კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისში ადამიანის უფლებების დაუცველობაზე ჩივიან

10 აპრილი, 2007

uflebebib.gif

„ადამიანის უფლებები ყველგან ირღვევა, ყველა სფეროში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე,“ - ეს ქუთაისელთა ზოგადი განმარტებაა საკითხზე, რომელზეც ყველაზე უკეთ კონკრეტული ფაქტები მეტყველებს. თუმცა, ადამინის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე ქუთაისში დღეს რიგითი მოქალაქეები გაცილებით გულწრფელად საუბრობენ, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს უკანასკნელნი თვლიან, რომ ქალაქში, ისევე როგორც ქვეყანაში, ყველაფერი კანონიერებისკენაა მიმართული და თუკი ვინმე საზოგადოებას სწორედ კანონის დაცვისკენ მოუწოდებს, ამას ადამიანის უფლებების დარღვევას მიაწერენ.

„ადამიანის უფლებათა დაცვის“ ქუთაისის ბიურომ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, რომელმაც ყველა სფეროსა და ასაკის ადამიანები მოიცვა და აჩვენა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევით საზოგადოება სერიოზულადაა შეშფოთებული. ამ კატეგორიას გამოკითხულთა 90% მიეკუთვნება. მათ შორის არიან ისეთები, ვინც შეკითხვას - „თქვენი აზრით, რა მდგომარეობაა ქუთაისში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით?“ - მოკლედ უპასუხა - „მძიმე“. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც საუბარი განავრცეს და საკუთარი აზრი კონკრეტული ფაქტებით გაამყარეს.

გიორგი გოგნაძე, ეკონომისტი, 52 წლის: „მოდით, პირდაპირ ვთქვათ: არსებობს კი, საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები? იციან ადამიანებმა, რისი უფლება აქვთ და რისი არა? ვფიქრობ, ჯობია არ იცოდნენ, რადგან მაინც ვერაფერში გამოიყენებენ. ამ უპატრონო ქვეყანაში სრული განუკითხაობაა და ეს არც არავის ანაღვლებს. მეტიც, ალბათ ხელს აძლევთ, რომ ასე იყოს, რადგან ბევრი უმსგავსობა ჩაიდინონ. ახალგაზრდა კაცი ვარ, ყველაფრის გაკეთება შემიძლია და ამაში ის გამოცდილება მეხმარება, რომელიც წლების მანძილზე ავტოქარხანაში მუშაობის დროს დავაგროვე. დღეს კი, უმუშევარი ვარ. ერთ მშვენიერ დღეს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე გამომიცხადეს, რომ შემცირებაში მოვხვდი. თავი ვერაფრით დავიცავი და ვერ დავამტკიცე, რომ მართალი ვარ და საქმის კეთება ისევ შემიძლია. დასკვნა თქვენთვის მომინდვია.“

მზია ნემსიწვერიძე, პედაგოგი, 30 წლის: „მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვისაუბრებ. ჩვენი უფლებები დარღვეულია, თუნდაც იმიტომ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ისეთი კანონი შეიმუშავა, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება პედაგოგთა მოსაზრებებს. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რონ ჩვენი აზრი დღეს არავის აინტერესებს. მოსწავლეებს მიანიჭეს ის უფლებები, რომლის წყალობითაც ისინი უმართავნი ხდებიან და ყველაფერზე არიან წამსვლელი. დღეს პედაგოგს უფლება არა აქვს, შენიშვნა მისცეს ბავშვს. იყო შემთხვევა, მოსწავლემ მასწავლებელს ხელი გაარტყა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ თურმე მასწავლებელმა უსაყვედურა, გაკვეთილის დროს რატომ საუბრობო. ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ 55 წლის პედაგოგმა (ჭეშმარიტმა პროფესიონალმა) სკოლა დატოვა. თავმოყვარეობის გამო მოიქცა ასე. დღეს ეს ქალბატონი უმუშევარია.“

მარინა ურუშაძე, გამყიდველი, 37 წლის: „ყველა ფეხის ნაბიჯზე ადამიანის უფლებების დარღვევას ვაწყდები. დილით სახლიდან რომ გავდივარ, არ ვიცი სახლში როგორ დავბრუნდები და მშვიდობა დამხვდება თუ არა. ახალგაზრდებს კლავენ და იმის მაგივრად, რომ მკვლელები დასაჯონ, თავზე ხელს აფარებენ. გახსოვთ ალბათ, პატრულმა 19 წლის ბიჭი საკუთარი სახლის წინ მოკლა და მიატოვა. სარდაფს ქურდავდაო, ასე იმართლა თავი. თუ ქურდობაზე შეასწრო, სად გაიქცა? იქ არ უნდა დარჩენილიყო და ამის შესახებ გაეცხადებინა? ის კი გაიქცა და დღეს გამართლებულის სახელით ცხოვრობს. იმ ბიჭის დედა დღემდე უშედეგოდ ითხოვს მისი შვილის მკვლელის დასჯას. საპროტესტო აქციებიც ბევრჯერ გაიმართა, ტელევიზიითაც არაერთხელ გადაიცა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ასეთი მაგალითები უამრავია. მე დედა ვარ და არ ვარ დაზღვეული, რომ შვილი საღამოს შინ მშვიდობით დამიბრუნდება.“ 

ბონდო გუნია, აფხაზეთიდან დევნილი, 71 წლის: „რისი უფლება გვაქვს ჩვენ? - არაფრის. სახლ-კარი დავკარგეთ და მშობლიური მიწა-წყალი სიზმრად გადაგვექცა. დღეს კი იმ ორ მტკაველ ოთახს გვედავებიან, რომელშიც წლების წინ თვითონ მთავრობამ შეგვასახლა. ჩვენ არაფერს ვითხოვთ. მხოლოდ ის გვინდა, თავი დაგვანებონ და მშვიდად სიკვდილის უფლება მოგვცენ. ხელახლა დევნილობას ვეღარ გავუძლებთ. ან სად უნდა წავიდეთ, როცა წასასვლელი არსად გვაქვს. ორ კაპიკს გვაძლევენ, როცა თვითონ მშვენივრად იციან, რომ ამ თანხით ვერაფერსაც ვერ შევიძენთ. შეტევაზე გადმოდიან, თუ არ გამოხვალთ სასტუმროდან, ძალით გამოგიყვანთო. მე არც შვილი მყავს და არც შვილიშვილი. ვისთან მივიდეთ, ვის შევეკედლოთ მე და ჩემი ავადმყოფი მეუღლე. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ თუ მოინდომებენ, მართლა ძალით გაგვიყვანენ ამ შენობიდან. ჩვენი დამცველი კი არავინ იქნება. ტელევიზია გააშუქებს, რომ ასეთი სასტიკი ფაქტი მოხდა და ყველაფერი დამთავრდება.“ 

იზოლდა ერგემლიძე, მუსიკოსი, 56 წლის: „დირექტორის კაპრიზის გამო მუსიკალური სასწავლებლიდან 2004 წელს წამოვედი და იმის შემდეგ სიმართლის დამტკიცებას უშედეგოდ ვცდილობ. ვამტკიცებ, რომ ჩემი ყოფილი ხელმძღვანელი ბოროტმომქმედია, მაგრამ არავის ჯერა. ეს ქალი ფინანსურ მაქინაციებშიც ვამხილეთ და სხვა არაერთ დანაშაულშიც, მაგრამ უშედეგოდ. იგი დღემდე ინარჩუნებს თანამდებობას და განაგრძობს თავის უღირს საქციელს. იცით რატომაა იგი ასე თავგასული? იმიტომ, რომ თვით იმერეთის გუბერნატორისგანაა ხელდასმული და იცის, უბატონოდ ხმას ვერავინ გასცემს. გუშინ მე არ მოვეწონე და გამიშვა, ხვალ ჩემს ბედს სხვა გაიზიარებს და დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება უსასრულოდ. სიმართლის დამტკიცება კი, ყოველთვის რთული იქნება. ჩემი და ჩემნაირების სიმართლე დღეს არავის აინტერესებს.“

მამუკა გიორგაძე, სტუდენტი, 21 წლის: „ადამიანის უფლებები ირღვევა ყველგან და ყველა სფეროში. ეს მარტო ჩვენს ქალაქში კი არა, მთელ ქვეყანაში ასეა და სამწუხაროდ, ამის გამოსწორებას არავინ ფიქრობს. პედაგოგები ხელფასის სიმცირეს უჩივიან, ექიმებს საავადმყოფოების დახურვით ემუქრებიან, გარემოვაჭრეებს დახლებს უნგრევენ და სახლებში ყრიან... მეტი რა გითხრათ? ხვალ შეიძლება უფრო უარესიც მოხდეს, რადგან ხალხი ხმას არ იღებს. არ მახსოვს, ამ ქალაქში ადამიანებს რაიმე საკითხზე სერიოზული პროტესტი გამოეთქვათ. არ ვიცი, ამას რატომ აკეთებენ. შეიძლება, რაღაცის ეშინიათ. მე, სიმართლე გითხრათ, ეს შიში უფრო მაშინებს.“

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

ახალი ამბები