კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვის დარჩება ძმები - რუმინეთის მოქალაქე - ბებიას, თუ საქართველოს მოქალაქე - მამას? (დასასრული)

11 აპრილი, 2007

აფრიკის ნაგავსაყრელზე გაზრდილი ძმების ბედი სასამართლოს ხელშია

bebiastanb.gifაფრიკა

ანგელინა ბერიაშვილი, მიუსაფარ ბავშვთა სახლის „სათნოების“ დირექტორი: „მახსოვს ეგ ბავშვები, როგორ არ მახსოვს. ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ. მამამ მოიყვანა. საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ, ტანსაცმელიც სუფთა ეცვათ და თავადაც დაბანილები იყვნენ. მამამისს დედა და და ჰყავს და ისინი უვლიდნენ. დღე არ გავიდოდა, რომ ალიარს ბავშვები არ მოენახულებინა. ერთ შოკოლადს როგორც კი იშოვიდა, მაშინვე აქეთ გამორბოდა. ჩვენც ყველაფერში გვეხმარებოდა. რაც გასაკეთებელი იყო გვიკეთებდა - ხელოსანი კაცია. მასზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი - პატიოსანი, მშრომელი ადამიანია. მერე ვიღაც უცხოელი ქალი ჩამოვიდა, ბებია ვარო, ამბობდა. ხმები გავრცელდა, რომ სინამდვილეში ბებია კი არა, გარდაცვლილი ბებიის მეგობარი იყო, ჰოდა, სიკვდილის წინ იმ ბებიას დაუვალებია, ბავშვებს მიხედეო. ატყდა ერთი ამბავი. განათლების სამინისტროდან მოვიდნენ, მეჩხუბებოდნენ, მიკიოდნენ, ახლა იმათი გვარები და სახელები აღარ მახსოვს. მოკლედ, ერთი აყალ-მაყალის შემდეგ, ბავშვები წყნეთის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. არადა, აქ მშვენიერ პირობებში იყვნენ. არაფერი აკლდათ, არც მოვლა, არც პატრონობა, არც სასმელი და არც საჭმელი. თუმცა, ბავშვები მაინც წაიყვანეს. ვიცი, რომ მამა დღემდე ძალიან განიცდის. უნდა, რომ ისევ ჩვენთან გადმოიყვანოს. წყნეთში ალბათ უჭირს სიარული. კი ამბობს, რომ ბავშვები იქ კარგ პირობებში არიანო, მაგრამ ცდილობს ბავშვები თავისთან ახლოს ჰყავდეს. მე იმ კაცისგან ცუდი არაფერი მახსოვს.“  

სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს კლაუდია ბრიგიდინა. როგორც ის ყვება, ბავშვთა სახლში საშა და ტოშა, საკმაოდ ცუდ პირობებში იმყოფებოდნენ. ახველებდნენ, ბინძური ტანსაცმელი ეცვათ და ტილები ჰყავდათ. კლაუდიას თქმით, მომსახურე პერსონალმა მას ბოდიშიც კი მოუხადა იმის გამო, რომ ბავშვები ასეთ საშინელ პირობებში იყვნენ, მიზეზად კი უწყლობა მოიტანეს.

„სათნოება“ აფრიკის დასახლებაში, პოლიციის შენობის გვერდზეა. ერთსართულიან ყვითლად შეღებილ შენობას ასეთივე ფერის ღობე აკრავს. ეზოში საქანელები და ბავშვების კუთხეა მოწყობილი, ცივა, მაგრამ ბავშვი რისი ბავშვია, გარეთ ურჩევნიათ სირბილი და თამაში. იქვე სარეცხია გაფენილი. სანამ მივუახლოვდებით,  სარეცხის მეორე მხრიდან გვიჭყიტინებენ. აქ ნებისმიერ „ახალ“ ადამიანს ყურადღებით აკვირდებიან და გუნდურად ესალმებიან...

ბავშვთა სახლის დირექტორის კაბინეტში ფერადი ქსოვილის რულონია გაშლილი. მოგვიბოდიშეს, ბავშვებისთვის თეთრეულს ვკერავთ და ცოტა არეულები ვართო. ანგელინა ბერიაშვილი  არ გველოდა, შესაბამისად, არც დასახვედრად მომზადებულა. ამბობს, რომ მუსაევების ბებია მისი კაბინეტიდან არ გასულა და არ შეეძლო ობიექტური ყოფილიყო მისი ბავშვთა სახლის შეფასებისას. ამ სიტყვებით ის ექსკურსიას გვიწყობს და ერთმანეთის მიყოლებით აღებს კარადებს, სადაც წამლებს ინახავს, „სამსუნგის“ ფირმის ახალ მაცივარს, სადაც მაწონი, ყველი და დაშაქრული ლიმონია შენახული ბავშვებისთვის. სადილის დროა. დიდ სასადილოში წესით 56-მა ბავშვმა უნდა ისადილოს. მაგრამ ერთი ბიჭი ავადაა, სიცხე აქვს და საძინებელში, ორსართულიანი ლოგინის მეორე სართულზე საბანში გახვეული წევს. ის დღეს იქ ისადილებს. დანარჩენები კი ჯერ „ბორშჩს,“ შემდეგ ხაჭაპურს და ბოლოს ფორთოხალს მიირთმევენ. პატარები და მოზრდილები თავს სააქტო დარბაზში იყრიან ხოლმე, სადაც ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი და თოჯინების თეატრი აქვთ. კედლებზე კი გოგონების ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი. ტუალეტები საკმაოდ სუფთად გამოიყურება, „მეტლახი“ ახალი დაგებულია. სახლის დირექტორი ამბობს, რომ ნელ-ნელა ტუალეტის კედლებსაც მიხედავს... ქალბატონი ვენერას (აღმზრდელი) თქმით, საშას და ტოშას იქაურობა ძალიან უყვარდათ და მამასაც დიდი ჟივილ-ხივილით ხვდებოდნენ და ერთადერთი მოტივი, რის გამოც ბებიამ შვილიშვილები წყნეთში გადაიყვანა, ის იყო, რომ მამას შვილების ნახვა გაძნელებოდა...

ასე იყო თუ ისე, კლაუდიამ „სათნოების“ დირექტორის ანგელინა ბერიაშვილის სახელზე წერილი დაწერა და ბავშვები ერთი თვით თავისთან, ნაქირავებ სახლში წამოიყვანა. ბავშვებს სამედიცინო გამოკვლევა თბილისის 15-ე პოლიკლინიკაში ჩაუტარა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ბავშვებს სხვადასხვა სახის სერიოზული დაავადება აღმოაჩნდა და ოპერაციას საჭიროებდნენ.

„მთელი თვის განმავლობაში ექიმიდან ექიმთან დავდიოდით. პროფესიით მიკრობიოლოგი ვარ. ფიზიკური ავადმყოფობების გარდა, მივხვდი, რომ ანტოშას, ფსიქიური (კერძოდ კი სექსუალური) გადახრაც აღენიშნებოდა: როგორც მოგვიანებით საშასგან შევიტყვე, თურმე, ე.წ. „ძიძა“ პატარაზე სექსუალურად ძალადობდა,“ - აღშფოთებას ვერ მალავს კლაუდია.

„რამდენჯერმე ვთხოვე ალიარს, ჩემი ძმა დაგეხმარება საზღვარგარეთ სამუშაოს მოძებნაში, წამოდი, ფული დააგროვე და სახლი იყიდე, რომ მომავალში ბავშვებმა ნორმალურ პირობებში შეძლონ ცხოვრება-მეთქი, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდა,“ - იხსენებს საშას და ანტოშას ბებია.

გამოკვლევების ჩატარების შემდეგ კლაუდიამ ბავშვები განათლების სამინისტროში წაიყვანა: „სალომემ რომ დამინახა, გაოცებულმა წამოიძახა, სად იპოვეთ ბავშვებიო და მაშინვე მკითხა, რითი დაგეხმაროთო. მივხვდი, უხერხულად იგრძნო თავი, მაგრამ მე იქ მორალის წასაკითხად არ მივსულვარ, დახმარება რომ სდომებოდათ თავიდანვე დამეხმარებოდნენ. გავარკვიეთ, რომ საუკეთესო ბავშვთა სახლი წყნეთშია. დირექტორს, მანანა წილოსანს დავუკავშირდით და განათლების სამინისტროს განცხადების საფუძველზე, 2006 წლის 31 ივლისს ბავშვები წყნეთის ბავშვთა სახლში მივაბარე. მივხვდი, რომ ბავშვები ვერც დედასთან იქნებოდნენ დაცულნი და ვერც მამასთან. ჩემთვის მთავარია ბავშვები იყვნენ მშვიდად და ვერც მამამ და ვერც დედამ იქიდან მათი წამოყვანა ვერ მოახერხონ.“

მამა

ალიარ მუსაევი პირველად მამასთან, მეორედ კი თავის მეგობარ, 131-ე სკოლის დირექტორ ანზორ მანთაშოვთან ერთად მოვიდა ინტერვიუზე. პირველ შეხვედრაზე საშასთვის და ტოშასთვის სათამაშოები მოიყოლა - ხის საბზრიალოები, წყნეთში ასვლას ვაპირებო, გვითხრა: „ვცდილობ, არც ერთი გავანაწყენო და არც მეორე. თუკი რაიმეს ვყიდულობ, აუცილებლად ორივესთვის ვყიდულობ.“ ალიარი ამბობს, რომ მისთვის ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში ბავშვების სანახავად სიარული რთულია და მათი კვლავ აფრიკაში, ბავშვთა სახლ „სათნოებაში“ გადაყვანას ითხოვს. თავის ყოფილ ცოლზე, იულიაზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის კარგი დედა და ცოლი ვერ გამოდგა და ამიტომაც დაშორდნენ. ბავშვებზე საუბრისას შუბლი ეხსნება. ამბობს, რომ სანამ მათი ბებია საქართველოში ჩამოვიდოდა, ბიჭები მამას ძალიან კარგად ხვდებოდნენ, მერე კი მოულოდნელად ბავშვებმა აზრი შეიცვალეს და წყნეთის ბავშვთა სახლში ასულ მამას ახლოს არ იკარებენ:
 
„აფრიკის დასახლებაში ჩემმა დამ ნაკვეთი მომცა და იქ ვაპირებ სახლის აშენებას. სოფელშიც მაქვს სახლი, ბოლნისის რაიონში, მაგრამ იქ ბავშვები მარტო აზერბაიჯანულ ენაზე ისწავლიან, მე კი მინდა ან რუსულად ისწავლონ ან ქართულად. ამიტომაც დროებით „სათნოებაში“ მივაბარე. მინდა ნორმალური განათლება მიიღონ.“
 
ალიარი მღებავია. სამუშაო ხან აქვს და ხან არა. თუმცა, მისი მეგობრის ანზორის თქმით, ალიარი ცდილობს უსაქმოდ არ დარჩეს. ამჟამად კერძო საქმე აქვს აღებული და იქ ღებავსო, გვეუბნება ანზორი. თავად ალიარი, ყველა ინფორმაციას, რაზეც კლაუდია საუბრობს - ბავშვების თვალწინ ორგიების მოწყობის ფაქტს, მათ იძულებას, ემათხოვრათ და ცემის ფაქტებსაც, კატეგორიულად უარყოფს...

ამავეს ამბობს ვალენტინა დვარიანსკაია, ბავშვების ძიძა: „რაც შეეხება იმას, თითქოს მე და ალიარს სექსუალური ურთიერთობა  გვქონდა, ეს სიცრუეა. 66 წლის ქალი ვარ, დედად ვერგები, მაგას როგორ ვიკადრებდი. ვინ მოიგონა ეს სისულელე?.. ბავშვებს 2001 წლიდან, 5 წლის განმავლობაში, ვუვლიდი. დედამ რომ მიატოვა საშა 2 წლის იყო, ანტოშა 7 თვის - ჯერ კიდევ ძუძუს წოვდა. იულიამ თავად მიმიყვანა ბავშვებთან. თვითონ კი იმ თავის თურქთან წავიდა. ალიარი ისეთ სიტუაციაში იყო, რომ თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა, ბავშვები იმასაც მიეტოვებინა, მაგრამ შევპირდი, რაკი ბავშვებს ხელი მოვკიდე, აუცილებლად დავაყენებ-მეთქი ფეხზე. ყველანაირად ვცდილობდი ბავშვებს საკვები არ მოჰკლებოდათ. თითქმის ყოველდღე ქალი მოდიოდა, რძე მოჰქონდა. ალიარსაც მოჰქონდა საჭმელი. ბავშვები ძირითადად ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მე მათთან ვიყავი ერთხელაც არ დაუტოვებიათ საცხოვრებელი ადგილი. პროფესიით ექთანი ვარ და ვიცი ბავშვებს როგორ მივხედო. მაგ ბავშვების წინაშე ჩემი ნამუსი სუფთაა, რა პირით უნდა თქვან ჩემზე ცუდი, არ მესმის. საკუთარი შვილები არ მყავს, ამიტომ სხვისი შვილები სამადლოდ გავზარდე. ამაში ჩემთვის ფული არავის გადაუხდია“.

მანანა წილოსანი, წყნეთის ბავშვთა სახლის დირექტორი: „ალიარი შვილებს ხშირად აკითხავს. ვიცით, რომ ბევრი არაფრის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ რასაც შოულობს ის მოაქვს - ხან ორი ვაშლი, ხან ორი ბანანი. თავიდან ბავშვები ნორმალურად ხვდებოდნენ, მაგრამ ახლა მამა რომ მოდის ახლოს აღარ ეკარებიან. მართალია ეს კაცი ჩვენც გვიტევს, ბავშვების „სათნოებაში“ წაყვანა უნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცუდს ამ ადამიანზე მაინც ვერ ვიტყვი. ეტყობა, რომ ბავშვები უყვარს. არ ვიცი მას გუნებაში რა უდევს, ეს ბავშვები რისთვის სჭირდება, მაგრამ ფაქტი ერთია, ბავშვების მიმართ სიყვარულს ნამდვილად გამოხატავს. დედა მარტო ერთხელ იყო მოსული. იმის მერე არც კი გამოჩენილა, მამა კი ხშირად ამოდის. ახლა განათლების სამინისტროდან სოციალური მუშაკების ოფიციალური დასკვნა წამოვიღე, მინდა ალიარ მუსაევს დოკუმენტის სახით წარვუდგინო, რომ ბავშვების გაყვანის უფლება არ აქვს.“

მარიანა ასათიანი, ბავშვების ნათლია: „ალიარს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ როგორც ვატყობ ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას არ უნდა ტოვებდეს. თითქოს ამ ქვეყნად არაფერი აინტერესებს. ყველაფრის მიმართ ინდიფერენტულია. შეიძლება გარეწარი და მკვლელი არ არის, მაგრამ მასში რაღაც ავადმყოფური მაინც არის. ბავშვებისათვის ეს კაცი ერთადერთი მოსაჭიდი იყო. თავისი დადებითი და ურყოფითი თვისებებით. ის, რომ ძმები ახლა ცოცხლები არიან, ალბათ მისი დამსახურებაა. მაგრამ როგორი დამსახურება, ეს უკვე სხვა საკითხია. რაც შეეხება დედას, მას  განსაკუთრებული ფანტაზიის უნარი აქვს, შეუძლია ათასი სისულელის მოგონება. იმისათვის, რომ ბავშვების დაბრუნება გაადვილებოდათ, ერთი პერიოდი ალიარმა და იულიამ ხმებიც კი დაყარეს - შევრიგდითო. მოკლედ რომ ვთქვა, ორივე ტრაგიკული პიროვნებაა. დღეისათვის ისინი დეგრადირებულ ადამიანებს წარმოადგენენ. ერთი სიტყვით, ვერც დედა და ვერც მამა ბავშვებს მხსნელებად ვერ მოევლინებიან. გამოსავალი ერთია, ან კლაუდია უნდა ჩამოვიდეს საქართველოში საცხოვრებლად ან ბავშვები უნდა  წაიყვანოს რუმინეთში. ბებიის გაცნობის შემდეგ ბავშვები ძირფესვიანად შეიცვალნენ. ნახეს, რომ სხვა ცხოვრებაც არსებობს, რომ ნაგავსაყრელის გარდა სხვაგანაც შეიძლება ცხოვრება. იქ, სადაც ბავშვები იზრდებოდნენ წარმოუდგენლად საშინელი პირობები იყო. ბეტონის ოთხი უფანჯრებო კედელი, ბეტონისვე იატაკი, გაუგებარი კონსტრუქციით გადაფარებული ჭერი და ენით აუწერელი სიბინძურე. იქვე, ორ ნაბიჯში კი ჭაობი. გარდა იმისა, რომ ბარაკში მოწყობილ ორგიებზე ბავშვებიც ყვებიან, არიან მოწმეებიც. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ალიართან ნორმალური ლაპარაკი არ შეიძლება. კლაუდია საზღვარგარეთ სამუშაოს დაწყებას სთავაზობდა, ბავშვებისათვის რუმინეთში გადასარევი სკოლებიც მოძებნა, მაგრამ ამ ადამიანს არაფრის გაგონება არ სურს.“  

