კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოქალაქეებს ქონების დარეგისტრირებას აიძულებენ

29 მარტი, 2007

sakutrebab.gif

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში ბოლო დროს თვალშისაცემი ხალხმრავლობა შეინიშნება. საკუთარი ქონების დარეგისტრირების მსურველები ცდილობენ „მოსალოდნელ უსიამოვნებას“ თავი დროულად აარიდონ და საკუთრება „დააკანონონ.“
 
„გვითხრეს, რომ ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ, აუცილებლად საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა იგი ჩვენს საკუთრებად არ ჩაითვალოს და ჩამოგვერთვას. დასაკარგი ქონება ნამდვილად არ მაქვს. ამიტომ მეც და ჩემს მაზობლებსაც გვირჩევნია ქონება დავარეგისტრიროთ და იმედიანად ვიყოთ,“ -აცხადებს ქუთაისის მკვიდრი თამრიკო ჩირგაძე და იმ დაწესებულების სახელწოდების დასახელებისგან თავს იკავებს, რომლის წარმომადგენლებმაც ის და მისი მეზობლები ამ გადაწყვეტილების მიღებაში დაარწმუნა და შესაბამისი მომსახურებაც შესთავაზა.

როგორც ირკვევა, მსგავსი შემთხვევები ბოლო დროს ხშირია. კერძო დაწესებულებები მოქალაქეებს მომსახურების „მრავალფეროვან სერვისს“ სთავაზობენ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სამსახურის დერეფანში გამოკრულია სხვადასხვა შპს-ების („მიწპროექტსერვისი“, „ქუთქალაქკვადასტრი“, „ლომო“ და ა.შ.) განაცხადები, სადაც დაწვრილებითაა მითითებული მომსახურების ჩამონათვალი. ისინი მოქალაქეებს შენობა-ნაგებობების აზომვა-პრივატიზაციას, ტოპოგრაფიულ და საკადასტრო აზომვებს, უძრავ ნივთებზე საკუთრების და სხვა სანივთო უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სთავაზობენ. განაცხადშივე მითითებულია, რომ ისინი მსურველებს საშუამავლო მომსახურებასაც გაუწევენ.

როგორც ჩანს, საშუამავლო მომსახურებაში აგიტაცია-პროპაგანდაც იგულისხმება იმის თაობაზე, რომ საკუთრების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება საჩქარო და აუცილებელი პირობაა იმისა, რომ მოქალაქემ ქონება არ დაკარგოს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის წარმომადგენლობასთან საუბარში მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურსა და კერძო დაწესებულებებს შორის არსებობს ურთიერთკავშირი, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანია. ე.წ. აგიტატორები „კონსულტაციაში“ შესაბამის გასამრჯელოს იღებენ. თან სარეგისტრაციო სამსახურს დიდი რაოდენობით კლიენტებს უგზავნიან. იქ მისულ მოქალაქეებს კი, საქართველოს კანონის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის შესახებ“ თანახმად, უკვე ოფიციალური გადასახადის გადახდა უხდებათ. ტარიფები კი, საკმაოდ მსუყეა. თუ მოქალაქეს სურს ქონება 10 დღის ვადაში დაარეგისტრიროს, ამისთვის 36 ლარი უნდა გადაიხადოს. ვადების დაჩქარების შესაბამისად კი, იზრდება გადასახადიც: 8 სამუშაო დღე - 72 ლარი; 5 დღე - 108 ლარი; 1 დღე - 150 ლარი.

აღნიშნული კერძო დაწესებულებების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში უარყოფენ იმ ფაქტს, რომ მოქალაქეებს ქონების დარეგისტრირებისკენ მოუწოდებენ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ისინი სამუშაო დღის უმეტეს ნაწილს სწორედ სარეგისტრაციო სამსახურში ატარებენ, მათი ინტერესი ცხადი ხდება. ისინი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ხარჯზე საკუთარი შემოსავლის გაზრდაზე ზრუნავენ(?!)

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქუთაისის ფილიალში აცხადებენ, რომ მოქალაქეს უფლება აქვს საკუთრება საჯარო რეესტრში არ დაარეგისტრიროს, რომ რეგისტრაცია აუცილებელი არ არის, თუ, რა თქმა უნდა, თავის დროზე იგი ტექბიუროში აქვს დარეგისტრირებული. „არცერთი მოქალაქე არ არის ვალდებული საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს ქონება, რადგან არსებობს შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც საკუთრებას ადასტურებს. ესაა ტექბიუროში აღრიცხული საკუთრება. ასე რომ, ქონების ჩამორთმევის არანაირი საფრთხე რეალურად არ არსებობს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან მოქალაქეები მოდიან, რომლებიც ითხოვენ კონსულტაციას და ამბობენ, რომ მათ ქონების დარეგისტრირებისკენ ე.წ. თაღლითები მოუწოდებენ და ამაში გარკვეულ თანხასაც ითხოვენ,“ - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის იურისტი ირინე ობოლაძე. „საია“-ის ქუთაისის ორგანიზაციაში სარეგისტრაციო სამსახურისა და კერძო დაწესებულებების არაოფიციალურ ურთიერთკავშირზეც საუბრობენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი მამუკა ხიმშიაშვილი. გათიშული დიქტოფონის შემთვევაში კი ამბობს, რომ მის სამსახურს აღნიშნულ დაწესებულებებთან არანაირი კავშირი არა აქვს. თუმცა, ვერავის დაუშლის მოქალაქეებთან მსგავსი ან სხვა ტიპის მოლაპარაკება აწარმოოს. „მე ვერცერთ შპს-ს ვერ ვეტყვი, რომ ჩემი სამსახურის შესასვლელთან განცხადება არ გააკრას. არც ვიცი, რა საქმიანობას ეწევიან ისინი. ფაქტია, მოქალაქეები მოდიან და საკუთარ ქონებას არეგისტრირებენ. თუ მათ ამის სურვილი არა აქვთ, ვერავინ ვერაფერს დაუშლის,“ - ამბობს ხიმშიაშვილი.
 
2006 წლამდე ქუთაისში ქონების დარეგისტრირებას ტექბიურო უზრუნველყოფდა. ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის 90%-ს რეგისტრაცია სწორედ ამ სამსახურში აქვს გავლილი. მიუხედავად მისი გაუქმებისა, რეგისტრაციის შესაბამისი დოკუმენტები დღეს საჯარო რეესტრის არქივში ინახება და როგორც იურისტები აცხადებენ, საკუთრების უსაფრთხოებისთვის ეს სავსებით საკმარისი დოკუმენტია.        

  შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

ახალი ამბები