კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპექტაკლები საპროტესტო აქციებმა ჩაანაცვლა

19 მარტი, 2007

operab.gif

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლები ადგილობრივ ხელისუფლებას უპირისპირდებიან. დაპირისპირების მიზეზი კი, თეატრისთვის გამოყოფილი 50 ათასი ლარია, რომელიც შარშანდელი დაფინანსების მხოლოდ მეოთხედი ნაწილია და როგორც ირკვევა, თეატრის თანამშრომელთა მხოლოდ სამი თვის სახელფასო თანხების დასაფარადაა საკმარისი.

„ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი დიდი განსაცდელის წინაშეა და იგი ამ მდგომარეობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩააგდო. ეს არ არის ბრალდება. ეს რეალობაა, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ერთი სული აქვთ, თეატრი დახურონ და შენობა გაიყიდოს,“ - ამ პათოსით თეატრის თანამშრომლებმა ორი დღის წინ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის წარმომადგენლობას მიმართეს.

ოპერის თეატრი, გასულ წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარით ფინანსდებოდა. წელს მას 150 000 ლარი  ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გამო ჩამოეჭრა. დავალიანება კი 340 ათასი ლარია.

„დავალიანება თეატრს იმიტომ დაუგროვდა, რომ გასულ წლებში იგი ძალიან მცირე თანხით ფინანსდებოდა და საუბედუროდ, იმასაც ვერ იღებდა. ჩვენ ეს ყველაფერი საკასო განყოფილების ხელმოწერით გვაქვს დამოწმებული. ამასთან დაკავშირებით, საქმეში ოფიციალური დოკუმენტი დევს. როდესაც ვალების რესტრუქტურიზაცია გავაკეთეთ, მაშინ თეატრმა 284 ათასი ლარი ვერ მიიღო. თანამშრომლებს 14 ლარი ჰქონდათ ხელფასი და იმასაც ვერ იღებდნენ. ანუ, ძალიან მძიმე ვითარებაში ვიყავით და აქედან დაგროვდა ეს ვალი, რომელიც 124 000 ლარს შეადგენს. მერე ამას საურავები დაერიცხა და საბოლოო ჯამში 340 000 ლარამდე ავიდა. თავის დროზე თეატრს ის 284 000 ლარი რომ მიეღო (ეს იყო ტრანსფერი თუ დოტაცია), ამხელა ვალი არ დაგროვდებოდა. ამას ადგილობრივი მთავრობა აკეთებდა, რომელსაც საგადასახადო ინსპექციისთვის ჩეკთან ერთად გადასახადი უნდა ჩაერიცხა, რომელიც საგადასახადოს რეალურად  ერგებოდა,“ - აცხადებს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბუღალტერი დომნა ნიქაბაძე. იგი გამოსავალს თეატრისთვის ვალის ჩამოჭრასა და დაფინანსების გაზრდაში ხედავს.

ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას კი, როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და შესაბამისად,  არც თანხის გაზრდას ფიქრობს. „ეს ვალი წლების მანძილზე გროვდებოდა და ახლა თეატრს 200 000 ლარიც რომ ჩაერიცხოს, მაინც აღარაფერი ეშველება. ამიტომ სხვა გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ,“ - ასეთია ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის გიზო თავაძის პოზიცია.

მას შემდეგ, რაც ქუთაისის ბიუჯეტი დამტკიცდა და ოპერის თეატრს დაფინანსება შეუმცირეს, იქ სპექტაკლები აღარ იმართება. დასის მსახიობები და მომღერლები, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, საპროტესტო აქციებითა და საქმიანი შეხვედრების მოწყობით არიან დაკავებულნი. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ უფუნქციოდ 250 ადამიანი დატოვა და თეატრში „ოქროს პაუზა“ გამოაცხადა.


„ქუთაისის მერს უბრძანებია, ეს „ოქროს პაუზა“ იქნებაო. თუმცა, ვერ ვხვდებით ეს ფრაზა რას ნიშნავს. ალბათ, ჩვენი მერი ხუმრობის ხასიათზეა, თორემ ის თანხა, რომელიც ჩვენთვის გაიმეტეს, 3 თვის ხელფასსაც ვერ დაგვიფარავს. ოპერის თეატრმა, პრაქტიკულად, ფუნქციონირება შეწყვიტა. თუკი მუსიკოსი გაჩერდება, მუდმივად არ დაუკრავს და არ იმღერებს, შემოქმედებითად მოკვდება და ვეღარაფერს გააკეთებს. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპერა არ სჭირდებათ და გვაიძულებენ მუშაობაში ხელი შეგვეშალოს. ალბათ, არც ნინო ბურჯანაძეს აწუხებს მისი ქალაქის და ამომრჩევლის ბედი. ჩვენ მას წერილი გავუგზავნეთ, სადაც დახმარებას ვთხოვდით. პასუხი კი დღემდე არ მიგვიღია,“ - ამბობს თეატრის ორკესტრის მსახიობი ლია ვარდოსანიძე.

თეატრის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ქუთაისის ხელისუფლებას ოპერა არ სჭირდება და მის გასასხვისებლად უკან არ დაიხევს. „მათ ყოველთვის ვუგზავნიდით მოსაწვევებს, მაგრამ არც ერთხელ ოპერაში არ მოსულან და სპექტაკლებს არ დასწრებიან. ეს კი რასაც ნიშნავს, თავად განსაჯეთ,“ - აცხადებენ თეატრის თანამშრომლები.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, სპექტაკლები დიდი ძალისხმევისა და გაჭირვების ფასად იდგმებოდა. გაყინულ დარბაზში მსხდომ მაყურებელთაგან ალბათ ცოტამ თუ იცოდა იმის შესახებ, რომ მათთვის შეშის ღუმელით ნახევრად გამთბარი ორკესტრი უკრავდა და სპექტაკლს გათოშილი დასი თამაშობდა(?!)

დღეს კი, თეატრში აღარც ღუმელი ანთია და სპექტაკლების ნაცვლად მსახიობები საპროტესტო აქციებით არიან დაკავებულნი. მათი მიზანი ცალსახაა - ქუთაისის ოპერა უნდა გადარჩეს.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან    

ახალი ამბები