ალიარის ძმის ცოლი სევდა აფრიკის დასახლებაში, ქმართან, ორ შვილთან და  დედამთილ-მამამთილთან ერთად სამოთახიან ბინაში ცხოვრობს. ბინა ღარიბულია. ალიარიც იქ ათევს ღამეს და დედ-მამის ოთახში სძინავს. მის საწოლთან რუსულენოვანი გაზეთი „ეხო დაიჯესტი“ დევს. სევდა ამბობს, სახლში დაბრუნების შემდეგ კითხულობს ხოლმეო.
 
„ისე, საკმაოდ სიტყვაძუნწია, ცოტას ლაპარაკობს. თავის ძმასაც ერთ-ორ სიტყვას თუ ეტყვის. დალევით ნამდვილად არ სვამს, ვიცი, რომ შვილებიც ძალიან უყვარს“, - ამბობს სევდა.

ალიარმა მშენებლობაზე მუშაობა სულ რამდენიმე ხნის  წინ დაიწყო. სევდამ ზუსტად არ იცის რამდენი აქვს ხელფასი, ვარაუდობს, რომ დაახლოებით 300 ლარი გამოუვა. მას ჯერ არც საკუთარი სახლი აქვს და არც სტაბილურო სამსახური. არსებობს ერთი მიწის ნაკვეთი აფრიკაში, სადაც ოჯახი სახლის აშენებას აპირებს, ეს მიწა ალიარის დას ეკუთვნის, თუმცა ჯერჯერობით სახლის ასაშენებლად მათ სახსრები არ გააჩნიათ.

სევდა იულიას უარყოფითად ახასიათებს და მსუბუქი ყოფაქცევის ქალად მოიხსენიებს. ამბობს, რომ ის სახლიდან თვითონ წავიდა. არც ალიარის მშობლებს მოსწონდათ იულია და შვილს გამუდმებით ეუბნებოდნენ, რომ ცოლს დაშორებოდა. სევდა იმასაც ამბობს, რომ აღნიშნულ ბინაში კიდევ ორი ბავშვის მოყვანა შეუძლებელია, რადგან გარდა იმისა, რომ ფართი არ ჰყოფნით, ბიძაშვილები ერთმანეთთან ვერ კონტაქტობენ: „ბიჭები არიან, შემთხვევით რომ წაკინკლავდნენ, ალიარს ნერვები მოეშლება და ჩემებს სცემს. ძალიან ნერვიული ადამიანია“, - ამბობს სევდა.

დავით მანაგაძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი განმარტავს, რომ ბავშვების ბებიას თეორიულად შეუძლია მიმართოს სასამართლოს მშობლების უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით. გააჩნია, როგორი იქნება განათლების სამინისტროს სოც. მუშაკების მიერ მომზადებული დასკვნა.

ეს დასკვნა კი უკვე არსებობს და მასში ვკიხულობთ: „ალიარი თავის ოჯახში შექმნილ მდგომარეობას ადეკვატურად აფასებს, მისი განცხადებით, ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისათვის მას არ შეუძლია ამჟამად  საჭირო პირობები შექმნას, ამიტომ თანახმაა, მდგომარეობის გამოსწორებამდე, ისინი ბავშვთა სახლში დარჩნენ. ალიარის მოკრძალებული სურვილია ბავშვები გადაიყვანონ მის საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე ინსტიტუციურ დაწესებულებაში. იგი გამოთქვამს ბავშვებთან ურთიერთობისა და მათზე ზრუნვის სურვილს, რაც მისასალმებელია. ჩვენი აზრით, მამასა და შვილებს შორის კავშირის შენარჩუნება ორმხრივ სასარგებლო იქნება, ამიტომ, მამას უნდა მიეცეს ბავშვების ნახვისა და მათთან ახლო ურთიერთობის საშუალება, ხოლო ბავშვზე ზრუნვის ცენტრალური ორგანოს მთავარი სპეციალისტის აზრით, ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, მათთვის უმჯობესია დროებით დარჩნენ იქ, სადაც ამჟამად იმყოფებიან.“

ნინო თარხნიშვილი, ეკა ქევანიშვილი

ახალი ამბები