კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პირველ პირში ანუ გიოტებორგი პატარა ქალაქია

21 მარტი, 2007

სპეციალური რეპორტაჟი

goteborgb.gif

სკანდინავია, შვედეთი, გიოტებორგი. თებერვალი, 2007.
-2 გრადუსი ყინვა.
ვიზიტის მიზანი – სამსახურებრივი მივლინება.
პირადი ინტერესები – კიდევ ერთი ახალი ქვეყანა; ასტრიდ ლინდგრენის სამშობლო.
წინასწარი ინფორმაცია ქვეყანაზე – რუკაზე ვეფხვს ჰგავს, აქედან ნორვეგია, იქედან ფინეთი და ერთი მხრიდანაც დანია.
ციტატა მეგობრის წერილიდან გამგზავრების წინ: „ძალიან მაგარი ხალხია, მხიარულები, ვიცი, წესით, უნდა მოგეწონოს.“
წასვლის წინა თხოვნები: უკლებლივ ყველამ კარლსონი დამაბარა.

შვედეთში ვიზიტს…არცთუ ლიტერატურული მიზანი ჰქონდა. სულ პირიქით. ეს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თანამშრომლების მორიგი საქმიანი ვიზიტი იყო – სემინარი ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო თნამშრომლობაზე და შვედურ ორგანიზაციასთან შესაძლო ერთობლივი პროექტების დაგეგმა და განხორციელება.

ჩვენი ორგანიზაციის განვითარების მენეჯერს ნინო ღვედაშვილს „გავურიგდი“ - ორგანიზაციაზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე შენ მოამზადე მოხსენება, მედიისა და კონფლიქტების თემას მე შევებმები მეთქი. შვედეთში საკმაოდ ცნობილი კომპანიის, არაერთი ორგანიზაციისაგან შემდგარი „ნეთვერქსტანის“ მიწვევით გავემგზავრეთ, რომელიც ძირითადად ახალგაზრდულ და კულტურულ პროექტებზე მუშაობს. საქართველო, აქ მიმდინარე პროცესები, ადამიანის უფლებების და კონფლიქტების, მედიის ირგვლივ არსებული სიტუაცია კი მათთან საგანგებოდ შეკრებილ „გლობალვერქსტანის“  სტუდენტებს აინტერესებდათ.…

***
ეს რა ცივი ქვეყანა არის მეთქი... თავიდან გავიფიქრე, როცა მივხვდი, რომ რამდენიმე წუთიც და თუ პირველივე კაფეს თავს არ შევაფარებდი, უბრალოდ ამ თავს სამშობლოში ვეღარ წამოვიღებდი.
ასტრიდ ქალბატონო, რამ დაგაწერინა მეთქი ამ სიცივეში იმხელა „სითბოები”? პეპი გინდა? კარლსონი? ემილი? ბიუერბიუელი ბავშვები თუ მაწანწალა რასმუსი?

თვალებს ვაცეცებდი - ნეტა რა მომხვდება მეთქი თვალში სულ პირველად და რას ვხედავ, ზუსტად ისეთი, წვეტიანი სახურავები, საკვამურები, მოწითალო ფერის „სახლუკები“, ლამაზ-ლამაზები, თბილები.. თქვენ გგონიათ, ფარდებს ჩამოიფარებენ შებინდებისას? არა, პირიქით. გამოდგამენ ღამის ნათურებს და უყურე რამდენიც გინდა სახევიწრო, პაწია ცხვირებიან, ლამაზფერა შვედებს... მათ კი ერთმანეთის სახლებში ყურება არ უყვართ... აზრადაც არ მოუვათ.

ქუჩები სუფთაა, მშვიდი. ისინი ხომ მხოლოდ ტრამვაით დადიან. მანქანებიც ცოტაა და თითქმის ვერსად წააწყდები საცობს. მხოლოდ გარეთ, და ისიც ცოტას ეწევიან - შვედეთში საზოგადოებრივი თავშეყრის პატივცემულ ადგილებში მოწევა აკრძალულია.

ბევრი ქვაფენილია და რომ დადიხარ, სულ ბაკა-ბუკი გააქვს ფეხსაცმელს.
ფასდაკლებას შვედურად „რეა“ ჰქვია და ჩვენი ვიზიტის დროს ეს სიტყვა იმდენგან ეწერა, რომ ჩევნებურად  „რია-რია“ დავარქვით.
ღიმილიანი ხალხია, იუმორიანი.

თვითონ რომ ჰკითხო, ძალიან  ფორმალურები ვართ და მეგობარს თუ ჩვენთან მოსვლა უნდა ან პირიქით, ერთმანეთს მოსაწვევ ბარათებს ვუგზავნითო... წარმოვიდგინე, ჩემს მეგობარ ამელის რომ ბარათი გავუგზავნო: „დღეს თუ შეიძლება შენთან მოვალ“...  და პეპის მსგავსად წერილში ასოები გამომრჩეს... კიდევ, ზამთარში შვედებს სტუმრები არ უყვართ თურმე, ზაფხულში კი, თითქოს თავდაყირა დააყენესო, პირიქით - ყველას ეპატიჟებიან.

არის ხუტორები, სადაც ზამთრობით დღე ისეთი მოკლეა, ისეთი მოკლე, რომ ადგომას ვერ ასწრებენ, რომ ისევ  იძინებენ - „დათვებივით ვცხოვრობთო“, - ამბობენ თავად შვედები.

შვედეთში ისიც აღმოვაჩინე, რომ სულაც არ არის აუცილებელი ბავშვი მამის გვარზე იყოს (კარლსონის მეგობარი ბიჭუნა, იგივე სვანტე სვანტესონი კი მგონი მამიკოს გვარზე იყო როგორც მახსოვს?). ჩვენმა ერთ-ერთმა მასპინძელმა ანდერს კარლსონმა პირდაპირ გვითხრა, ჩემს ცოლს უკეთესი გვარი აქვს და ჩემი შვილებიც მის გვარს ატარებენო...

ჰაერი სუფთა იყო და ფილტვების გამგლეჯი...

სახლები და კაფეები და რესტორნები და მუზეუმები და შენობები თბილი...
წყალი გემრიელი, სხვათა შორის ონკანის...
ათასგვარი ხილის ჯემები...
და რაც მთავარია -  ირმის და ლოსის ხორცი - შვედური დელიკატესი...

***
„ნეთვერქსტანის“ მასშტაბის და ტიპის ორგანიზაცია საქართველოში არც არსებობს. მის ბაზაზე ათეულობით სხვადასხვა ტიპის ჟურნალი გამოდის, ხორციელდება სხვადასხვა მიმართულების საგანმანათლებლო პროექტები.  მომავალში, შესაძლოა „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ ერთადაც გაკეთდეს ერთობლივი პროექტი. სამომავლო გეგმებზე გეტებორგში სტოკჰოლმიდან ჩამოსულ  ჰელსინკის კომიტეტის პროგრამების მენეჯერთან პიტერ ოჰოლმთანაც ვისაუბრეთ.

მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც სხვადასხვა ეროვნების დაახლოებით 30 სტუდენტთან შეხვედრა იყო. მათგან ყველამ არც იცოდა ზუსტად სად არის საქართველო. ზოგს მეტი ინფორმაცია ჰქონდა. მაგალითად, ერთმა ბულგარელმა სტუდენტმა გოგონამ სრული სერიოზულობით გვკითხა, ქართული ანბანი არც ერთ ანბანს არ ჰგავს მსოფლიოშიო და მისი წარმოშობის მთელი ისტორია მოგვაყოლა...

საუბრის ძირითადი თემა კი მაინც ადამიანის უფლებები იყო. კონგოელ მსმენელს აინტერესებდა, არის თუ არა განსხვავება ამ მხრივ მის ქვეყანას და საქართველოს შორის. სერბ ოსკარ კონიას ახალგაზრდულ პროგრამებთან დაკავშირებით ჰქონდა უამრავი შეკითხვა. ნორვეგიელ ჯენი ჯილბო მელბის კი, თუ სწორად მახსოვს, საქართველოში რელიგიურ უმცირესობებზე აინტერესებდა ამბები. საბოლოოდ, იმდენი ვქენით, დიდ თეთრ დაფაზე საქართველოს რუკაც დავხატეთ და ჩრდილოელ მეზობელთან ერთად ყველა მოსაზღვრე ქვეყანაც მივანიშნეთ. გეოგრაფია გეოგრაფიად და  რუკა უფრო დიდი გამოვიდა, ვიდრე თავად ჩვენი ქვეყანაა...

იორგენ იოჰანსენს მესამე დღეს შევხვდით. ის ნორვეგიელი პროფესორია და ვარდების რევოლუციაზე წიგნის დაწერას გეგმავს. იორგენმა უკრაინულ რევოლუციაზე დაწერილი სამი და ვარდების რევოლუციაზე დაწერილი ერთი წიგნი მოიტანა. თან დააყოლა, ამ წიგნებში ნარინჯისფერ რევოლუციაზე მეტ-ნაკლებად გაცემულია კითხვებზე პასუხები, ვარდების რევოლუციაზე დაწერილი ეს წიგნი კი შესამჩნევად ტენდენციურიაო (ავტორი ამერიკელია). ზოგადად კი, მისი თქმით, დასავლეთი ისეთი იმედით ვეღარ უყურებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, როგორც ეს რევოლუციის პირველ წელს ხდებოდა.

სხვათა შორის, ჩვენს მასპინძელ სასტუმროში ერთი უკრაინელი გოგოც ვიპოვეთ, რომელიც ზუსტად რევოლუციის შემდეგ წავიდა სამშობლოდან და უკვე ორი წელია გიოტებორგში მუშაობს. ამბობს, რომ მხოლოდ კიევს ეტყობა ცვლილებები, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში კი ხალხს ძველებურად უჭირს: „ჩვენთან ჯერ ისევ ქონების გადანაწილება მიდის ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის... და თქვენთან?“ - გვეკითხება... თუმცა, დიდხანს საუბარს ვერ ახერხებს, მთელი სასტუმრო მას აბარია და უნდა დაალაგოს.

***

წამოსვლის წინა დღეს კი  ამ შორეულ ქვეყანაში ქართველებიც ვიპოვეთ..

სალომე ნოდარიშვილი პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ გიოტებორგში დროებით დიასახლისობას „ითავსებს“, რაზეც თავადაც ძალიან ხალისობს. ის შვედეთში გერმანიიდან ჩავიდა თავის მომავალ მეუღლესთან, ოთო გავაშელთან, რომელიც ენერგეტიკოსია და სწავლას აგრძელებს. სოფოც მალე დაბრუნდება სამშობლოში და  თავის სწავლა-განათლებას მიხედავს. მანამდე კი ჩალმერსის უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებელი, იგივე სტუდქალაქი, მისი სახლია. ყველა კარს იმ სტუდენტის გვარი აწერია, ვინც იქ ცხოვრობს... ჰოდა, წავედით ეხლა გიორგაძეებშიიი, რომლებიც ერთი სართულით მაღლა ცხოვრობენ.

მარი ჩიკვაიძე და გიო გიორგაძეც ჩალმერსის უნივერსიტეტში სწავლობენ. მარი  ბიო-ინფორმატიკას ეუფლება. მან და მისმა მეუღლემ ჯერ ფინეთი დალაშქრეს. შემდეგ გემით სტოკჰოლმში ჩავიდნენ, იქედან კი ავტობუსით გეტებორგში აღმოჩნდნენ. ამბობენ, რომ აქაურ სიცივეებსაც შეეჩვივნენ, ხალხსაც და ცხოვრების ტემპსაც. სტუდენტებს სტიპენდია იმდენი კი აქვთ, რომ თვიდან თვემდე ნორმალურად იცხოვრონ.

მარი იხსენებს, რომ თავიდან, სწავლა, თან ინგლისურად, თან ბიო-ინფორმატიკის, რომელიც, სიმართლე გითხრათ, მთლად კარგად ვერც დავიმახსოვრე რას ნიშნავს, საკმაოდ რთული აღმოჩნდა:
„აქ ჩვენებური სწავლის მეთოდები არ გამოდგება, ბოლოსკენ რომ მოვიტოვებდით და ორ დღეში ვსწავლობდით მთელი სემესტრის მასალას. აქ ყველაფერი სხავაგვარადაა.  გამოცდაზე მოდის ყველაფერი, რაზეც კი შეიძლება წიგნში თუნდაც გაკვრით იყოს საუბარი. დეტალური შეკითხვები. არავითარი დათმობა და მიხმარება! წარმოიდგინეთ, გამოცდის წინ ნახევარი საათი მარტო საჭირო ბლანკების შევსებაზე მიდის, რომელიც სტუდენტის ვინაობას ადასტურებს. მოწმდება, რამდენად ყურადღებიანი ხარ და აქტიური წლის მანძილზე... შეგიძლია რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ გადააბარო გამოცდა, მაგრამ ნახევარ ნიშანსაც არავინ წაგიმატებს, სანამ ყველაფერი არ გეცოდინება. ამოწმებენ, ლექციების გარდა რას აკეთებ სახლში, ინტერნეტში. აქ ჩამოსვლის შემდეგ მართლა მივხვდი, რომ არაფერი ვიცოდი. ჩემს პროფესიაში განსაკუთრებით იმდენი ახალი აღმოჩენაა, ახალი მეთოდი, არ შეიძლება ეს გასწავლოს ლექტორმა და ინტერნეტში შესვლის საშუალება არ ჰქონდეს, არ კითხულობდე სამეცნიერო ჟურნალებს...“

სალომე ნოდარიშვილი დასკვნებს იქაურ ხალხზე აკეთებს: „ძალიან მშვიდობიანი ხალხია, ქუჩაში ბიჭს რომ დაარტყან, შეიძლება არაფერი თქვას და გაიაროს. ასეთ დროს საქართველოში რა მოხდება, ხომ წარმოგიდგენია? შეგიძლია ღამის სამ საათზეც კი ისეირნო, არავინ არაფერს დაგიშავებს, არც ნაციონალისტური გამოხტომები აქვთ, შესაძლოა იმიტომაც, რომ აქ ბევრი მიგრანტი არ ცხოვრობს.“
 
იქ, ჩალმერსის უნივერსიტეტის სტუდქალაქის ერთ-ნომერში პატარა საქართველო ვიპოვეთ და შეგრძნებაც ისეთი იყო, თითქოს თბილისის რომელიღაც უბანში, რომელიღაც სახლში მეგობრები უბრალოდ საჭორაოდ შევიკრიბეთ...

ასე იყო...

ხუთი დღე ძალიან ცოტაა ყველაფრის სანახავად და განსაცდელად. მაგრამ საკმარისია იმ ქალაქის შესაყვარებლად, სადაც ჩადიხარ...
მე კი მაინც ყველა ბიჭუნაში იმ ჩემს ბიჭუნას ვეძებდი, სვანტეს, და კიდევ კარლსონს - სახურავებზე. მართლა დიდხანს ვიდექი სასტუმროს ფანჯარასთან, იქნებ მოფრინდეს-მეთქი... ზუსტად ისეთ სახლში ვცხოვრობდით, წითელ სახურავიანში, მაგრამ კარლსონები, ეტყობა, მარტო პატარა ბიჭებთან მიდიან...

ეკა ქევანიშვილი, გიოტებორგი

ახალი ამბები