარიკამ ყველაფერი მოაგვარა. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის გურჯაანის განყოფილებიდან ბავშვის დაბადების მოწმობა მოიტანა და გავეწერეთ. სამშობიარო სახლიდან გამოსულს ქუჩაში მანქანით დამხვდნენ და ბავშვი გამომართვეს,“ - განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ნანა დ-მ.

მშობიარობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დედამ, მეზობელი გლურჯიძის მეშვეობით, ბავშვის უკან დაბრუნება მოითხოვა, რაზედაც მშვილებლების მხრიდან, მისივე თქმით, უარი არ მიუღია. „შემომითვალეს, რაც ფული დავხარჯეთ, მისი სამშობიარო სახლიდან გამოყვანისთვის, დაბადების მოწმობის დამზადებისა და სხვა ხარჯებისათვის, აგვინაზღაუროს და თავისი ბავშვი წაიყვანოსო. ყველაფერზე დავთანხმდი. სახლიდან ავეჯი და სხვა ნივთები გავყიდე, მაგრამ ბავშვი არ დამიბრუნეს. გლურჯიძეს ვაწუხებდი, ბავშვი უკან უნდა დამაბრუნებინო-მეთქი, მაგრამ ვერაფერი შეძლო. ბავშვს თუ დავიბრუნებდი, თურქეთში უნდა წამეყვანა. ბავშვის მამას ომერ ალბაირაკს, რომელიც თურქეთის ქალაქ რიზე-ფინკიდელში ცხოვრობდა, ვატყუებდი. მან იცოდა, რომ პატარა ჩემთან იყო და მიბარებდა, ჩამოდი და ბავშვიც ჩამოიყვანეო.

აპრილში თურქეთში წავედი. ომერს ვუთხარი, ბავშვი ჩემს ძმასთან და რძალთან დავტოვე-მეთქი. ...მალევე, 2005 წლის ივლისში, ქმარმა უკან გამომგზავნა, სარფის საზღვრამდე როგორმე ჩამოგიყვანონ ბავშვთან ერთად და აქედან მე მოგხედავო. სასამართლოში განცხადება შევიტანე და ბავშვის დაბრუნება მოვითხოვე. საქმის განხილვის სტადიაში მოსამართლემ გვითხრა, აქ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ჩანს და საქმე, გამოძიების დასაწყებად პროკურატურას უნდა გადაეცესო,“ - ამბობს ნანა და დასძენს, რომ ამის შემდეგ ის კვლავ თურქეთში წავიდა, საიდანაც იგი 2006 წლის დეკემბერში, ქორწინებაში არ მყოფ მეუღლესთან, 41 წლის ომერ ალბაირაკთან ერთად დაბრუნდა.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე ნანამ და ომერმა განცხადებით გურჯაანის რაიონულ პროკურატურას მიმართეს. განცხადების საფუძველზე, სსკ-ის 172 მუხლით, არასრულწლოვანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმის გამოძიება შს გურჯაანის სამმართველოს გამომძიებელს ბესო შაიშმელაშვილს დაევალა. გამომძიებელმა „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ კომენტარზე უარი განაცხადა, არადა მომჩივანს მის მიმართ პრეტენზიები აქვს. „გამომძიებელი საქმეს უყურადღებოდ მოეკიდა...გამომძიებელმა შაიშმელაშვილმა რაღაც ქაღალდი მაჩვენა და მკითხა, ეს ნამდვილად შენი ხელმოწერააო? კი, ნამდვილად ჩემია მეთქი, ვუთხარი. მახსოვს, ბავშვის დაბადების მოწმობა რომ უნდა აეღოთ, რაღაც ცარიელ ფურცელზე მომაწერინეს ხელი, რომელიც შემდეგ ხელწერილად აქციეს,“ - ამბობს ნანა.

„რადგან ხელი-ფეხი გაჩერებული მაქვს და ინვალიდი ვარ, არ შემიძლია ბავშვის მოვლა და ჩვილს ჩემი ნებით და სურვილით ვაჩუქებ,“ - ნათქვამია ე.წ. ხელწერილში.

როგორც გავარკვიეთ, მარიკა ნ-მ ბავშვი გასაზრდელად თავის ძმას და რძალს გადასცა, რომელთაც შვილი არ ჰყავდათ.

„ბავშვი იმიტომ უნდა, რომ უნდა გავყიდოო, არა? უკვე მეორედ გვიჩივის. ბავშვი თავისი ნებით მოგვცა. ჩვილი მისმა მეზობელმა გლურჯიძემ მომაწოდა. სწორედ მას სთხოვდა ნანა, ახალდაბადებული არ გამოეჩინა. მისმა ვაჟიშვილმა, რომელიც პირველი ქმრისგან ჰყავს, არაფერი იცოდა დედის ფეხმძიმობის შესახებ. ნანა, გლურჯიძეს ეუბნებოდა, ბავშვი ცელოფანში გაახვიე და სადაც გინდა იქ გადააგდეო. ...სამშობიარო სახლის მომსახურების ხარჯები მთლიანად ჩვენ გადავიხადეთ. გლურჯიძემ ნანას გოგონასაც მისცა ფული, ექიმებისთვის რომ მიეცა ცალკე. რაც საჭირო იყო ყველაფერი მაყიდინეს და მიმატანინეს.

რატომ უნდა მივცეთ ბავშვი ეხლა, როცა მაშინ თავის ნებით მოგვცა. იმ ბავშვის გადაგდება ჰქონდა გადაწყვეტილი. მაგას პატარა იმიტომ უნდა, რომ თურქეთში გაყიდოს. არც მალავს და ამბობს, რომ ბავშვი თუ დაიბრუნა, თურქეთში წაიყვანს. თურქეთში კი ქართველი ბავშვები იმიტომ მიჰყავთ, სარფიანად გაყიდონ. ამასაც რომ თავი დავანებოთ, თუ მაშინ ინვალიდობის გამო მოვლა არ შეეძლო, ახლა როგორღა უნდა მოუაროს, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა?“ - ამბობს მარიკა ნ-ი და დასძენს, რომ ბავშვის დაბრუნებას არ აპირებენ.

სადაო ბავშვის თურქეთში გაყიდვის შესაძლებლობას არც მშვილებლების ადვოკატი ნოშრევან ქელეხსაშვილი გამორიცხავს: „გარემოებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ბავშვი თურქეთში გაყიდონ. სხვას ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერს ის დაადგენს,“ - აღნიშნავს ადვოკატი.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები