კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტის პროტესტის საპასუხოდ

11 აპრილი, 2007

Gela.gif

რადიო „ჰერეთის“ დირექტორი რამაზ სამხარაძე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვებ პორტალზე გამოქვეყნებულ წერილს აპროტესტებს. მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც მისი შეურაცხყოფის ფაქტის გამოძიებას ეხებოდა, არაზუსტად და არასრულყოფილად გავრცელდა, რასაც არ ვეთანხმებით.

რამაზ სამხარაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო, სასამართლომ ყოფილ დეპუტატს რომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის, ხოლო მის მეგობარს გიორგი ყორღანაშვილს 5 ათასი ლარის გირაოს გადახდა შეუფარდა, ამის შესახებ თავად სამხარაძისგან შევიტყვე. მან დამირეკა და მთხოვა, მისი, როგორც კოლეგის მხარდაჭერის მიზნით, მომხდართან დაკავშირებით პუბლიკაცია მომემზადებინა.

28 მარტს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვებ პორტალზე, ჩემს მიერ მართლაც გამოქვეყნდა წერილი, სათაურით „ექსდეპუტატი ჟურნალისტებს არაობიექტურობაში ადანაშაულებს“, რასაც სამხარაძის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა: „რომ არ გიცნობდე, შესაძლოა მეფიქრა, რომ ამ წერილის მომზადება კაპანაძემ დაგიკვეთაო,“ - განაცხადა მან ჩემთან სატელეფონო საუბარში. მისი თქმით, კაპანაძის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ იგი დამოუკიდებელ მედიას კი არ ებრძვის, არამედ მხარს უჭერს და ამის დასტურად მოჰყავს, მისი დეპუტატობის პერიოდში, რადიო „ჰერეთში“ ფინანსური დარღვევების შესასწავლად შესული საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების გამოყვანა, ტყუილი და დეზინფორმაციაა.

რამაზ სამხარაძეს შევთავაზე, რომ თუ რამ ჰქონდა სათქმელი, შემეძლო მისდამი კაპანაძის ამ და სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც შეგნებულად არ გამოვაქვეყნე, კიდევ ერთი პუბლიკაცია მომემზადებინა, რაზედაც ეს უკანასკნელი არ დამეთანხმა და აღნიშნა, რომ საპრეტენზიო წერილით „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელობას მიმართავდა. მან მართლაც მისწერა წერილი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს უჩა ნანუაშვილს, ოღონდ არა მარტო მას, არამედ „Media.ge“-ს რედაქტორსაც, ინფორმაციის გავრცელებისათვის. წერილში ნათქვამია, რომ „რამაზ სამხარაძეს არანაირი კომენტარი „ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის” ბოლო პერიოდში არ გაუკეთებია, მით უფრო მსგავსი სახის კომენტარი.“

მას შემდეგ, რაც მისი პროტესტი ოფიციალურად გავრცელდა, სამხარაძეს კიდევ ერთხელ ვთხოვე კომენტარი იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპროტესტებდა. პირველად მან მოუცლელობა მოიმიზეზა, მეორედ კი მედია საბჭოში ჩივილით დამემუქრა: „ჟურნალისტიკას ნუ მასწავლი რა, ძალიან გთხოვ. მე მედია საბჭოსაც მივწერ აღნიშნულის შესახებ. რაც არ უნდა ის გაიხსენოს კაპანაძემ. შენ თუ კაპანაძეზე მუშაობ, მაშინ ამას ხმამაღლა განვაცხადებ და ამ ინფორმაციას გავავრცელებ კიდეც,“ - მითხრა სამხარაძემ და ტელეფონი გათიშა.

უნდა აღინიშნოს, რომ წერილის მომზადებისას „ექსდეპუტატი ჟურნალისტებს არაობიექტურობაში ადანაშაულებს“ გამოყენებულია, სამხარაძის მიერ სწორედ ჩემთან საუბარში, წერილის გამოქვეყნებამდე მცირე ხნით ადრე გაკეთებული კომენტარები, რადიო „ჰერეთის“, სახალხო დამცველის პრესსამსახურისა და საინფორმაციო სააგენტო „ინტეპრესნიუსის“ ინფორმაციები. ვფიქრობ, მისი აღშფოთება იმას უკავშირდება, რომ სხვებისგან განსხვავებით წერილში ორივე მხარის პოზიციაა დაფიქსირებული. საგულისხმოა, რომ სამხარაძეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული, დაბალანსებული სიუჟეტის შემდეგაც იგივე რეაქცია ჰქონდა.

კარგად გვესმის, რომ ადამიანის, რომლის მიმართაც არ არსებობს, სასამართლოს მიერ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, დამნაშავედ მოხსენიება არ შეიძლება და სამართლებრივად, ექსდეპუტატიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რითაც თითოეული ჩვენგანი, თუნდაც კაპანაძეს ჟურნალისტისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მართლაც მიეყენებინა.

და ბოლოს, სამხარაძესთან კონფლიქტში შესვლას ნამდვილად არ ვაპირებ, მით უფრო რომ მან ეს ერთხელ უკვე სცადა და ხელისუფლება გაახარა.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები