კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შვილმკვდარი დედა გამგეობის შენობის წინ თვითმკვლელობით იმუქრება

26 მარტი, 2007

gurjaanis_gamgeoba.gifგურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში მცხოვრები ზინა გაგლოშვილი, რამდენიმე თვეა, რაც ვლადიკავკაზში გარდაცვლილი და იქვე დაკრძალული შვილის საქართველოში გადმოსვენებას ითხოვს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი რაიონული გამგეობის შენობის წინ თვითმკვლელობით იმუქრება.

ზინა გაგლოშვილის ინფორმაციით, მისი ოჯახი დევნილია. 1991 წელს იგი სამაჩაბლოს მოსაზღვრე გორის რაიონის სოფელ ბერბუკიდან იძულებით გამოდევნეს. „ჩემი მეუღლე ეროვნებით ოსი იყო. 90-იან წლებში გვაყაჩაღებდნენ, გვძარცვავდნენ, მერე კი სახლ-კარის დატოვებაც გვაიძულეს. იქაურობას თუ არ მივატოვებდით, მოკვლით გვემუქრებოდნენ. 16 წელია რაც კახეთში, სოფელ მელაანში ვცხოვრობთ. ჩვენი ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია. ჩემი შვილი ვანო კარაპეტოვი ვლადიკავკაზში სამუშაოდ 2005 წლის ზაფხულში წავიდა. გარკვეული ხნის განმავლობაში გვირეკავდა. ერთ-ერთ კერძო ორგანიზაციაში ხელოსნად მუშაობდა. 2006 წლის 6 ნოემბერს კი სახლში უცნობი მამაკაცი გვესტუმრა და გვითხრა, ვანო რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალაო. იგი იქვე დაუკრძალავთ. იმდენად გვიჭირს, რომ მისი საფლავიც კი არ გვინახავს,“ - აცხადებს ზინა გაგლოშვილი და იქვე დასძენს, რომ ამ ამბის გაგების შემდეგ, შვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენების თხოვნით სხვადასხვა უწყებებს მიმართა, მათ შორის ადგილობრივ ხელისუფლებასაც, თუმცა ამ საკითხით დღემდე არავინ დაინტერესებულა.

„ვის აღარ მივაკითხე. პარლამენტშიც ვიყავი, იუსტიციის სამინისტროშიც, გუბერნატორთან შეხვედრაც ვცადე, მაგრამ მასთან არავინ მიმიშვა. ბოლო დროს გზის ფულის უქონლობის გამო ვეღარსად მივდივარ, რაიონული გამგეობისა და საკრებულოს გარდა. იქ კი ამდენი სიარულით გიჟადაც შემრაცხეს. აბუჩად აგდებისა და ნერვიულობის შედეგად ჯანმრთელობა გამიუარესდა. თუ არავინ მომხედავს და ჩემი შვილის ცხედარს ვერ დავიბრუნებ, რამდენიმე დღეში პროტესტის ნიშნად გამგეობის შენობის წინ თავს მოვიკლავ,“ - აღნიშნავს შვილმკვდარი დედა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადასტურებენ, რომ ზინა გაგლოშვილმა მათ განცხადებით ნამდვილად მიმართა: „გაგლოშვილის განცხადებას გავეცანი, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია? მისი გარდაცვლილი შვილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს ბიუჯეტიდან ვერ დავაფინანსებთ,“ - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ხევიაშვილი.

„მე რაიონის საკრებულოს ან გამგეობას იმას კი არ ვთხოვ, რომ გინდათ თუ არა ჩემი შვილი საქართველოში თქვენ გადმომისვენეთ-მეთქი, არა, მე მათ დახმარებას ვთხოვ, რათა შვილის საფლავის დატირება მაინც შევძლო. გამარკვიონ, მიმითითონ სად, ვისთან უნდა მივიდე, ვის ევალება ასეთ საკითხებზე რეაგირება, მაგრამ ამის ნაცვლად იცით რას მეუბნებიან? „კი ბატონო, წავიდეთ, ჩავსხდეთ თვითმფრინავში, მაგრამ საჰაერო სივრცე რომ გადავკვეთოთ, დაბლა ჩამოგვაგდებენ და მერე რა ვქნათო?“ ასე დამცინიან“ - ამბობს ქალბატონი ზინა.

გაგლოშვილების ოჯახში ამჟამად ექვსი ადამიანი ცხოვრობს. პენსიონერი ბებია, რძალი და ოთხი შვილიშვილი. ერთი თვის განმავლობაში ოჯახის შემოსავალს სულ 100 ლარი შეადგენს. აქედან 38 ლარი ზინა გაგლოშვილის პენსიაა, 62 ლარი კი რძლის ხელფასი, რომელსაც იგი ლიმონათის საწარმოში დამლაგებლად მუშაობის სანაცვლოდ იღებს.

ზინა გაგლოშვილმა დახმარებისათვის ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ რამდენიმე დღის წინ მიმართა.
 
„ხელისუფლება ვალდებულია მფარველობა გაუწიოს საქართველოს მოქალაქეს. განმცხადებლისთვის უცნობია, ვლადიკავკაზში ზუსტად რა ადგილას არის დაკრძალული მისი შვილი და ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ ამის დადგენა არც შეუძლიათ. გაგლოშვილებს დახმარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გაუწიონ, თუმცა ძნელი სათქმელია, დაეხმარებიან თუ არა. საკმაოდ რთული საკითხია,“ - აღნიშნა იურისტმა ნანა ჭაბუკაძემ.

ზინა გაგლოშვილის მიერ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას, ოჯახის ახლობლები და მეზობლები არ გამორიცხავენ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები