კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის გამგეობაში მომუშავე ქალბატონებს სარვამარტოდ თანხები „შეაწერეს“

19 მარტი, 2007

gamgb.gif

ქალთა დღესთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე წელია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომუშავე ქალბატონებს ფულადი დახმარებით ასაჩუქრებენ. გასულ წლებში საჩუქარს 20, 30 ან 50 ლარი შეადგენდა. წელს კი ქალები ხელფასის მიხედვით დასაჩუქრდნენ. მოხელეებმა კუთვნილი სარგოს ნახევარი მიიღეს, თუმცა გამგეობის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოთხოვნით, 20 ლარი უკან დააბრუნეს.

„7 მარტს სარვამარტო საჩუქრები მივიღეთ, საიდანაც 20 ლარი, სამსახურის უფროსის კატეგორიული მოთხოვნით, უკან დაგვაბრუნებინეს. განყოფილების თანამშრომელი ციცი ციციშვილი ცელოფნის პარკით დაგვყვებოდა და ფულს აგროვებდა. როგორც ვიცი, თანხები არა მარტო ჩვენს სამსახურში, არამედ გამგეობის სხვა განყოფილებებშიც შეაგროვებინეს. გვითხრეს, გამგებლის და მისი მოადგილეების მეუღლეებს, სარვამარტო საჩუქრები უნდა ვუყიდოთო. ფულს თუ არ დავდებდით, რა თქმა უნდა, პრობლემები შეგვექმნებოდა, არადა ჩემთვის 20 ლარი ბევრს ნიშნავს,“ - გაუმხილა ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრს” გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო – ეკონომიკური სამსახურის თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ დასახელებისგან თავი შეიკავა.

უფლებადაცვით ორგანიზაციას მსგავსი ინფორმაცია ამავე სამსახურის კიდევ ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა: „საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში 22 თანამშრომელი ვმუშაობთ. კუტიბაშვილის მოთხოვნით მარტო ჩვენს სამსახურში 400 ლარზე მეტი შეგროვდა. ფული დამლაგებლებსაც კი წაართვეს, არადა მათ ხელზე 50 ლარი და რაღაც თეთრები აიღეს. რამდენიმე ჩვენგანს არ გვინდოდა, რომ კუტიბაშვილის ამ მოთხოვნას დავმორჩილებოდით, რადგან რამდენიმე დღეში გვათავისუფლებენ და ჩვენთვის 20 ლარიც მნიშვნელოვანია, იმათგან განსხვავებით, ვინც ხელფასები გაიზარდეს, მაგრამ ამ მოთხოვნას თან მუქარებიც ახლდა - 26 თანამშრომლიდან 8 უნდა დარჩეთ და ამ ყველაფერს იმ დროისთვის გავითვალისწინებთო, ასე გვითხრა კუტიბაშვილმა.“
 
ეს ინფორმაცია გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სხვა თანამშრომლებთანაც გადავამოწმეთ. არაოფიციალურ საუბარში რამდენიმე მათგანმა აღნიშნული არ უარყო და რესპონდენტების ნათქვამი დაადასტურა, თუმცა, ვინაობის გამჟღავნება არც მათ ისურვეს. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ რაც გამგეობისთვის ჩვენი ამ ფაქტით დაინტერესების შესახებ ცნობილი გახდა, რესპონდენტები კვლავ დაგვიკავშირდნენ და ინკოგნიტოდ დარჩენის პირობა შეგვახსენეს. „სამსახურის უფროსმა ძალიან იჩხუბა. გვიყვირა, ეს ინფორმაცია რომელმა თქვენგანმა გასცაო? ძალიან გთხოვთ, არ გამცეთ, თორემ სამსახურიდან ხვალვე გამაგდებენ. დღეს მთელი დღე გვატერორებს. გამგებელთან უნდა აგიყვანოთ და იმას გაეცით პასუხი „ჩაშვებაზეო“,- აღნიშნა ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ანა კუტიბაშვილმა თანამშრომელთა ბრალდებები კატეგორიულად უარყო. „ქალთა დღესთან დაკავშირებით, ბიუჯეტიდან ხელფასის ნახევრის ოდენობით თანხები გავეცით, მაგრამ 20 ლარის შეგროვება და საჩუქრების შეძენა არ მომხდარა. რაც შეეხება თანამშრომელთა გათავისუფლების საფრთხეს, ესეც ტყუილია. ყველას გვაქვს ვადიანი ხელშეკრულებები და ვინ დარჩება და ვინ არა, არავინ იცის. რვა მარტის წინა დღეს თბილისში ნამდვილად ვიყავი, მაგრამ ვიყავი სამინისტროში და არა საჩუქრების შესაძენად. მე არსად არაფერი მიყიდია. არსად არ მივსულვარ და არავისთვის არაფერი დამივალებია. სხვამ რა გააკეთა, ვერ გეტყვით. ვინც იყიდა, მას ჰკითხეთ. აღარაფერს გეტყვით, დანარჩენი გამგეობის აპარატში გაარკვიეთ,“ - განაცხადა ანა კუტიბაშვილმა.

ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი ლელა მეკოკიშვილი გვირეკავს. „რატომ გვაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში? აქ იცით რა ამბავია? ძალიან დაძაბული მდგომარეობაა. ეჭვი თითოეულ ჩვენგანზე აირეს. თქვენ თუ მაგას დაწერთ, სასამართლოში გიჩივლებთ. გინდათ დავა და ზედმეტი პრობლემები?“ - მუქარანარევი ტონით გაგვაფრთხილა ქალბატონმა.

კომენტარისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს რამაზ ქერეჭაშვილს და მის მოადგილეებსაც დავუკავშირდით, თუმცა, არცერთმა მათგანმა ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა.

რესპონდენტების ცნობით, გამგებლის და მისი მოადგილეების მეუღლეებმა, ამ ამბის გახმაურების შემდეგ საჩუქრები უკან დააბრუნეს. არსებული ინფორმაციით, ძვირადღირებული ოქროს სამკაული, გასაყიდად ერთ-ერთ მაღაზიაში განათავსეს. გამგეობის თანამშრომლებს კი „შეწერილი“ თანხების უკან დაბრუნებას დაპირდნენ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები