კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არც კვება, არც ხელფასი... ბაღი კი მუშაობს . . .

30 მარტი, 2007

badib.gif

წყალწყალა წვნიანი, ლობიო, კარტოფილი; კარტოფილი, წყალწყალა წვნიანი, ლობიო, შიგა და შიგ რძე. საბავშვო ბაღების მენიუ და უხელფასოდ დარჩენილი სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალი.

ადიგენის რაიონში ამჟამად ექვსი ბაღი ფუნქციონირებს. კურორტ აბასთუმანში, დაბა ადიგენში სოფელ არალსა და ბოლაჯურში ერთი, ხოლო სოფელ უდეში ორი საბავშვო ბაღია. 2007 წლის იანვრიდან მათ დაფინანსება შეუწყდათ. მესამე თვეა საბავშვო ბაღების პერსონალი უხელფასოდ მუშაობს.

,,38 წელია უდის ბაღში მზარეულად ვმუშაობ, ჯერ გვპირდებოდნენ ჩვეულებრივ იმუშავებთო.  ახლა კი გამოგვიცხადეს, ხელფასს ვერ მიიღებთო. რატომ ვითომ? მარტოხელა, ქვრივი ქალი ვარ და თავი რითი უნდა ვირჩინო? არც ძროხა გამაჩნია, არც ქათამი, არც ღორი. რა უნდა ვქნა? სამი თვეა უხელფასოდ ვმუშაობ”, - აღშფოთებული გველაპარაკება ქეთევან ჩილაშვილი.

,,ხელფასი სამი თვეა არ აგვიღია, ახლა დაგვპირდნენ, რომ ბიუჯეტში ჩაგვსვამენ, ჩამოვყალიბდებით იურიდიულ პირებად და ხელფასები გვექნება,“ - ამბობს უდის საბავშვო ბაღის გამგე  ნათელა მაისურაძე,

სოფელ უდეში 1430 კომლი ცხოვრობს. აქ ერთ საბავშვო ბაღში 33, ხოლო მეორეში 25 პატარა „აფარებს თავს“.  

ორივე საბავშო ბაღის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. კედლები ინგრევაა, ფანჯრები ჩალეწილია, ალაგ ალაგ კი ცელოფნის პარკებია აკრული. ყველა კარი გულისგამაწვრილებლად ჭრიალებს. იატაკის ფიცრები კი ერთმანეთისაგან ისეა დაშორებული, რომ შეიძლება ფეხი ჩაგივარდეს, მითუმეტეს პატარებს...   

,,არავინ დაგვპირებია ბაღს გაგიკეთებთო, ჩვენი ხარჯებით კი დიდი - დიდი იატაკი შევღებოთ,“ - ამბობს აღმზრდელი გუგული მამულაშვილი.

ადიგენში ენთუზიაზმზე მომუშავე პედაგოგები პატარებს დაბის მაღაზიიდან ნდობის საფუძველზე „ნისიად“ აღებული პროდუქტებით კვებავენ. მაღაზიის დავალიანება უკვე 351 ლარს აღწევს.

,,დაბა პატარაა. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ამ ახლობლობით თავი გაგვაქვს,” - ამბობს ადიგენის ბაგა-ბაღის დირექტორი თინა ქომეთიანი.

სოფლის ბაღებში კი კვების მხრივ განსხვავებული სიტუაციაა: ,,პროდუქტს მშობლები გვაწვდიან. კომბოსტო, ლობიო... რძეზე  გრაფიკი გვაქვს დაწესებული. ამ შემონატანით გაგვაქვს თავი. გასულ წელს მთავრობამ ორჯერ მოგვცა ასი ლარი. ამ ფულით ბურღულეული, ხორცი და ტკბილეული ვიყიდეთ,” -  ამბობს უდის ნომერ პირველი ბაღის გამგე რუსუდან საანიშვილი.

ბაღებში ბავშვებს აღარ აძინებენ: ,, ბავშვებს ვერ ვაძინებთ, სიცივეა. გათბობა არ გვაქვს. შეშაც მშობლების ხარჯზეა,” - ამბობს ნათელა მაისურაძე.
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის 2007 წლის ბიუჯეტში საბავშვო ბაღებისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის.

„სკოლამდელი დაწესებულებები იურიდიულ პირებად ჯერ არ ჩამოყალიბებულან. მათთვის ბიუჯეტში თანხებს ვერ გავითვალისწინებდით,“ - აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურა ჩილინგარაშვილი: ,,სამომავლოდ, დაბა ადიგენში იქნება არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი  - ადიგენის ბაღი, რომელსაც სოფლებში არალში, უდეში, ბოლაჯურსა და კურორტ აბასთუმანში ფილიალები ექნება. თანხა სუბსიდიის სახით გამოიყოფა და ექვსივე ბაღზე თანაბრად გადანაწილდება,“ - ამბობს გამგებელი

საბავშვო ბაღში ახალი სათამაშოები ათეული წელია აღარ მიუღიათ.  ფერდაკარგული პლასტმასის კუბიკები, მუცელგამოფატრული დათუნიები და გაცრეცილი წიგნები ნორჩი ლენინის გამოსახულებით ამ ბაღების მთავარი ატრიბუტებია.

პატარები სათამაშოებს, აღმზრდელები კი ხელფასს ელიან. 
 

გულო კოხოძე, ადიგენი

 

ახალი ამბები