კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თსუ ზუგდიდის ფილიალს ლიკვიდაცია ემუქრება

16 აპრილი, 2007

skolab.gif

„ზუგდიდი საუნივერსიტეტო ქალაქად უნდა იქცეს,” - მიხეილ სააკაშვილის ეს გამოთქმა ზუგდიდში არსებული სასწავლებლების შემოსასვლელებშია გაკრული. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ზუგდიდში არსებული ათამდე უმაღლესი სასწავლებლიდან აკრედიტაცია მხოლოდ ერთმა - ზუგდიდის დამოუკიდებელმა უნივერსიტეტმა (ზდუ) გაიარა. მატერიალური ბაზის უქონლობის გამო, აკრედიტაცია ვერ გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალმა, თუმცა 2006-2007 სასწავლო წელს, მას სტუდენტების განსაზღვრული რაოდენობის მიღების უფლება მიენიჭა და შესაბამისად სექტემბერში სასწავლებელს პირველკურსელები შეემატნენ. მომდევნო სასწავლო წელს სტუდენტებს მხოლოდ ზდუ მიიღებს.

ცნობამ ფილიალის დახურვის შესახებ ერთნაირად შეაწუხა სტუდენტებიც და პროფესორ-მასწავლებლებიც. თსუ ზუგდიდის ფილიალში ამჟამად 1400 მდე სტუდენტი სწავლობს, მათგან 900-მდე პირველი მეორე და მესამეკურსელია. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ამ 900 სტუდენტს, სამინისტრო სხვადასხვა სასწავლებლებში გადაანაწილებს. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელ სასწავლებლებში გააგრძელებენ სწავლას სტუდენტები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის თეონა ხუფენიას თქმით, ფილიალი ლიკვიდირებული არ არის და სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ მნიმდინარეობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ სასწავლებლის დახურვის საფრთხე რეალურია. უმაღლესი განათლების შესახებ მიღებული კანონის 82-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საჯარო სამარათლის იურიდიული პირები - უმაღლესი საგანმანათებლო დაწესებულებები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენენ წინადადებას, მათი ფილიალების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბების მიზანშეწონილობის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სასწავლო წლიდან ქალაქში ფილიალები აღარ იარსებებენ.

თეონა ხუფენიას თქმით, სწავლას ფილიალში დაამთავრებენ და ფილიალის დიპლომს მიიღებენ მხოლოდ მეოთხე კურსელები, დანარჩენები კი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადანაწილდებიან: „თავის დორზე ფილიალის გახსნა გამოწვეული იყო იმ მძიმე სოციალური ფონითა და ეკონომიური სიდუხჭირით, რაც რეგიონში არსებობდა. მოსახლეობის მეტი პროცენტი ბავშვს სასწავლებლად სხვა ქალაქში ვერ უშვებს. ჩვენი სტუდენტების 90% ოჯახიდან მოუწყვეტლივ იღებს განათლებას. სტუდენტები დადიან ხობის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის სოფლებიდან, არიან ისეთებიც, ვინც გალიდან ყოველდღიურად გადმოდიან და უკან ბრუნდებიან.  არ უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენი თუ რა სოციალური მდგომარეობის სტუდენტები სწავლობენ ჩვენს ფილიალში. ფილიალის სტუდენტები იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებმაც სასწავლებლად ფილიალი მისი ადგილმდებარეობის მიხედვითაც შეარჩია და სხვა ქალაქში წასვლა არ შეუძლია,“ - ამბობს თეონა ხუფენია, ის ტუდენტების პრობლემებთან ერთად სასწავლებლის ორასამდე თანამშრომელზეც საუბრობს, რომელთაც სასწავლებლის დახურვის შემთხვევაში, უმუშევრობა ემუქრებათ.

ლანა ტაბაღუა ფილიალის მესამე კურსის სტუდენტია, ის გალიდანაა და ზუგდიდში უფროს, მეოთხე კურსელ დასთან ერთად ბინას ქირაობს, ამბოს, რომ მის დას გაუმართლა, რადგანაც ის სწავლას წელს ამთავრებს. „ჩვენ ფილიალში იმიტომ ჩავაბარეთ, რომ სხვა ქალაქში საცხოვრებლად ვერ გადავიდოდით, ხშირად საკუთარ სახლში მივდივართ ან მშობლები ჩამოდიან და პქოდუქტი ჩამოაქვთ. თუ სხვა ქალაქში მომიწია წასვლამ, ალბათ სწავლას ვერ გავაგრძელებ,” - ამბობს ლანა ტაბაღუა.

სწავლის გაგრძელებას სხვა ქალაქში ლანას მსგავსად ბევრი სტუდენტი ვერ მოახერხებს. ირინა გვაჯაია ერთერთი იმათთაგანია, რომელიც უნივერსიტეტში ყოველ დღე სოფლიდან მოდის: „მე სოფელ ორულუში ვცხოვრობ, ყოველ დღე ავტობუსით დავდივარ, მარტო გზაში ყოველდღიურად 3 ლარი მეხარჯება. ჩემი ოჯახისთვის ესეც დიდი თანხაა, ფილიალში იმიტომ ჩავაბარე, რომ სასწავლებლად სხვა ქალაქში წასვლას ვერ ვახერხებდი. თუ სასწავლებელი დაიხურება, მე პირადად სწავლას ვერ გავაგრძელებ, ჩემი ბევრი კურსელიც ასე ამბობს,” -  ამბობს ირინა გვაჯაია.

თსუ ზუგდიდის ფილიალმა აკრედიტაცია მატერიალური ბაზის უქონლობის გამო ვერ გაიარა, პარლამენტარ ნაზი არონიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიურობის შემთხვევაში, შეიძლებოდა ფილიალი სამცხე-ჯავახეთის მსგავსად ზუგდიდსაც შეენარჩუნებინა: „სამწუხაროდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ განათლების სამინისტროსთან ერთად ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა ვერ მოახერხა. ძალიან ვწუხვარ, რომ ზუგდიდი აღარ იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომ ზუგდიდში აღარ იქნება თსუ-ს ფილიალი, მაშინ, როდესაც შეიძლებოდა ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის შემთხვევაში მატერიალური ბაზის პრობლემა მოგვარებულიყო ისე, როგორც ეს სამცხე-ჯავახეთში მოხერხდა. ერთერთი მოთხოვნა იყო, სასწავლო შენობასთან ერთად ყოფილიყო საერთო საცხოვრებელი, რაც ჯავახეთის ფილიალმა ერთ კვირაში შესძლო. ყოფილმა გუბერნატორმა გიგი უგულავამ მოახერხა სამინისტრო პირობით აკრედიტაციაზე დაეთანხმებინა იმ პირობით, რომ შენობის პრობლემა აუცილებლად მოგვარდებოდა, ამის შემდეგ ამ საკითხის გადასაწყვეტად არაფერი გაკეთებულა. შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ ვისაც შეეძლო მან არაფერი გააკეთა,” - ამბობს პარლამენტარი ნაზი არონია.

ის ასევე გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა უნივერსიტეტს გარეთ დარჩენილმა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელება ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში არ ისურვონ: „ის, რომ დამოუკიდებელმა უნივერსიტეტმა აკრდიტაცია გაიარა, არ ნიშნავს იმას, რომ ის იქნება გამართული უმაღლესი სასწავლებელი, სადაც პრეტენზიული აბიტურიენტი ან თუნდაც სტუდენტი განაცხადს გააკეთებს. მით უფრო, რომ ზდუ-მ ჯერ პროგრამული აკრედიტაციაც უნდა გაიაროს და სავსებით შესაძლებელია, მან ეს ეტაპი ვერ გადალახოს,” -  დასძენს არონია.

პარლამენტარის ბრალდებას უარყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი. ზუგდიდის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირა ჯიქიას თქმით, სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ ფილიალი ზუგდიდში დღემდე არსებობს: „რადგან ფილიალმა აკრედიტაცია ვერ გაიარა, არ ღირს ზუგდიდს ჰქონდეს ორი უნივერსიტეტი. სახელმწიფოს მიდგომაა, რომ აღარ იყოს ფილიალები. ქალაქში არსებობს აკრედიტირებული უნივერსიტეტი, ასევე გვექნება პროფესიული სასწავლებელი. ასე რომ ზუგდიდი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი,” - ამბობს ჯიქია.

თსუ ზუგდიდის ფილიალის დახურვის შემთხვევაში, ქალაქში ერთადერთი აკრედიტირებული სასწავლებელი დარჩება, თუმცა, სასწავლებელს გარეშე დარჩენილი 900 სტუდენტის მიღებას ვერც ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი შეძლებს.

ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის პრორექტორი ჯემალ პაჭკორია ამბობს, რომ სტუდენტების მიღება მხოლოდ უნივერსიტეტზე არ არის დამოკიდებული: „სასწავლებელში სტუდენტების კვოტას სამინისტრო წყვეტს, ჩვენ ამჟამად 402 კვოტა გვაქვს და 380 სტუდენტი გვყავს. სწორედ ამ კვოტის ფარგლებში შეგვიძლია სტუდენტების მიღება, რაც შეეხება სტუდენტების მასიურ მიღებას, ჩვენ მსგავს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მივიღებთ,” - განმარტავს პაჭკორია.

სანამ საბოლოოდ გადაწყდება თუ რა ბედი ეწევა სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალს, სტუდენტები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ და აპირებენ, განათლების სამინისტროს თხოვნით მიმართონ, მიეცეთ უფლება სწავლა ფილიალში დაამთავრონ.

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები