კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყვარლის გამგებელს ბავშვების მკვლელობაში ადანაშაულებენ

4 აპრილი, 2007

saxlib.gif

ყვარელში მცხოვრები 29 წლის თამარ ღელეღუტაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელ გამგებელს მამუკა კუპრაშვილს, რამდენიმე წლის წინ, საკუთარი ძმების, 16 წლის კახა და 13 წლის ზაქრო ღელეღუტაშვილების საზარელ მკვლელობაში ადანაშაულებს. დაზარალებული „გაყინული გამოძიების“ განახლებას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს. „მზად ვარ ვამხილო კრიმინალები, თუ დამაცადეს და ჩემს ოთხ პატარა ბავშვს ზედ არ დამაკლეს,“ - ამბობს თამარ ღელეღუტაშვილი და დახმარებას ადამიანის უფლებების დამცველებს სთხოვს.

1993 წლის 24 დეკემბერს ყვარელში, სატყეო მეურნეობის თანამშრომელი ნიკოლოზ კუპრაშვილი მოკლეს. 25 დეკემბერს ადგილობრივმა სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით არასრულწლოვანი ძმები, კახა და ზაქრო ღელეღუტაშვილები დააკავეს.

„ბავშვები ჩემთან იზრდებოდნენ. მათი მშობლები ყვარელში ცალკე ცხოვრობენ. კახა თავისი ნებით აფხაზეთში იყო ნამყოფი, ბრძოლებში მონაწილეობდა. ზაქრო კი სკოლაში სწავლობდა. 24 დეკემბერს სახლიდან რომ გავედი, ჯერ ისევ ეძინათ. სამუშაოდან რომ დავბრუნდი, სახლში არ დამხვდნენ. უბანში მოვიკითხე, მაგრამ ვერ ვნახე. შინ გვიან დაბრუნდნენ. შვილიშვილებს ვკითხე სად იყვნენ. მიპასუხეს, სანადიროდო. ივახშმეს და დაიძინეს. შეშფოთებულები არ ყოფილან. ისევე იქცეოდნენ, როგორც ყოველთვის. მეორე დღეს, ანუ 25 დეკემბერს მეზობელ სოფელ წიწკანაანთსერში ნათესავთან უნდა წავსულიყავი. თან პატარა ძმა, ზაქრო გავიყოლე. პოლიციის შენობასთან რომ ჩავიარე, ერთ-ერთმა პოლიციელმა გამაჩერა და მკითხა, გუშინ შენი შვილიშვილები სად იყვნენო. ვუპასუხე, სახლიდან გასულები იყვნენ და შინ საღამოს დაბრუნდნენ მეთქი. პოლიციელმა კახას ადგილსამყოფელი გამომკითხა. ვუთხარი, რომ სახლში იყო. „ჩიტი ეგონათ ის კაცი რომ მოკლესო“, მითხრა. ...გზა განვაგრძე თუ არა, სახლში კახას დასდგომიან. როგორც მეზობლებმა მითხრეს, პოლიციის თანამშრომლები იქ სულ ხუთი წუთით შეჩერდნენ. კახა მანქანაში ჩაუგდიათ. რაღაც იარაღები გამოუტანიათ, უთქვამთ, ქვევრში ინახავდნენო და ბავშვი პოლიციაში წაუყვანიათ. ყვარლიდან გასულიც არ ვიყავი, რომ პოლიცია ჩვენც დაგვეწია. ზაქროსაც სტაცეს ხელი და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წამართვეს. პოლიციაში მეც მივედი. ირგვლივ ხალხი იყო შეკრებილი და ბობოქრობდნენ,“ - აღწერს მოკლული ბავშვების ბებია, გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, ყვარლის პოლიციამ კახა ღელეღუტაშვილი ნიკოლოზ კუპრაშვილის მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავა. რაც შეეხება ზაქრო ღელეღუტაშვილს, პოლიციის გამომძიებელი მის დაკითხვას მოწმის სახით ახდენდა. დაკითხვის პროცესს ესწრებოდნენ ზაქრო ღელეღუტაშვილის ადვოკატი ვაჟა ვარადაშვილი და სკოლის პედაგოგი ნათელა თეთრაშვილი.

„გამომძიებელი რომ კითხავდა ზაქროს, ბავშვი ტიროდა, კუპრაშვილი მე არ მომიკლავსო. ...თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ამბობდა. ამ დროს შემოვარდნენ გამომძიებლის სამუშაო ოთახში. ბავშვის გატაცებას შევეწინააღმდეგეთ, მაგრამ ძალის გამოყენებით გაიტაცეს. გამომძიებელს არაფერი გაუკეთებია,“ - აცხადებს ნათელა თეთრაშვილი საკუთარ ჩვენებაში.

მომხდარის თვითმხილველი, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ ისურვა, პოლიციის შენობიდან ბავშვების გატაცების ფაქტს იხსენებს.

„გამომძიებლის ოთახიდან ძალის გამოყენებით გამოყვანილი ზაქრო პოლიციის შენობის კიბეებზე რომ ჩამოჰყავდათ, ხმამაღლა ტიროდა. მკვლელი მე არ ვარ და ნურაფერს დამიშავებთო, მაგრამ მიათრევდნენ. ამ დროს, პოლიციის სამორიგეოს შესასვლელში, კუპრაშვილების ახლობელი თამაზ თულიანი (იგი გარდაცვლილი ნიკოლოზ კუპრაშვილის ვაჟის მეჯვარეა), კახა ღელეღუტაშვილს უყვიროდა, ბიჭო, „ურგას“ მკვლელობა შენს თავზე აიღე, მაინც გადაწყვეტილია შენი მოკვლა და შენი ძმა მაინც გადაარჩინეო, თუმცაღა კახას არაფრის თქმა აღარ აცალეს. ...საბრალო, მაღალი ბიჭი იყო. მანქანის საბარგულში ტენიდნენ და რომ ვერ ჩაეტია, რამდენიმე მამაკაცმა ის წელში გადაამტვრია და პოლიციის ეზოში გაჩერებული მანქანის საბარგულში ისე ჩატენეს. ამის შემდეგ, წამებში მანქანის უკანა კარიც გახსნეს, ზაქრო შეაგდეს და წავიდნენ. ამ ყველაფერს თულიანი ხელმძღვანელობდა,“ - ამბობს თვითმხილველი.

მისივე თქმით, პოლიციის შენობიდან ძმები ღელეღუტაშვილების გატაცებისა და მკვლელობის პროცესი წინასწარ იყო დაგეგმილი და ამის შესახებ ინფორმაციას თავად პოლიციაც ფლობდა. „სანამ ბავშვებს გარეთ გამოიყვანდნენ, ეზოში შეკრებილი ხალხი ყვიროდა, გამოიყვანეთ ეგ მკვლელებიო, რა დროსაც შენობიდან პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი გამოვიდა და ხალხის დამშვიდება სცადა. მოსაღამოვდეს, სამუშაო საათები დამთავრდეს, რომ თანამშრომლები წავიდნენ და მერე წაიყვანეთო. ზამთარში ხომ მოკლე დღეა, დაახლოებით შუადღე იქნებოდა გადასული, რომ პოლიციის თანამშრომლებმა შენობა დატოვეს, ოღონდ არა ჯგუფურად. მალევე პოლიციის შენობა პოლიციის უფროსმა დიტო იოსებაშვილმაც დატოვა. როგორც მერე გაირკვა, შენობაში მხოლოდ ერთი მორიგე პოლიციელი და ის გამომძიებელი დარჩენ, ვინც ზაქროს დაკითხვას აწარმოებდა. ეს ყველაფერი ორგანიზებული რომ არ ყოფილიყო, სად მიდიოდნენ პოლიციის თანამშრომლები, უფროსის ჩათვლით, როცა შს რაიონული სამმართველოს შენობასთან ასეთი არეულობა იყო?“ - მოგვითხრობს თვითმხილველი.

პოლიციის შენობიდან გატაცების შემდეგ ბავშვები ყვარლის გარეუბანში იმ ადგილზე მიიყვანეს, სადაც წინა დღეს ნიკოლოზ კუპრაშვილის გვამი იპოვეს. „ჯერ უფროსი ძმა მოკლეს, რის შემდეგაც ზაქროს კიდევ ერთხელ უთქვამს, მე არავინ მომიკლავს და გეტყვით ვინც მოკლაო. შილდელი კაცი... და სიტყვის დამთავრება აღარ აცალეს. ნიკოლოზ კუპრაშვილის შვილმა, მამუკა კუპრაშვილმა მასაც ესროლა. ზაქრო თავის მკვდარი ძმის ცხედარს დასცემია. ჯერ ისევ შეეძლო საუბარი და უთქვამს, ერთად მოვკვდეთო. რომ გაეგოთ თურმე, ზაქრო მკვდარი იყო თუ ცოცხალი, ანთებული სიგარეტებით ამოუწვეს სხეულის სხვადასხვა ნაწილი. ცდილობდნენ გაეგოთ, რეაქცია ექნებოდა თუ არა. ჩემი ძმები რომ მამუკამ დახოცა, ზუსტად ვიცი. ამის შესახებ ერთმა ადამიანმა კი არ მითხრა, რამდენიმემ მოგვიყვა თავის დროზე იქ რაც მოხდა,“ - ამბობს მოკლული ბავშვების და თამარ ღელეღუტაშვილი.

მეგობრების გატაცების ამბავი გოჩა ჯაფიაშვილმაც შეიტყო. მომხდარის შესახებ ძმები ღელეღუტაშვილების დედას მაშინვე შეატყობინა. მალევე შეიკრიბნენ იმ დროს არსებული მხედრიონის წარმომადგენლებიც, რეზო და გელა ჯანდაურაშვილები და სხვები. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ბავშვების ცხედრები ხის უნაგირში ჩაედოთ, გვამებს დასაწვავად ამზადებდნენ. „უნაგირის გვერდზე ფიჩხი ეყარა. კახას ხელები მომტვრეული ჰქონდა. თულიანი, ნოდარ ფრეწუაშვილი და სხვები უნაგირისთვის ცეცხლის შენთებას აპირებდნენ. პატარა ძმა ჯერ ისევ ფეთქავდა. მანქანაში ჩავსვით და ყვარლის სავადმყოფოში წავიყვანეთ, მაგრამ ექიმებმა ვერაფერი უშველეს, ისიც დაიღუპა,“ - გვითხრა ერთ-ერთმა მხედრიონელმა, რომელიც მეტსახელით გაგვეცნო.

ბავშვების მკვლელობის შემდეგ დედა გალოთდა და დაავადმყოფდა. ბებია და მამა გარდაიცვალნენ. სადისტურად მოკლულ კახას და ზაქროს ერთადერთი და დარჩათ, რომელიც დამნაშავეთა დასჯას 14 წელია ითხოვს, მაგრამ სამართალი ვერსად იპოვა. იგი განსაკუთრებით მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც მის მიერ ძმების მკვლელობაში დადანაშაულებული მამუკა კუპრაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლად დაინიშნა. თამარი ამბობს, რომ ასეთი ხალხის ადგილი ციხეშია და არა თანამდებობებზე.

ყვარლის მუნიციპალუტეტის გამგებელი მამუკა კუპრაშვილი ჩვენთან საუბარში თამარ ღელეღუტაშვილის ბრალდებებს და მკვლელობის საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. „ამ საქმესთან დაკავშირებით მე არაფერ შუაში ვარ. არაფერი ვიცი. წარმოიდგინეთ, მაშინ მამაჩემი გარდაცვლილი იყო, რა მდგომარეობაში ვიქნებოდი... არაფერი მახსოვს. ბავშვები მე არ მომიკლავს,“ - აცხადებს მამუკა კუპრაშვილი, დეტალების გახსენება კი არ სურს.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ვერ დავუკავშირდით რესპონდენტის მიერ დასახელებულ ნოდარ ფრეწუაშვილს, რომელიც თელავის რაიონული პროკურორის ალექსანდრე ფერიაშვილის მამაა.

კახა და ზაქრო ღელეღუტაშვილების მკვლელობის ფაქტზე, 1993 წლის 25 დეკემბერს ყვარლის რაიონულ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დანაშაული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლით (ძველი რედაქცია) დაკვალიფიცირდა. ოფიციალური ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან რამდენიმე დღეში საქმე წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად სიღნაღის პროკურატურას დაექვემდებარა. სიღნაღის რაიონული პროკურორის კობა გოგიბერიძის ცნობით, კახა და ზაქრო ღელეღუტაშვილების მკვლელობისათვის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ მიცემულა.

„დღეის მდგომარეობით, ძიება გაუხსნელობის მოტივით შეჩერებულია, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიების მიერ პასუხისგებაში მისაცემი პირები ვერ დაადგინეს.

- ბატონო კობა, მოკლული ბავშვების და, თამარ ღელეღუტაშვილი ძმების მკვლელობაში ყვარლის ამჟამინდელ გამგებელს მამუკა კუპრაშვილს და სხვებს ადანაშაულებს. ფიგურირებს თუ არა სისხლის სამართლის საქმეში საერთოდ მამუკა კუპრაშვილი?

- ასეთი რამ საქმეში არ არის. მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვაკეთებ და შემდგომ ვიმოქმედებთ,“ - აღნიშნა პროკურორმა კობა გოგიბერიძემ.

იურისტების ინფორმაციით, 1993 წელს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლი, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მკვლელობას ითვალისწინებდა. „აქედან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის და სავსებით შესაძლებელი და კანონიერია ამ საზარელი მკვლელობის საქმის ძიება განახლდეს და დამნაშავეები დაისაჯონ,“ - აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლია ხუროშვილი.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავეებს ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები