კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არ არის დამნაშავე, მაგრამ დამნაშავეა

15 მარტი, 2007

kodorib.gif

გასული წლის ზაფხულში კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენებს, ანუ როგორც ოფიციალური პირები აფასებდნენ „ხეობის კრიმინალებისგან წმენდას“ კოდორის მოსახლეობის დაპატიმრება მოჰყვა. დაკავებულთა უმრავლესობას ბრალი უკანონო ფორმირებაში მონაწილეობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით წაუყენეს.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2006 წლის 31 ივლისს მოხდა. ამ დღეს შინაგან საქმეთა  სამინისტროს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კოდორის ხეობის, სოფელ გენწვისში მცხოვრები დავით არღვლიანი დააპატიმრეს. არღვლიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 236 მუხლის I და II ნაწილით აღიძრა  (ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება).

3 აგვისტოს, არღვლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი  წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 17 აგვისტოს, ახალაღმოჩენილ გარემოებათა გამო, არღვლიანის ადვოკატმა ზაზა ქვაცაბაიამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და პატიმრობის უფრო მსუბუქი ღონისძიებით, გირაოთი შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა კიდეც. არღვლიანი 2 000 ლარის გადახდის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

არღვლიანის გათავისუფლებიდან თვეზე ნაკლები იყო გასული, როდესაც 2006 წლის 5 სექტემბერს არღვლიანს ახალი ბრალდება - უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა წაუყენეს.
 
არღვლიანის ადვოკატისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ზუგდიდის ოფისის იურისტის ზაზა ქვაცაბაიას თქმით, არღვლიანი კოდორის მოვლენების მსხვერპლია. მისი თქმით, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც საქმეში ფიგურირებს, სამართალდამცავებმა თავად ჩადეს.:

„არიან მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დავით არღვლიანი სამართალდამცავებმა მისი სახლიდან უიარაღოდ წაიყვანეს. სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, თითქოს არღვლიანი ტყეში დააკავეს და მას ჩხრეკის შედეგად იარაღი აღმოაჩნდა, ” - ამბობს ქვაცაბაია.

გამოძიების ვერსიით, თავდაცვის სამინისტროს მიერ 1994 წელს ჩამოყალიბდა ბატალიონი „მონადირე”, რომლის რიგებშიც დავით არღვლიანი ირიცხებოდა. 2005 წლის 27 მაისს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით, „მონადირე“ გაუქმდა და უკანონო შეარაღებულ ფორმირებად გამოცხადდა.  გამოძიების ვერსიით, არღვლიანი მინისტრის ბრძანებას არ დაემორჩილა და ფორმირებაში მონაწილეობას განაგრძობდა.  ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცება იმისა, რომ არღვლიანი უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრი იყო. პირიქით, იგი აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა კვიციანს, ის მოსახლეობას მოუწოდებდა მონაწილეობა არ მიეღოთ კვიციანის პროვოკაციულ „დაუმორჩილებლობაში”.

იგივეს ადასტურებენ ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრები.  ადვოკატის თქმით, არღვლიანი ხეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, არის უხუცესთა საბჭოს წევრი და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულია მედლით „საბრძოლო მამაცობისთვის.” უხუცესთა საბჭო და აჟარის-ზემო აფხაზეთის მუნიციპალური გამგეობა არღვლიანს დადებით პიროვნებად აფასებს.

„მას 6 შვილი ჰყავს, ნამდვილი ოჯახის მამა და არაჩვეულებრივი მეზობელია. ყოველთვის აქტიურად იყო ჩაბმული ხეობის ცხოვრებაში. მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს გამთლიანებისათვის ბრძოლაში. არა აქვს ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ გააჩნია მავნე ჩვევები...” – ამონარიდი არღვლიანის დახასიათებიდან, რომელსაც მას სოფლის გამგებელი აძლევს.

არღვლიანის ადვოკატმა განსასჯელთან შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, რომ დავით არღვლიანი უდანაშაულოა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას საქართველოს სსსკ-ის 679-ე პრიმა მუხლის საფუძველზე ბრალის აღიარების გარეშე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ მიმართა, რაზედაც მან პროკურატურისგან უარი მიიღო.

სასამართლო პროცესი უახლოეს მომავალში გაიმართება. ადვოკატის განცხადებით, კოდორში დაკავებული პირების გასამართლების ფაქტის საფუძველზე ფიქრობს, რომ არღვლიანი იმავე ბედს გაიზიარებს. ადვოკატი ეჭვობს, რომ უდანაშაულო ადამიანს შეთითხნილი ბრალდებების გამო გაასამართლებენ.

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები