კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა საფრთხეს უნდა ველოდოთ სამხედრო რადარების საქართველოში განთავსებით

21 მარტი, 2007

ინტერვიუ  გიორგი გაჩეჩილაძესთან (ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები“)

Giab.gifაშშ-ს განცხადებამ კავკასიაში ამერიკული სამხედრო რადარების შესაძლო განთავსებასთან დაკავშირებით, საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ამის დაშვება არ შეიძლება, რადგან საქართველო რისკის ქვეშ აღმოჩნდება და დარტყმას ნებიესმიერ დროს უნდა მოელოდეს. როგორც „საქართველოს მწვანეების“ ხელმძღვანელი გიორგი გაჩეჩილაძე „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ ინტერვიუში აცხადებს, დარტყმას ირანიდან უნდა ველოდეთ, რადგან აღნიშნული ამერიკული კამპანია სწორედ მათ საწინააღმდეგოდაა მიმართული.

ჟურნალისტი:ამერიკის მთავრობას კონკრეტულად არ განუცხადებია, რომ რადარები საქართველოში განთავსდება. მან მხოლოდ კავკასია ახსენა. როგორ ამტკიცებთ, რომ ეს სწორედ ჩვენ ქვეყანას ეხება?

გია გაჩეჩილაძე: მართალი ბრძანდებით, შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გენერალ ლეიტენენტ ჰენრი ობერინგს საქართველო არ უხსენებია, თუმცა განცხადება გააკეთა, რომ რაკეტსაწინააღმდეგო რადარები შეიძლება კავკასიაში განლაგდეს. ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება. მოგეხსენებათ, რომ ეს სომხეთში არ მოხდება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია. გარდა ამისა, არსებობს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგებრობის (დსთ)  ხელშეკრულება, რაკეტსაწინააღმდეგო თავდასხმის შესახებ, რომლის წევრი არის სომხეთი.  ამიტომ, სომხეთი გამორიცხულია.

აზერბაიჯანიც ძალიან საეჭვოა, რადგან ის ირანის მოსაზღვრე ქვეყანაა და, პარალელურად, აზერბაიჯანელების რაოდენობა ირანის მოსახლეობაში დახლოებით 25%-ია. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანი ყოველთვის ერიდება აშშ-ს იმ პოზიციაში მონაწილეობას, რომელიც მიმართულია ირანის საწინააღმდეგოდ. ანუ, პირდაპირ საქართველო არ დასახელებულა, თუმცა დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მინიშნება სწორედ ჩვენზე გაკეთდა.

- აღნიშნული განცხადების გავრცელების შემდეგ გაკეთდა შეფასებები, რომ ეს წამოწყება მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. იქნებ, ახსნათ, რა არის პრობლემა?

- ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ექსპერტული დასკვნებითაც კი, რაც მე მოვიპოვე, ეს არ არის რუსეთის სამხედრო მანქანის წინააღმდეგ მიმართული.  რადარების რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობას და რაკეტების დაფიქსირებას კავკასიონის ქედი ბუნებრივად უშლის ხელს. ეს ყველაფერი მიმართულია ირანის საწინააღმდეგოდ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირანის გალაქტიკური რაკეტების უდიდესი ნაწილი ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია თავმოყრილი, ანუ, უფრო ჩვენი რეგიონისკენ.

- მოსახლეობისთვის ძნელად გასაგებია, რა საფრთხეს წარმოადგენს სამხედრო რადარების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსება. თუ შეგიძლიათ, დააკონკრეტეთ? 

- საქართველო-ირანის დღევანდელი ურთიერთობა ცუდი ნამდვილად არ არის. ამ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობაა, მიდის ვაჭრობა, როცა გაგვიჭირდა, გაზიც მოგვცეს და ასე შემდეგ. როგორც კი ამ რადარების განთავსებას დავიწყებთ, ბუნებრივია, რომ ირანი ჩვენი მტერი გახდება. რადგან, სამხედრო ობიექტები მიმართული იქნება ირანის საწინააღმდეგოდ და ირანის მთელი თავდაცვითი სისტემა საქართველოს წინააღმდგეგ ამუშავდება. საქართველო კი აღმოჩნდება ირანის რაკეტების სამიზნე. ვთქვათ, ირანში კონფლიქტი რომ დაიწყოს, და ეს მოსალოდნელია, რადგან აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა ძალიან გამწვავებულია, შეიძლება ერთ-ერთი დარტყმის ობიექტი საქართველო გახდეს. ეს 100%-ით ასე იქნება, რადგან კონფლიქტის დაწყების წინაპერიოდში ირანი შეეცდება, გაანადგუროს ყველა ის ობიექტები, რომელიც მომართული იქნება მის წინააღმდეგ.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ის არის, რომ ამ რეგიონში ნატოს წევრი ქვეყანაა თურქეთი. ისრაელი კი ყველამ იცის, როგორი სტრატეგიული პარტნიორია აშშ-ს. კეთილი ინებონ და იქ განათავსონ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ მაინც და მაინც საქართველო?

- საქართველო სპეციალურად შეირჩა იმისათვის, რომ აშშ-მ აქ ისეთი ობიექტები შექმნას, რომელიც შეიძლება სამხედრო თვალსაზრისით არც თუ ისე მნიშვნელოვანი იყოს მისთვის, მაგრამ საქართველოსთვის ძალიან საპრობლემო. ამით კი აშშ უზრუნველყოფს მისი პოლიტიკური ყოფნას საქართველოში. იგივე ხდება აღმოსავლეთ ევროპაშიც.

- ობერინგმა მსგავსი განცხადება პოლონეთთან და ჩეხეთთან დაკავშირებითაც გააკეთა, რომ თითქოს რადარები იქაც შესაძლებელია განთავსდეს...

- ამას ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვა იგივე ევროკავშირის მხრიდან. გერმანიამ  უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ, მართალია ევროკავშირს ჯერჯერობით იურიდიული ბერკეტები არ გააჩნია იმისთვის, რომ შტატების ამდაგვარ ხელშეკრულებებს ცალკლეულ ქვეყნებთან ხელი შეუშალოს, მაგრამ ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგნი ვართო. ასევე  ძალიან საინტერესო იყო ნატოს გენერალური მდივნის, სხეფერის  განცხადება, რომელიც ამერიკის წინააღმდეგ წავიდა. მან აღნიშნა, რომ რადარების აღმოსავლეთ ევროპაში განთავსების გეგმები ნატოში უზარმაზარ პრობლემებს შეგვიქმნის და შესაძლებელია, ნატო გაიხლიჩოსო. 

რაც შეეხება თქვენს კითხვას პოლონეთთან და ჩეხეთთან დაკავშირებით, მოსახლეობის რეაქცია მკვეთრად უარყოფითია. მოსახლეობის 80% მას მხარს არ უჭერს.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს ინტერესებში რატომ უნდა შედიოდეს რადარების ჩვენს ტერიტორიაზე განთავსება?

- მე ვფიქრობ, რომ არანაირი ინტერესი საქართველოსი ამაში არ უნდა იყოს. მართალია, აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო გავხადოთ ძალიან აგრესიული ქვეყნების სამიზნედ.

- ანუ, ერთადერთი მიზეზი. რის გამოც საქართველომ შესაძლებელია ამ წინადადებაზე თანხმობა განაცხადოს ის არის, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია?

- რა თქმა უნდა, არა. თუმცა, არ გამოვრიცხავ, ჩვენი ხელისუფლების შემყურე, რაღაც თანხებზეც იყოს საუბარი.

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რადარები საქართველოში არ განთავადება. ამ განცხადებაში ეჭვი გეპარებათ?

- მაშინ, როცა ჩვენ ეს საკითხი გავახმაურეთ - ანუ 7 მარტს, საქართვლოს პრეზიდენტი ყაზახეთში იმყოფებოდა. როგორც ჩანს, მას აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს. მისი კომენტარი ძალიან უცნაური იყო, ამის შესახებ არაფერი მსმენიაო. არადა, პენტაგონმა ეს განცხადება 1 მარტს გააკეთა. როცა პრეზიდენტის განცხადება მოვისმინე, მაშინვე მივხვდი, რომ შეეშინდათ იმისა, რასაც მე ვლაპარაკობ. თუ ხელისუფლება სახელმწიფო უსაფრთხოებაზე ფიქრობს, ასეთ პროექტებზე არ უნდა დათანხმდეს.

- თქვენი დასაბუთებული არგუმენტები ხელისუფლებას გაუზიარეთ?

- პრესკონფერენცია გავმართეთ და საჯაროდ გავაკეთეთ განცხადება. ამაზე უკეთესი ფორმა რა შეიძლება იყოს?  მათ ყველაფერი კარგად იციან, თუმცა პოზიციას არ აფიქსირებენ. განცხადება ინგლისურადაც ითარგმნა, გაიგზავნა ყველა ელჩთან საქართველოში და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში ევროპაში. თუ არაფერი გამოგვივიდა, ერთადერთი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, ხელმოწერების შეგროვება იქნება.

ეკა გულუა

ახალი ამბები