07:56, Tuesday, 16.09.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სულხან მოლაშვილს ახალი ბრალდება წაუყენეს

19.03.2007
molashvili2.gifკონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს  სს კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით ახალი ბრალი წაუყენეს. ამის მიზეზად   სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია იმ გახმაურებულ შემთხვევას ასახელებს, როდესაც თითქოს მოლაშვილმა ციხის საავადმყოფოს ექიმ ჯურხა ფილაურს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. (ფოტოზე სულხან მოლაშვილი)

როგორც მოლაშვილი აცხადებს, მსგავსი არაფერი მომხდარა და აღნიშნული პროვოკაციის მიზეზი ის არის, რომ მან ახალაიას თანამშრომელთა მხრიდან არაერთი თხოვნისა და მუქარის მიუხედავად  სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელი არ გამოიტანა.

როგორც მოლაშვილის ადვოკატი შალვა შავგულიძე და მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმე წარმოებაში მიიღო, მასზე ზეწოლა გაიზარდა.  ადვოკატის თქმით, მას არაერთხელ სთხოვეს სარჩელზე უარის თქმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ კიდეც. არადა, ევროპის სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობაც კი დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელი დაჩქარებული წესით საკმაოდ მალე განიხილება.

მოლაშვილის დაპატიმრების ისტორია არა მარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც კარგად ნაცნობი თემაა. ეს საკითხი არაერთხელ მოხვდა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშში. მას 8 წელი აქვს მისჯილი. რაც შეეხება ახალ ბრალდებას, ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტს დეტალურად მისი ადვოკატი ესაუბრა.

შალვა შავგულიძე: „დავიწყოთ იმით, რომ  ევროპის კონვენციით გათვალისწინებული მთელი რიგი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, მოლაშვილმა საჩივარი ევროპის სასამართლოში შეიტანა. ამ საჩივრების განხილვა ახლო მომავალში უნდა მოხდეს. ეს არის 3 საჩივარი. ბოლო პერიოდში, რაც უფრო ახლოვდებოდა ევროპის სასამართლოში აღნიშნული საჩივრების განხილვის დრო, პატიმარს ინტენსიურად სთხოვდნენ, საჩივრის გამოტანას. გარდა ამისა, მანამდე, მნიშვნელოვანი მომენტი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხიც.

ევროპის სასამართლოში მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი დასკვნა გაიგზავნა, სადაც წერია, რომ პატიმრის ჯანმრთელობა გართულებული არ არის და ის სასჯელთაღსრულების დეპარტამეტის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნასაც კი არ საჭიროებდა, მაგრამ სახელმწიფო იჩენდა ზედმეტ ყურადღებას და მას მკურნალობდა. ამ ცნობის ასლი ევროპის სასამართლოდან მივიღეთ. ამის შემდეგ, ჩვენ ანალოგიური დამოუკიდებელი სასამართლო ერქსპერტიზა ჩავატარეთ და ეს დასკვნა ევროპის სასამართლოს მივაწოდეთ. ექსპერტიზის შედეგად გარდა იმ დაავადებებისა, რაზეც ადრე მივუთითებდით (კალკულოზური ქოლეცისტიტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, და სხვა) აღმოჩნდა ღვიძლის სერიოზული პათოლოგია, ვირუსული C ჰეპატიტის გამო. იუსტიციის სამინისტრო დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ამ ავადმყოფობის უარყოფას. ევროპის სასამართლომ სახელმწიფოს მიმართა, რომ ამ საკითხზე საკუთარი შეხედულება დაეფიქსირებინა. როგორც იქნა, დაავადება დადგინდა და ვინაიდან ეს ავადმყოფობა მოლაშვილს პატიმრობაში ყოფნის შედეგად აქვს შეძენილი, ევროპის სასამართლომ სახელწიფოს მისი მკურნალობა დაავალა.

სახელმწიფომ აღნიშნული ვალდებულება შეასრულა. მოლაშვილი ჯერ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, შემდეგ კი სასჯელთაღასრულების დეპარტამენტის სამედიცინო დაწესებულებაში.“
            
როგორც ადვოკატი შავგულიძე იხსენებს, ადვოკატებისა და მოლაშვილის ერთერთ შეხვედრაზე, პატიმარმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში მასთან ინტენსიურად შედიოდნენ სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები და ევროპის სასამართლოში შეტანილ სარჩელებზე უარის თქმას სთხოვდნენ.

„სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, თურმე შესაძლებელი იყო მისი შეწყალება ან სხვა ფორმით დანაშაულის შემცირება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ის პრობლემებს თავიდან ვერ აიცილებდა,“ - ამბობს ადვოკატი.

ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში, 29 იანვარს კი ექიმის ცემის ცნობილი ამბავი მოხდა. როგორც სულხან მოლაშვილი აღწერს და როგორც მან ჩვენება მისცა, როდესაც ის  დერეფანში იმყოფებოდა, მასთან ციხის ექიმი ჯურხა ფილაური მივიდა. ექიმმა მას პატიმარ გაგი ხვედელიძეზე დაუწყო საუბარი. ეს პიროვნება მოლაშვილის ახლობელი და კონტროლის პალატის ყოფილი აპარატის უფროსი იყო. ის იმავე სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობდა, სადაც მოლაშვილი.

როგორც შავგულიძე ამბობს, ხვედელიძე სწორედ იმის გამო დააპატიმრეს, რომ მოლაშვილს სხვადასხვა დანაშაული არ დააბრალა: „სულხანს ამ ადამიანზე გული შესტკიოდა. ექიმმა მოლაშვილს უთხრა, რომ ხვედელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ გართულდა, რომ ის საჭიროებდა ოპერაციას, მაგრამ ხელმძღვანელობის მხრიდან მისი საპყრობილეში დაბრუნების მოთხოვნა იყო,  რასაც ექიმი ვერ შეეწინაამდეგებოდა. ფილაურმა სულხანს სთხოვა, მის დასახმარებლად რაიმე ეღონა. სულხანმა უთხრა, ხელმძღვანელობის სახელზე მოხსენებით ბარათს დავწერო. ისინი დერეფანში საუბრობდნენ. ფილაურმა კი მოლაშვილს შესთავაზა, საუბარი მის კაბინეტში გაეგრძელებინათ.“
 
 „იქ ერთი ავადმყოფი პატიმარი და ერთი მედპეტრსონალი დამხვდა. ექიმი ფილაური საკუთარ მაგიდასთან დაჯდა და სულ სხვა ტონით დამიწყო საუბარი, არ ვიცი რა ვქნა, მე არაფერი შემიძლია და ვერაფერს ვიზამ, რას მერჩით. ჩემთან რას შემოდიხარ, მე რა ვქნაო,“ - იხსენებს მოლაშვილი.

შავგულიძის თქმით, სულხანი მიხვდა, რომ ეს პროვოკაცია იყო, კარი მოიჯახუნა და გავიდა. ამის შემდეგ ერთ საათში, ახალაია პრესკონფერენციას ატარებს და აცხადებს, რომ  მოლაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და ციხის ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენ და თავად მოლაშვილმა ამის შესახებ ტელევიზიიდან გავიგეთ. ამის გამო ის ეჭვმიტანილად სს კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით სცნეს. მას მეორე დღეს ბრალიც წაუყენეს.“ 

ამის შემდეგ მოვლენები საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა. პატიმარი გაგი ხვედელიძე საოპერაციოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი დღის შემდეგ კი მან რესპუბლიკური საავადმყოპოს 11-ე სართულიდან გაქცევა მოახერხა. მეორე დღეს ის საკუთარი მამიდაშვილის ბინაში დააკავეს.  ამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ბაჩო ახალაიამ ისევ პრესკონფერენცია გამართა  და განცხადება გააკეთა, რომ გაქცევს ხელი სულხან მოლაშვილმა შეუწყო. ამასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მოლაშვილისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.  ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული შემთხვევაც მას დაბრალდება.

„როგორც სულხანი ამბობს, და ჩვენც ასე ვფიქრობთ, ეს არის იმ მუქარის ასრულება რომელიც სტრასბურგში სარჩელის შეტანას ეხება. რაც შეეხება სასამართლოს, ზუსტად არ არის ცნობილი ევროპის სასამართლო მოლაშვილის სარჩელს როდის განიხილავს, თუმცა, ის, რომ ეს ძალიან მალე მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ,“ - აცხადებს შავგულიძე.  

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მოლაშვილთან დაკავშირებით არსებობს, ის არის, რომ ოჯახის წევრებს თვეში ერთხელ მისი ნახვის საშუალება არა აქვთ. არადა, კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა. როგორც მოლაშვილის მეუღლე აცხადებს, მართალია პატიმართან პაემანზე მისვლა თვეში ერთხელ შეიძლება, თუმცა, ახლობელთა რაოდენობა შეზღუდულია: „პაემანზე მხოლოდ 2 უფროსი ასაკის ადამიანს გვიშვებენ. სულხანის მამასა და ძმას კი მორიგეობით უწევთ მისი ნახვა.

მამამთილმა ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრის, სახლახო დამცველისა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე დაწერა. გვაინტერესებს, გაგვარკვიონ, რომელ კანონში წერია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანი უნდა შევიდეს პაემანზე. ეს ხომ იგივე წამებაა, რომ მამა შვილს ორ თვეში ერთხელ ნახულობს, როცა პაემანი თვეში ერთხელ ეკუთვნის.“

ამ საკითხთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სახალხო დამცველის მოადგილე გიგა გიორგაძეს ესაუბრა. მისი თქმით: „მსგავსი რეგულირება კანონში არ არსებობს. ოჯახის წევრებს შეუძლიათ, პატიმარი თვეში ერთხელ მოინახულონ: „ეს საკითხი უნდა შევისწავლო და კომენტარებს მერე გავაკეთებთ. მიზეზები ჩემთვის ცნობილი არ არის. ამ უფლების შეზღუდვის შესახებ ჩვენთვის ადრე ცნობილი არ ყოფილა.“   
       

ეკა გულუა

 

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC