კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შვილმკვდარი დედა სუხიტაშვილის ნათლულის სათანადო დასჯას ითხოვს

29 მარტი, 2007

რა შედეგი მოიტანა გირგვლიანების საქმისთვის კანონში მიღებულმა ცვლილებამ

zoia_carielashvilib.gifგორის რაიონის სოფელ ზერტში მცხოვრები, ზოია ცარიელაშვილი 15 წლის შვილის ავთო მერებაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის მკაცრად დასჯას და მის უვადო პატიმრობას მოითხოვს.

ზოია ცარიელაშვილის თქმით, მისი შვილის მკვლელი გია ელიაური, ყოფილი შიდა ქართლის სამხახრეო პოლიციის უფროსის და ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალეკო სუხიტაშვილის ნათლულია. მან 15 წლის ავთო მერებაშვილი 2004 წლის 21 სექტემბერს სოფელ ზერტაში დღესასწაულის დროს მოკლა. მერებაშვილის გარდა, გია ელიაურის იარაღიდან ცეცხლნასროლი ჭრილობა იმავე სოფელში მცხოვრებმა ნუკრი ბესიაშვილმაც მიიღო. თუმცა, გამოძიების მასალებით ნუკრი ბესიაშვილის დაჭრის ფაქტზე არაფერია ნათქვამი.

საქმე იმაშია, რომ 2004 წლის 21 სექტემბერს სოფელ ციცაგიაანთკარელი გიორგი ელიაური ზერტში სტუმრად იმყოფებოდა. საღამოს დაახლოებით 21 საათზე იგი ოჯახის წევრებთან ერთად ავტომანქანით ციცაგიაანთკარისკენ შინ ბრუნდებოდა. სოფელ ზერტის ცენტრში ეკლესიასთან მას უთანხმოება ადგილობრივ მაცხოვრებლებთან მოუვიდა. გიორგი ელიაურმა კუთვნილი იარაღით უმისამართო სროლა ატეხა. ტყვია იქვე შემთხვევით მდგარ ავთო მერებაშვილს მოხვდა. დაიჭრა კიდევ ერთი ზერტელი - ნუკრი ბესიაშვილი.

თავდაპირველად, გიორგი ელიაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გიორგი ელიაურმა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ისეთი საშუალებით ჩაიდინა, რომელმაც გაზრახ შეუქმნა საფრთხე სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. 2006 წლის მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით ეს მუხლი ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 10-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.

2006 წლის მაისში სისხლის სამართლის კოდექსში მომხდარი ცვლილებით აღნიშნული მუხლი გადაკვალიფიცირდა 109 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტით და სასჯელი შემსუბუქდა. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი, ადვოკატ ზაზა გიგაურის აზრით, შემსუბუქდა გირგვლიანის საქმისთვის.  აღნიშნული მუხლი კი მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით უკვე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 14 წლამდე. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს 13 წელი პატიმრობა მიუსაჯა, რაც მოკლულის დედის აზრით საკმაოდ მცირე სასჯელია.

ციცინო მერებაშვილი (მოწმე): „ნიკოლოზ ბესიაშვილისგან შევიტყვე, რომ ნიკო ბესიაშვილი მასთან სტუმრად მყოფ ახრისელ ბიჭს აცილებდა. ზერტის ეკლესიასთან გია ელიაურს ჩამოუვლია მანქანით, რომელსც ბესიაშვილმა სტუმრის გაყოლება სთხოვა. ელიაურს უარი უთქვამს, მანქანაში ადგილი არა მაქვსო, რის შემდეგაც შელაპარაკება მოხდა."

იგივეს ადასტურებს შერმადინ ჭიღლაძეც, ვისთანაც ელიაური და მისი ოჯახი სტუმრად იმყოფებოდნენ. შერმადინ ჭიღლაძე აღნიშნავს, რომ შელაპარაკება სწორედ სტუმრის გაყოლების გამო მოხდა.

დაკავებულმა გიორგი ელიაურმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ იძულებული იყო სროლა აეტეხა, რადგან ავტომანქანას აყაჩაღებდნენ და იტაცებდნენ.

გია ელიაური: „მანქანას მე ვმართავდი, ამიტომ ალკოჰოლური სასმელი არ მიმიღია. საღამოს ოჯახთან ერთად სახლში მიმავალმა სოფელ ზერტის შუაგულში ხალხმრავლობა შევნიშნე. მათთან მიახლოვებისას ჩემმა ნაცნობმა შერმადინ ჭიღლაძემ ,,კაპოტზე" ხელის დადებით ავტომანქანის გაჩერება მაიძულა. მან გასეირნების მიზნით მანქანა მომთხოვა, რაზედაც უარი ვუთხარი. ჭიღლაძემ გააღო კარები და დალაპარაკების მიზნით მანქანიდან ოდნავ მოშორებით გამიყვანა. დაახლოებით 10-15 მეტრის გავლის შემდეგ, წისქვილის შენობისაკენ მიმავალმა, უკან რამდენიმე პიროვნება შევამჩნიე, რომელთაგან ერთ-ერთმა მანქანის ჩუქება მომთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი წართმევით დამემუქრა. ამაზე უარი ვუთხარი, რი შემდეგაც უცნობმა პირმა მუშტი დამარტყა. მოვექეცი თუ არა მათ წრეში, წელის არეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, იძულებული გავხდი იარაღი ამომეღო და გაფრთხილების მიზნით, ჰაერში გავისროლე. ამ დროს ხელში ვიღაც მწვდა და იარაღის წართმევა დამიპირა. იარაღიდან ტყვია გავარდა და მეც და  ის პიროვნებაც ფეხში დავიჭერით. შემდეგ წაქცეულს შემდგნენ და ცემა დამიწყეს. თავდამსხმელებისგან გაქცევა მოვახერხე."

საქმის მასალებით ირკვევა, რომ რამდენიმე ხანში გაქცეულ გიორგი ელიაურს მაშინდელი რაიონის პოლიციის უფროსი დავით ბუხრაძე, შემდეგ კი კრიმინალური პოლიციის უფროსი რეზო კლდიაშვილი ამბის გასაგებად ურეკავდნენ. ასეთი ახლო კავშირი ელიაურსა და ბუხრაძე-კლდიაშვილს შორის იმით აიხსნება, რომ ელიაურის ნათლია ალეკო სუხიტაშვილი იყო.

ჩხუბის საღამოს გიორგი ელიაური სახლში არ მისულა. სოფელ ზერტელებმა კი მას სახლში ააკითხეს. რადგანაც ზერტელებს ელიაური სახლში არ დახვდათ, იფიქრეს იგი იმალებოდა და ოჯახის წევრებს კატეგორიულად სთხოვდნენ მის გამოჩენას.

გიორგი ელიაურმა სასამართლო სხდომაზე გაღიზიანებული ზერტელების ქმედება სახლში მიჭრად და ოჯახის წევრების  მძევლად აყვანად შეაფასა. „მეუღლის ტელეფონის ნომრიდან უცნობმა პირმა დამირეკა, მითხრა, შენი ბიძა და ძმა მძევლად გვყავს აყვანილი და მომთხოვა სოფელ ზემო არცევში გარკვეული ფულადი თანხა მიმეტანა.“ ელიაურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. „ციხეში ყოფნისას კიდევ მიკავშირდებოდნენ ქურდები და 20 000 აშშ დოლარის გადახდას მთხოვდნენ,“ - აცხადებს დაკავებული.

გია ელიაური აცხადებს, რომ იგი თავად არის დაზარალებული, რასაც გარდაცვლილი ავთო მერაბიშვილის დედა კატეგორიულად უარყოფს. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, ელიაურის ჩვენება შეთხზული ისტორიაა მის დასაცავად, რომლის დაწერაშიც მას პოლიციის მაღალჩინოსნები დაეხმარნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით გარდაცვლილი ბავშვის დედა უკმაყოფილოა. იგი ადვოკატთან ერთად უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და მოითხოვს საოლქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახალ განხილვას.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები