კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექსდეპუტატი ჟურნალისტებს არაობიექტურობაში ადანაშაულებს

28 მარტი, 2007

samxaradz.gifსაქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჟურნალისტ რამაზ სამხარაძის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ბრალი წარედგინათ საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს დავით კაპანაძესა და მის მეგობარს გიორგი ყორღანაშვილს. სასამართლომ წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით, მათ გირაო გასულ კვირას შეუფარდა.

რადიო „ჰერეთის“ დირექტორის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაგოდეხის რაიონულ განყოფილებაში გამოძიება 2006 წლის 9 ოქტომბერს დაიწყო.

„2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთმა“ საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემა „მთელ კვირაში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე ისაუბრა, მათ შორის 1999-2003 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრ დავით კაპანაძეზეც. გადაცემაში ნათქვამი იყო, რომ „მან გამგებლობა გადაწყვიტა, რადგან მობეზრდა დომინოს და კარტის თამაში. მიზნის მიღწევაში კი გავლენიანი მეგობრები დაეხმარებოდნენ. ამან ყოფილი პარლამენტარი აღაშფოთა. იგი ჯერ ფიზიკური ლიკვიდაციით და სამაუწყებლო კომპანიის გაუქმებით დამემუქრა. 2006 წლის 9 ოქტომბერს კი ქუჩაში თავს დამესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა“ - აცხადებს რამაზ სამხარაძე.

ჟურნალისტის ცემის ფაქტზე დაწყებული წინასწარი გამოძიება გურჯაანის პროკურატურამ მალევე შეწყვიტა.

როგორც რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ქოქიაშვილმა განმარტა, „წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა, რომ კაპანაძის ქმედება არ გადაზრდილა ხულიგნობაში და არ დარღვეულა საზოგადოებრივი წესრიგი.“ ამავე დროს, პროკურორი დასკვნაში წერს, რომ საქმე განიხილა და ვინაიდან არ არსებობდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, წინასწარი გამოძიება შეწყდა.

იმ მოტივით, რომ კაპანაძის ქმედებას პროკურორმა ქოქიაშვილმა არასწორი კვალიფიკაცია შეგნებულად მიანიჭა, რამაზ სამხარაძემ დახმარებისათვის სახალხო დამცველს მიმართა. ომბუდსმენმა მოკვლეული მასალები რეაგირებისათვის გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა, რომელმაც რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილება გააუქმა და 2007 წლის 11 მარტს საქმის ძიება კახეთის საოლქო პროკურატურამ განაახლა. ძიების განახლებიდან რამდენიმე დღეში კი დავით კაპანაძესა და გიორგი ყორღანაშვილს ბრალი წარედგინათ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულებმა ჟურნალისტ რამაზ სამხარაძის მიმართ განახორციელეს დევნა, რითაც სამხარაძის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული სიტყვისა და აზრის თავისუფლება.

ჩვენთან საუბარში ბრალდებულმა დავით კაპანაძემ აღნიშნა, რომ ბრალის წაყენება და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს, 10 ათასი ლარის გადახდის დაკისრება, მას არ გაუპროტესტებია, თუმცა როგორც თავად ამბობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრალდებას ეთანხმება. „სამხარაძის არცერთი ბრალდება, რომელსაც მე მიყენებს, სიმართლეს არ შეესაბამება. იგი ჩემი მეზობელია და კარგად ვიცნობ. ამიტომაც ვთხოვე, იქნებ ეთქვა, რატომ აშუქებდა რადიოს ეთერით ჩემს მიმართ უარყოფით ინფორმაციებს, რაზედაც მითხრა, რომ ის ვერსიების დონეზე აშუქებდა მიღებულ ინფორმაციებს და თუ თავს შეურაცხყოფილად ვთვლიდი, მზად იყო ჩემი პოზიცია დაეფიქსირებინა და ბოდიში მოეხადა. ნამდვილად არ ვაპირებ, ვიმარჩიელო იმ მიზნით, რომ გავიგო ვინ შეუკვეთა მას ეს მასალა წინასაარჩევნოდ, სწორედ მაშინ, როდესაც მე საკრებულოს დეპუტატად კენჭი უნდა მეყარა. პროკურორმა, რომელმაც ეს საქმე დახურა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, საერთოდ არ ვიცნობ. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ღირსება მაქვს, ხალხი მიცნობს. როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური მედია საშუალებებით არაერთხელ გაშუქდა იმის შესახებ, რომ თითქოს მე ჟურნალისტი ვცემე, რაც აბსოლუტური სიცრუეა. მას ეს პოპულარობისა და რადიოს რეიტინგის ასაწევად სჭირდება. რატომ ავიწყდება, რომ ჩემი დეპუტატობის დროს, სწორედ ჩემი უშუალო მოთხოვნით გამოვიდნენ მისი რადიოდან საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები, რომლებიც ორგანიზაციაში არსებულ ფინანსურ დარღვევებს სწავლობდნენ? ...კი ბატონო, დაიცავით თქვენი კოლეგა, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ყველას გთხოვთ, ნუ აკეთებთ ამას უდანაშაულო ადამიანის უფლებების დარღვევისა და ღირსების შელახვის ხარჯზე,“ - აღნიშნავს კაპანაძე.

კახეთის საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამჟამად მოწმეებისა და თვითმხილველების დაკითხვა მიმდინარეობს. პროკურატურის ცნობით, თვითმხილველები კაპანაძის და ყორღანაშვილის მხრიდან ჟურნალისტის შეურცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ. პროკურატურაში „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ სხვა კომენტარს არ აკეთებენ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები