კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპორტირებულთა მესხურ-იმერული ყოფა

2 აპრილი, 2007

mesxebib.gif

იმერეთში, კერძოდ კი, სამტრედიის ერთ პატარა სოფელ იანეთში კიდევ უფრო პატარა დასახლებაა, რომელსაც ადგილობრივები მე-9 უბანს ეძახიან. კომპაქტურად ჩასახლებული 32 ოჯახი იქ დღეს ძველი  და თან შერეული ტრადიციებით ცხოვრობს და ადგილობრივ მოსახლეობასთან ყოველგვარ კონტაქტს მოკლებულია. 

ისინი დეპორტირებული მესხები არიან, რომლებიც იანეთში 1982-83 წლებში, უზბეკეთიდან და აზერბაიჯანიდან  ჩამოიყვანეს და აქ ჩაასახლეს. მაშინ შრომისმოყვარე მესხებმა მსხვილფეხა პირუტყვი დაიყენეს, ხვნა-თესვა გააჩაღეს და უცხო მიწას თანდათან შეეჩვივნენ.

„თავიდან ისე არ გვიჭირდა, როგორც დღეს. მაშინ კოლმეურნეობები მუშაობდა და აქტიურად ვიყავით დასაქმებული. მეცხოველეობას ვეწეოდით და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტი გვქონდა. დღეს კი, ცხოვრება გაჭირდა. საკუთარი სახლიდან და ეზოებიდან თითქმის არ გავდივართ და მეზობელი სოფლის მაცხოვრებლებს თვალითაც ვერ ვხედავთ,“ - ამბობს დეპორტირებული ალიხან ჩხეიძე.

მას, ისევე როგორც მის მეზობლებს, ადგილობრივი მოსახლეობისაგან თითქმის იზოლირებულად ცხოვრება უამრავ პრობლემას უქმნის. თვლის, რომ მათთან კონტაქტის შემთხვევაში მეტი ინფორმაცია ექნებოდა - თუნდაც ადგილობრივი ხელისუფლების, მისი მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ. შეძლებდა საკუთარი განცდები გაეზიარებინა მთავრობის წარმომადგენლებისთვის, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. მეზობელ სოფლამდე 10 კილომეტრია. ამ მანძილის ქვეითად გავლა კი ადვილი ნამდვილად არაა. ამბობენ, რომ ავტობუსს მე-9 უბანში წლებია არ გაუვლია.

დეპორტირებულ მესხებს გარკვეული პრობლემები ტერიტორიული მოწყობის კუთხითაც აქვთ. ისინი სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში არიან ჩაწერილი, ტერიტორია კი, რომელზეც ცხოვრობენ, წყალტუბოს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ყოფითი პრობლემის მოგვარების დროს ჩნდება მარადიული კითხვა - ვის უნდა მიმართონ, წყალტუბოს თუ სამტრედიის რაიონის გამგეობას?

მართალია, დეპორტირებული მესხები აცხადებენ, რომ მათი ისტორიული სამშობლო საქართველოა, თუმცა, მშობლიურ ენაზე მეტყველება უჭირთ. იქ თითქმის ყველა ოჯახში სასაუბრო ენა ქართულ-რუსულ-სომხურ ენათა სინთეზია. რაც შეეხება რელიგიას, ისინი მუსულმანები არიან და გაქრისტიანებაზე დღეს ნაკლებად ფიქრობენ.

ოჯახში, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, დომინანტი მამაკაცის აზრია. ქალი მხოლოდ საოჯახო საქმეებითაა დაკავებული და მას საკუთარი აზრის გამოთქმა თითქმის ეკრძალება. მეტიც, მეუღლეები (მამები, ძმები) მათ სახლიდან „ცხვირს არ აყოფინებენ“. სკოლაშიც კი, რომელიც ორი ფეხის ნაბიჯზეა, შვილის ამბის გასაგებად მხოლოდ მამები დადიან.

რაც შეეხება სკოლას, როგორც აღნიშნულ ეთნოჯგუფში აცხადებენ, მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აქტიურად დადგა დღის წესრიგში. ეს კი ადგილობრივებს ძალიან აწუხებთ. „მართალია ამ დაწესებულებას სკოლა ჰქვია, მაგრამ იგი აქაურებისთვის გაცილებით მეტია. ეს არის კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, სადაც დეპორტირებული მესხები ხშირად იკრიბებიან და დღეს საინტერესოდ ატარებენ. ამით ცხოვრებას ილამაზებენ, რადგან სხვა წასასვლელი ფაქტიურად არც აქვთ. აქ არ არსებობს კულტურის სახლი, არც სპორტული მოედანი და თქვენ წარმოიდგინეთ, მაღაზიაც კი. მეზობელ სოფლამდე ავტობუსი არ დადის და საკმაოდ დიდი გზაა,“ - ამბობს იანეთის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი ლამზირა თევზაძე.

სკოლა, იანეთის ე.წ. მე-9 უბანში, გასული საუკუნის 80-იან წლებში, სპეციალურად დეპორტირებულთათვის აშენდა. იქ დღეს 29 მოსწავლე სწავლობს და მათ აღზრდა-განათლებაზე 15 ადამიანი (სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები) ზრუნავს, რომლებიც შრომის გასამრჯელოს სამ თვეში ერთხელ, გაჭირვებით იღებენ.

„სკოლის თანამშრომელთა ხელფასებისთვის ყოველთვიურად 2000 ლარია საჭირო. ვაუჩერით კი, მხოლოდ 850 ლარი გროვდება. აქედან გამომდინარე, ხელფასთან დაკავშირებით მუდმივად პრობლემებია. ახლაც, იანვრის ხელფასი მარტში ძლივს დარიგდა. არასაკმარისი თანხის გამო, რომელიც ვაუჩერიზაციით შემოდის, განათლების სამინისტროს უხდება დამატებითი თანხის გადახდა. ეს კი, როგორც ირკვევა, მათ დიდად არ სიამოვნებთ. ამაზე ხელფასების დაგვიანება მეტყველებს. მომავალი სასწავლო წლიდან სკოლას ალბათ საერთოდ დახურავენ. ამის პირობა აქ ნელნელა მწიფდება. იანეთის პირველ საჯარო სკოლაში უკვე ჩამოიყვანეს ავტობუსი, რომლითაც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ სკოლის მოსწავლეებს იქ გადაიყვანენ,“ - ამბობს ლამზირა თევზაძე.

ამ ინიციატივაზე კი, დეპორტირებულ მესხებს ერთადერთი პასუხი აქვთ - ისინი მეზობელ სოფელში შვილებს სასწავლებლად არ გაგზავნიან: „პატარა გოგოებს უპატრონოდ სხვაგან არ გავუშვებთ და მერხზე უცხო ბიჭთან დაჯდომის უფლებას არ მივცემთ. გვირჩევნია, ჩვენი შვილები უსწავლელები იყვნენ და სახლში უსაფრთხოდ ისხდნენ,“ - ასეთია მამების გადაწყვეტილება. არადა, ერთადერთი ადგილი, სადაც დეპორტირებულთა შვილები მხოლოდ ქართულად, ყოველგვარი კილო-კავების გარეშე მეტყველებენ და ამით შთამომავლობას ენას უნარჩუნებენ, სწორედ სკოლაა (!)

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

ახალი ამბები