კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხუთი წლის გია ჯანელიძე - ,,ქალაქში ვიცხოვრებ, აბა აქ რა მინდა?”

4 აპრილი, 2007

sofelib.gif

ტელევიზორში ნანახ ქალაქზე ოცნება. ნახევრად დაცლილი და ერთი სკოლის ამარა დარჩენილი ექვსი სოფელი. უგზოობა და ,,ხიდჩატეხილობის” პრობლემა ადიგენის რაიონში.

მოხე, დერცელი, კიკიბო, ნამინაური და ციხისუბანი მოხის საკრებულოს ეკუთვნის. ამ სოფლებში ერთად 250 კომლი ცხოვრობს და რაიონული ცენტრიდან ათი – თორმეტი კილომეტრით არის დაშორებული. აქ ზამთარი ხუთ თვეს გრძელდება, დიდთოვლობას უგზოობა და ჩამოშლილი მეწყერიც ემატება და აქაურები ქალაქში ჩამოსვლას თვეების განმავლობაში ვერ ახერხებენ. თუმცა, ამის არც დიდი საჭიროებაა, რადგან ადგილობრივებს თავი ნატურალური მეურნეობით გააქვთ, ერთს დარდობენ -  ბავშვებმა არ იციან რა არის ქალაქი.

,,მეცოდებიან ბავშვები, არც გართობა აქვთ და არც არაფერი. ჩამოთოვს და მოწყვეტილი ვართ ქვეყნიერებას. რა აღარ არის გამოგონებული, ჩვენს ბავშვებს კი ბურთი აქვთ და ისიც ნახევრად დახეული. ქალაქი მარტო ტელევიზორში თუ უნახავთ,“ - ამბობს ერთერთი სოფლის მკვიდრი.

„ქალაქი დიდია და ლამაზი,“ - აღტაცებულები ლაპარაკობენ აქაური პატარები. წარმოდგენა კი უცხოური ფილმების მიხედვით აქვთ შექმნილი.

,,რო, გავიზრდები ქალაქში ვიცხოვრებ, აბა აქ რა მინდა? დიდი სახლი მექნება, მაგარი მანქანა და ბაბუაჩემის ურემს გავასწრებ,“ - სხარტად გევლაპარაკება ხუთი წლის გია ჯანელიძე.

,,მეათასე სართულზე მინდა ვიცხოვრო, მამაჩემმა მითხრა ათას სართულში მთელი საქართველო დაეტევაო. აბა, ამერიკაში რამდენი საქართველო ყოფილა, ხვდები?“ - გაფართოებული თვალებით მელაპარაკება პირველკლასელი თემური ზოიძე.  

ახალგაზრდების ნახვა ზემოთჩამოთვლილ სოფლებში იშვიათობას წარმოადგენს. აქაურობას ისინი ყოველდღიურად ტოვებენ.

,,მოსახლეობის ერთი მეხუთედი წალკაში მიდის საცხოვრებლად. მარტო შარშან, დაახლოებით სამოცამდე ოჯახი გადავიდა. ვინც თავს უშველა ყველა წავიდა. აქ ჭირს ცხოვრება,“ - ამბობს ბადრი მარკოიძე.
 
მოხის საკრებულოში ერთი საშუალო სკოლაა. ბავშვებს ყოველდღიურად ათი და თორმეტი კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ.

,,ამხელა გზაზე ბავშვები ფეხით დადიან. სხვა რა გზაა აქვთ. ზაფხულში კიდევ არა უშავს. აი, ზამთარში კი ძნელია, ნახევარზე მეტი აცდენს და ჩვენ გაცდენებს საპატიოდაც ვუთვლით,“ - ამბობს  მოხის საშუალო სკოლის დირექტორი თემურ ბერიძე - ,,ეს პრობლემა ახალი არ არის, მაგრამ გამოსავალზე არავინ საუბრობს, აქ საშინელი გზებია და ავტობუსი ვერ იმოძრავებს,“ - დაამატა მან.

,,ნამიმაურიდან ვარ, დილით რვაზე რომ გამოვდივარ სიბნელეა, კი გვეშინია, მაგრამ რამდენიმე ვართ და შიში ქრება. მიჭირს, მარა სკოლაში ხო უნდა ვიარო,“ - ამბობს მეტერთმეტე კლასელი ცირა იაკობაძე. 

,,კეხოვნიდან დავდივარ. სოფელი მოხიდან კი შორია, მაგრამ ტყეზე მოკლე გზები ვიცი და დროზე ჩამოსვლას ვასწრებ,“ - გვეუბნება მერვეკლასელი მალხაზ დიმიტრაძე.

,,მე ჭეჭლიდან დავდივარ. ჩემი სოფელი მოხიდან ყველზე ახლოსაა, მაგრამ ტალახი იცის დიდი. ტალახში სიარული კი ჭირს,“ - მორიდებით გვესაუბრება მეშვიდეკლასელი სოფიკო მარკოიძე.

,,ნამინაურიდან 37 ბავშვი დადის. პირველკლასელებს განსაკუთრებით უჭირთ. ჩემი შვილი თოვლში ზურგით დამყავს, ტალახში კი ძლივს ძლივობით ამოდის აღმართში,“ - დარდობს სოფელ ნამინაურის მკვიდრი ბადრი მარკოიძე.

 გზის პრობლემაზე კომენტარი რაიონის პირველმა პირმა გააკეთა: ,,მოხის საკრებულოს სოფლებში გზის დაგება  წელს არის დაგეგმილი. რაც აუცილებლად შესრულდება. მოსახლეობას გზის პრობლემა მოუგვარდება,“ - აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურა ჩილინგარაშვილი.

სკოლის დირექტორი სხვა მნიშვნელოვან პრობლემაზეც საუბრობს: ,, ყველაზე დიდი პრობლემა სოფელ კეხოვანშია. მდინარეზე საცალფეხო ხიდია გაკეთებული, იქ ბავშვების გადმოსვლა ძალიან სახიფათოა,” - ამბობს თემურ ბერიძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს ამ პრობლემაზეც დამაიმედებელი პასუხი აქვს: ,,ხიდიც გაკეთდება.”

გულო კოხოძე, ადიგენი

ახალი ამბები