კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იქ ისიც კი არ იციან, რომ უფლებები აქვთ

16 მარტი, 2007

axalqalaqib.gif

ახალქალაქი ახალციხიდან  60 კილომეტრითაა დაშორებული.  გზა ვითომ გაკეთებულია, ისიც ნახევრად. თუმცა, არსებობს დაპირება – გზის სამშენებლო სამუშაოები მალე განახლდებაო. აქ იმედი ისევ ცოცხლობს. აბულის მთა გადათოვლილია. აქაურები ცხოვრების სიდუხჭირესა და მკაცრ კლიმატს უკვე მიეჩვივნენ.   

ახალქალაქამდე სოფელი ხულუგმო უნდა გაიარო, შემდეგ კი ორი მკვეთრი მოსახვევით ქალაქშიც შედიხარ.  თავდაპირველად შოთა რუსთაველის ძეგლი მოგხვდება თვალში,  რომლითაც ადგილობრივები განსაკუთრებით ამაყობენ.

ქალაქი ბენზინგასამართით იწყება. ცენტრალურ, აღმაშენებლის ქუჩაზე კი ერთმანეთის მიყოლებით მაღაზიებია ჩამწკრივებული. აქაურები ამბობენ -,,მალე ახალქალქში იმდენი მაღაზია და ,,კალონკა”  იქნება რამდენიც მოსახლე,” ეს ხუმრობით, თორემ აქაურების სოციალური მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა. ,,აქ კარგად ერთეულები ცხოვრობენ, უფრო მეტიც ერთი გვარის ხალხი,” - მითხრეს ადგილობრივებმა. ჩემი გიდობა და ქალაქის დათვალიერება ახალქალაქელმა ორმა ახალგაზრდამ სოსო მელიქიძემ და ბესო ინასარიძემ იკისრა. ბიჭები ჩემს შეთავაზებას - დამხმარებოდნენ ქალაქის დათვალიერებაში სიხარულით დათანხმდნენ. ,,მაინც უსაქმოდ ვდგავართ მთელი დღე,” - თან დააყოლეს. ახალგაზრდებს გასართობი არ აქვთ. მთელ დღეებს ქუჩაში ატარებენ. ჩემი ორი თანამხლების გასართობი კი ,,ბენზინკალონკაზე დაბირჟავებაა”. 

,,ჩვენი მეგობარი ,,ვისოლის” კალონკაზე მუშაობს. ბიჭები იქ ვიკრიბებით ხოლმე და ვერთობით, ხან ჯოკერს ვთამაშობთ. აბა სხვა რა უნდა გავაკეთოთ, ვისაც დალევა უყვარს ისინი ერთად იკრიბებიან და სვამენ, ჩვენ კი ჯოკერის თამაშს ვამჯობინებთ. ასე უკვე მომბეზრდა, ნეტა ვმუშაობდე,“ - დანანებით ამბობს სოსო მელიქიძე.

ახალქალაქში ხუთი საშუალო სკოლაა, სამი სომხური, ერთი ქართული და ერთი რუსული. აქაურებისთვის კინოთეატრი უცხო ხილია.

,,კინოთეატრი კი არა ბავშვებისთვის ქართული ცეკვის სწავლა გვინდა და მასწავლებელი ვერ გვიპოვია. აქ წამოსვლა არავის არ უნდა. გული მისკდება. ქართული კულტურის შენარჩუნება გვინდა და არ გამოგვდის,“ - გვეუბნება ადგილობრივი, ორი შვილის დედა ქეთევან ხუციშვილი.

 

,,ჩვენ არავის არ ვჭირდებით,” - ძირითადად ეს განწყობა აქვს ადგილობრივების უმრავლესობას.

,,სტუდენტობისას შანსი მქონდა თბილისში კათედრაზე დავრჩენილიყავი, მაგრამ მაშინ განვაცხადე, ჯავახეთს ვჭირდები-მეთქი და საცხოვრებლად აქ წამოვედი. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე არავისაც არ სჭირდები,” - ამბობს ქეთევან ხუციშვილი.

მოსახლეობის გამოკითხვა მათ უფლებებზე საკმაოდ უადგილოდ ჩანს.

,,აქ ხალხმა ისიც კი არ იცის აქვს თუ არა რამის უფლება,“ - ამბობს ადგილობრივი არმან პალანჯიანი.

ახალქალაქის რაიონში ხშირია გოგონების მოტაცების შემთხვევები, რა თქმა უნდა, დაქორწინების მიზნით.

,,ხალხი სიყრუეში ცხოვრობს. აქ გოგო თუ მოეწონება ვაჟს უკვე საკუთრებად თვლის. ეს ჩემი უნდა გახდეს და მორჩა. მშობლებიც მოტაცებულ გოგოს მოძალადესათან ტოვებენ. მოტაცება აქ უფლების შელახვად არ ითვლება,” - ამბობს ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ქეთინო ხუციშვილი.

თუმცა ადგილობრივები მოტაცებასაც თავისებურად ხსნიან.

,,მოტაცება იმიტომ ხდება, რომ მერე ქორწილებს აღარ აწყობენ სავალდებულო აღარაა და ნაკლები ხარჯია,” - ამბობს ფარანცე აკოფიანი.
 
უმუშევრობა აქაურების უმთავრესი პრობლემაა.

,,მე კი ვმუშაობ, მაგრამ ჩემი ახლობლებიდან ყველა უმუშევარია. ქალაქში დაახლოებით ორი პროცენტი იქნება დასაქმებული, განსაკუთრებით მამკაცებს უჭირთ სამსახურის პოვნა. ამიტომაც რუსეთში მიდიან,  ახლა კი ვიზების პრობლემაა. რა იქნება არ ვიცით. ოჯახში ყველა ჩემს ხელფასზე ვცხოვრობთ,” - ამბობს ირანიკ მაკარიანი.

ახალქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა თავს ვაჭრობით ირჩენს. გარე ვაჭრობა აქ აკრძალული არ არის. ვაჭრობა რუსული მანეთითაც შეიძლება და ლარითაც, გააჩნია რა ენაზე იკითხავ საქონლის ფასს. ბაზარში მუდამ ხალხმრავლობაა, თოვლსა და ტალახში მოვაჭრეები მყიდველებს ელოდებიან.

,,მეუღლე აფხაზეთის ომის ვეტერანი მყავს, არავითარ დახმარებას არ ვღებულობთ, შუქზე 37 კილოვატი გვქონდა დახმარება, ესეც კი მოგვიხსნეს. სამი შვილი მყავს, ამიტომაც გამოვედი ბაზარში და ამ ყინვაში ვვაჭრობ. ციტრუსი თბილისიდან მოგვაქვს, ხან ვხეირობთ, ხან გვიფუჭდება,” - გვეუბნება მოვაჭრე ზოია დევდარიანი.

ბაზარში შუა ქუჩაში ღიად ხის დახლებზე ერთმანეთის მიყოლებით ხორცი დევს. მის ვარგისიანობას მყიდველი არ კითხულობს. ,,არ იცის რომ ამის უფლება აქვს,” - მეუბნება ჩემი თანმხლები ბესო ინასარიძე.  

აქ ფერადად კორპუსები არავის შეუღებია, აქ წარსულიდან ჯერ მთლად არ გამოსულან. წყალკანალის შენობას რუსულად და დიდი ასოებით შემორჩენია წარწერა  ,,სლავა ველიკომუ სავეცკომუ ნაროდუ სტრაიტელუ კომუნიზმა”. იქვე ათიოდე ნაბიჯზე ჩინელების მაღაზიაა გახსნილი, სადაც გაცხოველებული ვაჭრობა არა, მაგრამ მოსახლეობის სიმრავლე მუდამაა.
 
ტრანსპორტი და წყალი კი აქაურებისთვის აქილევსის ქუსლია.

,,გზებია გაუმართავი და ტრანსპორტი არ დადის. ახალქალაქის რაიონის ყველა სოფელში არის წყლისა და ტრანსპორტის პრობლემა,” - ამბობს ქართული ენის მასწავლებელი შორენა თეთვაძე.

თუმცა როგორც აქაურები ამბობენ  ,,იყო კარგი წარსულიც”.

,,ახალქალაქში სამკერვალო ფაბრიკა მუშაობდა. იყო ქარხანა, სადაც საბაგირო გზის ტროსები მზადდებოდა, რომელიც მთელი საბჭოთა კავშირის მაშტაბით გადიოდა. იყო ფეხსაცმელების ფაბრიკაც,” - გვიყვება ფარანცე აკოფიანი. 

,,სად ვნახავთ ამ სტატიას? მეკითხებიან დამშვიდობებისას ბიჭები”. რა ვუპასუხო არც კი ვიცი, მათ ხომ ინტერნეტის შესახებ თითქმის არაფერი იციან.
 

გულო კოხოძე, ახალქალაქი

 

ახალი ამბები